ლევან დავითაშვილი: გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რეკორდული ექსპორტი და გაზრდილი ტვირთბრუნვა
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგისას ძირითადად ზუსტი რიცხვები დაასახელა, რამდენიმე მცირე ცდომილებას გამოსვლის შინაარსზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა მინისტრი ორიენტირებული უფრო რიცხვებზე იყო და მიზეზებსა და სრულ კონტექსტზე ნაკლებად საუბრობდა, რაც ზოგჯერ სრული სურათის აღსაქმელად არასაკმარის ინფორმაციას იძლეოდა და რეალობას გარკვეული გადაჭარბებით წარმოაჩენდა.
„ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
ანალიზი:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 6 თებერვალს ბრიფინგზე 2022 წელი შეაჯამა და განაცხადა: „ქვეყანაში დაფიქსირდა, გაგრძელდა ეკონომიკური ზრდა და ორი მიმდევრობით წლის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 10.1%, რომელიც საკმაოდ დივერსიფიცირებული უნდა იყოს. ალბათ ბევრია საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა მაღალია, მაგრამ საკმაოდ ცოტა კეთდება ანალიზი, თუ როგორი სტრუქტურა აქვს ჩვენს ეკონომიკურ ზრდას. საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთი კონკრეტული ფაქტორით არ იყო განპირობებული, ეს იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული, მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა, როგორც ტრანსპორტის, დასაწყობების, მშენებლობის, მრეწველობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და სხვადასხვა სერვისმა, მათ შორის ტურიზმის სექტორში დამატებითმა ეკონომიკურმა აქტივობამ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსპორტის მიმართულებით გვქონდა კარგი წელი და აქაც ექსპორტის მიმართულებით, საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო, ჩვენი საექსპორტო გეოგრაფია. ზოგადად ქვეყანაში ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 5.6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ასევე 3 კვარტლის მონაცემებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო მინიმალური 2.7%“... „ასევე საკმაოდ დიდი იყო ტვირთბრუნვა, გადაზიდვები, რომელმაც 27 მილიონ ტონას გადააჭარბა, ტვირთი რომელმაც გაიარა საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით. რეკორდული იყო გამომუშავება, მათ შორის ელექტროენერგიის, 14 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი და ესეც ისტორიაში ყველაზე მაქსიმალური გენერაცია, რაც საქართველოს ელექტროენერგეტიკულმა სისტემამ შექმნა.“... „ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის არის ინფლაცია, პიკური იყო მაისში გასული წლის, მაგრამ, უკვე მიმდინარე წლის იანვრის თვეში ინფლაციამ დაიწყო შემცირება და 9.4%-მდე შემცირდა, რაც ძალიან მაღალია ჯერ კიდევ, თუმცა, საკმაოდ ახლოს არის ევროზონის ინფლაციასთან რაც ყოველთვის ბენჩმარკია და შესადარისია, იმიტომ რომ ევროზონა არის როგორც წესი ყოველთვის სტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა“.
ეკონომიკის მინისტრი 6 ინდიკატორს შეეხო: ეკონომიკურ ზრდას, ექსპორტს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ელექტროენერგიის გენერაციას, უმუშევრობას და ინფლაციას. „ფაქტ-მეტრმა“ ექვსივე გადაამოწმა. ლევან დავითაშვილმა იმავე გამოსვლაში ასევე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე ისაუბრა, რაზეც „ფაქტ-მეტრმა“ უკვე მოამზადა სტატია. მინისტრი უმუშევრობასაც შეეხო. ბრიფინგისას მხოლოდ 3 კვარტლის მონაცემი იყო ცნობილი. ამიტომ ამ სტატიაში უმუშევრობას არ შევეხებით. წლიურ უმუშევრობაზე ცალკე სტატია 6 მარტს გამოქვეყნდება.
საქსტატის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 10.1%-ით გაიზარდა. უწყებას წლიური შეფასება ცალკე არ გამოუქვეყნებია, თვეების მიხედვით დადებული ანგარიშებიდან კი ირკვევა, რომ გაზრდილია როგორც ახალდარეგისტრირებული საწარმოებისა და დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, ასევე საგარეო ვაჭრობა, მაგრამ რადგან იმპორტი ექსპორტზე მეტად გაიზარდა (რამაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსის 2 მლრდ-ით - 5.857 მლრდ-დან 7.857 მლრდ-მდე ზრდა განაპირობა), ის ეკონომიკური ზრდის ტემპის დამაჩქარებელი ვერ გახდებოდა.
იანვარში მშპ-ს ზრდაზე გავლენა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ელექტროენერგიის, ვაჭრობის, გართობისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების ზრდამ იქონია. აგვისტოში ტრანსპორტის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სასტუმროებისა და რესტორნების, ვაჭრობის ზრდამ, ხოლო დეკემბერში მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორის ზრდამ.
გრაფიკი 1: საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ფინანსთა მინისტრის მსგავსად, მიზეზებზე ბოლომდე არც ეკონომიკის მინისტრს უსაუბრია. კერძოდ, მას არ უხსენებია, რომ 2021-ში ზრდის ტემპი საბაზისო პერიოდმა განაპირობა, რადგან 2020 წელს ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა და არც იმაზე, თუ რა წილი მიუძღოდა 2022-ის ეკონომიკურ ზრდაში „რეკორდულ ფულად გზავნილებს“. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრს დამატებითი განმარტებების არ გაუკეთებია, რადგან საქართველოში ორჯერ ზედიზედ მართლაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მინისტრის განცხადების ეს ნაწილი შეიძლება შეფასდეს, როგორც მეტწილად სიმართლე.
31.8%-იანი ზრდის შემდეგ ექსპორტს 5.6 მლრდ-სთვის არ გადაუჭარბებია, მაგრამ ამ ზღვარს ნამდვილად მიუახლოვდა, უფრო კონკრეტულად 5.593 მლრდ-ს მიაღწია. ეს უმნიშვნელო უზუსტობაა და არსს არ ცვლის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკრაინის გარდა, ექსპორტი ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გაიზარდა, კერძოდ: ჩინეთში - 19.7%-ით, აზერბაიჯანში - 26.5%-ით, რუსეთში - 6.8%-ით, სომხეთში - 128%-ით, თურქეთში - 34.9%-ით, ბულგარეთში - 66.8%-ით, აშშ-ში - 36.2%-ით, ყაზახეთში - 147%-ით, პერუში - 1023%-ით (მინერალური და აზოტოვანი სასუქების ხარჯზე) და დანარჩენ ქვეყნებთან - 15.2%-ით. შედარებით უფრო დაბალი, 18.4%-იანი ტემპით - 3.704 მლრდ აშშ დოლარამდე, გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტის მოცულობაც. 2022 წელს ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს ზრდა ერთ რომელიმე ქვეყნის ხარჯზე არ მომხდარა, სწორედ ამიტომ ეკონომიკის მინისტრის განცხადების ეს ნაწილი შეიძლება შეფასდეს როგორც სიმართლე.
გრაფიკი 2: ექსპორტი (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2022 წლის პირველ კვარტალში 598 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მშპ-სთან ფარდობაში - 13%-ს უდრიდა, მეორე კვარტალში - 252 მლნ დოლარამდე, წილობრივად კი - მშპ-ს -4.2%-მდე. მესამე კვარტალში უკვე 400 მლნ დოლარიანი პროფიციტი დაფიქსირდა, რაც თავის მხრივ მშპ-ს 5.9%-ს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ პროფიციტი 2018 წლის მესამე კვარტლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. ამ რიცხვების მარტივი საშუალო არითმეტიკული აბსოლუტურ ზუსტ შედეგს ვერ მოგვცემს, მაგრამ გარკვეული წარმოდგენის შექმნა მაინც შეიძლება. მათი საშუალო - 3.8%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ ტენდენცია გაუმჯობესებადია, განცხადების ეს ნაწილიც შეიძლება შეფასდეს, როგორც მეტწილად სიმართლე.
ტვირთბრუნვის ხსენებისას ეკონომიკის მინისტრი სავარაუდოდ ნახევარი წლის მონაცემებს გულისხმობდა. 2022 წლის იანვარ-ივნისში საავტომობილო გზით 13.5 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რკინიგზით - 6.8 მლნ ტონა, ბათუმის პორტმა 2.5 მლნ ტონა ტვირთი მიიღო, ფოთის პორტმა - 3.8 მლნ ტონა, რაც ჯამში 26.6 მლნ ტონა გამოვიდა. საავიაციო მიმართულება ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა - სულ 8.3 ათასი ტონა. საავტომობილო გზაზე ტვირთბრუნვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.7%-ითაა გაზრდილი, სარკინიგზო ხაზზე - 13.3%-ით და პორტებში - 18.8%-ით. მინისტრს არ უხსენებია, მაგრამ მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მგზავრთა გადაყვანა, როგორც საჰაერო, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო საშუალებებით, რაც ეკონომიკური აქტივობის დამატებითი დასტურია. წლიური მონაცემებით, საავტომობილო გადაზიდვები 0.1%-ით - 32.5 მლნ ტონამდეა გაზრდილი, სარკინიგზო - 22.3%-ით, 14.8 მლნ ტონამდე, ბათუმის ნავსადგურში გადამუშავებული ტვირთების მოცულობა - 21%-ით, 4.7 მლნ ტონამდე და ფოთის ნავსადგურში - 8.4%-ით, 7.7 მლნ ტონამდე). დასახელებულ რიცხვში მცირე ცდომილების მიუხედავად, ტენდენცია სწორია, რის გამოც განცხადების ეს ნაწილი შეიძლება შეფასდეს, როგორც მეტწილად სიმართლე.
2022 წელს ელექტროენერგიის გამომუშავებამ 14.247 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, საიდანაც 3.388 მლრდ კვტ/სთ თბოსადგურების წილად მოდიოდა, 10.771 მლრდ კვტ/სთ ჰესების მხრიდან და 87 მლნ კვტ/სთ ქარის ელექტროსადგურიდან. გენერაცია ერთ წელიწადში 12.6%-ით გაიზარდა. ჰესებიდან 5.8%-ით და თბოსადგურებიდან 42.3%-ით. გამომუშავება მართლაც რეკორდულია. რეკორდულია ელექტროენერგიის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალიც - 84 მლნ დოლარი. 2016 წლის შემდეგ პირველად ელექტროენერგიით ვაჭრობა საქართველოსთვის პროფიციტური აღმოჩნდა. აშკარა პოზიტივის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ გენერაციის ზრდა უკეთესმა კლიმატურმა პირობებმა და თბოსადგურების უფრო დიდი დატვირთვით ამუშავებამ გამოიწვია. 2022 წელს არც ერთი დიდი ზომის ჰესი არ შესულა ექსპლუატაციაში. არ აშენებულა არც თბოსადგური, არც ქარის და არც მზის ელექტროსადგური. ამ ნიუანსის გათვალისწინებით, ეკონომიკის მინისტრის განცხადების ეს ნაწილიც შეიძლება შეფასდეს როგორც მეტწილად სიმართლე.
გრაფიკი 3: ელექტროენერგიის გენერაცია მლნ კვტ/სთ
წყარო: საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემა
წლიურმა ინფლაციამ 2022 წელს 11.9%-ს მიაღწია, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფლაციის განაკვეთი ყველაზე მაღალი იანვარში იყო - 13.9%, თებერვალში თითქმის იმდენივე - 13.7%. მარტში 11.8%-მდე შემცირდა, მაისში კი 13.3%-მდე გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ იანვარ-თებერვალში განაკვეთი უფრო მაღალი იყო, გასათვალისწინებელია საბაზისო პერიოდიც. 2021 წლის იანვარ-თებერვალში კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდია მოქმედებდა, რამაც წლიური ინფლაცია იანვარში 1.77 პროცენტული პუნქტით და თებერვალში 1.85 პროცენტული პუნქტით შეამცირა. 2022 წლის დეკემბერში, წლიური ინფლაციის განაკვეთი 2021 წლის ივნისის შემდეგ პირველად, ერთნიშნა პროცენტულ მაჩვენებელს დაუბრუნდა და 9.8% შეადგინა. 2023 წლის იანვარში კი 9.4%-მდე შემცირდა.
გრაფიკი 4: ინფლაციის განაკვეთი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პოსტპანდემიური მდგომარეობისა და რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, 2021-2022 წლებში ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევა აღმოჩნდა. ტრანსპორტირებისა და ენერგომატარებლების გაძვირებამ გავლენა დანარჩენი პროდუქციის ფასებზეც იქონია. დეკემბერში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის განაკვეთმა 9.2% შეადგინა. წინასწარი გამოთვლებით იანვარში ის 8.5%-მდე უნდა შემცირებულიყო. საქართველოს სტატისტიკური მონაცემები ორივე შემთხვევაში ახლოსაა საშუალო ევროპულთან. ევროზონასთან შედარებით, ინფლაცია უფრო მაღალია მთელს ევროკავშირში და დეკემბერში მან 10.4%-ს მიაღწია, უფრო მეტს ვიდრე საქართველოში. დეკემბერში ინფლაციის განაკვეთი გამორჩეულად მაღალი იყო ლიეტუვაში - 20%, ლატვიაში - 20.7% და უნგრეთში - 25%. ლევან დავითაშვილის განცხადების ეს ნაწილიც შეიძლება შეფასდეს, როგორც სიმართლე.
მთლიანობაში, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგისას ძირითადად ზუსტი რიცხვები დაასახელა, რამდენიმე მცირე ცდომილებას გამოსვლის შინაარსზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა მინისტრი ორიენტირებული უფრო რიცხვებზე იყო და მიზეზებზე და სრულ კონტექსტზე ნაკლებად საუბრობდა, რაც ზოგჯერ სრული სურათის აღსაქმელად არასაკმარის ინფორმაციას იძლეოდა. „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.