ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა
რეზიუმე: 2020-2021 წლებში სამუშაო ადგილებისა დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო, რაც პანდემიით და მასთან დაკავშირებული მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო განპირობებული. 2022 წელს ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებლების დადებითი დინამიკა გვაქვს.
2022 წელს წინა წელთან შედარებით დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 66.3 ათასით გაიზარდა. ორწლიან პერიოდში დასაქმებულთა რიცხოვნობა 41.9 ათასით არის გაზრდილი. თუმცა, პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, დასაქმების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით 0.9%-ით [12.2 ათასით], ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 3%-ით [26.6 ათასით] ნაკლებია.
პრემიერი განცხადებაში 2022 წლის III კვარტლის მონაცემებს 2021 წლის I კვარტლის მაჩვენებელს ადარებს. ამგვარი შედარება ცალსახად მანიპულაციურია და ობიექტურ სურათს არ ასახავს. რადგან, სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად, მოცემული კვარტლის მონაცემები წინა წლ(ებ)ის ანალოგიურ კვარტალს უნდა შედარდეს. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა წლის მესამე კვარტალში ყოველთვის აღემატება პირველი კვარტლის მაჩვენებელს, რაც სეზონური დასაქმებით არის განპირობებული. ამასთან, პრემიერი 2022 წლის იმ კვარტალს, როდესაც დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო, ადარებს იმ პერიოდს, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მინიმუმამდე იყო შემცირებული.
ამრიგად, „ფაქტ-მეტრი“ პრემიერ-მინისტრის განცხადებას აფასებს ვერდიქტით - მანიპულირება.
ანალიზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას“.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 66.3 ათასით გაიზარდა. ორწლიან პერიოდში დასაქმებულთა რიცხოვნობა 41.9 ათასით არის გაზრდილი. დასაქმებულთა რაოდენობის ამგვარი ზრდა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მონაცემები შედარებულია პანდემიურ პერიოდთან. შეგახსენებთ, რომ 2020-2021 წლებში, სამუშაო ადგილების დაკარგვა განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო, რაც პანდემიით და მთავრობის პოლიტიკით - მკაცრი და ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვებით იყო გამოწვეული. შეზღუდვების მოხსნას ლოგიკურად მოჰყვა სხვადასხვა ეკონომიკური პარამეტრის, მათ შორის, დასაქმების მაჩვენებლების აღდგენა. პანდემიამდე პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 12.2 ათასით ნაკლებია. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს დასაქმების მაჩვენებლები მკვეთრად გაუმჯობესდა, პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის სრულად აღდგენილი.
საქსტატის მეთოდოლოგიით, დასაქმებულები ორ ძირითად კატეგორიად იყოფიან: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა მთლიან ოდენობაში დაქირავებით დასაქმება უფრო ეფექტიანია. თვითდასაქმებულების შემთხვევაში, დასაქმების ეფექტიანობა გაცილებით ნაკლებია, მათი საქმიანობა დიდწილად დაბალშემოსავლიანი ან/და არასტაბილურია. 2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა წინა წელთან შედარებით 41.5 ათასი კაცით, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 24.9 ათასით გაიზარდა. ორწლიან პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 25.6 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 16.2 ათასით არის გაზრდილი. პრეპანდემიურ პერიოდთან, 2019 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი შემცირებულია - 26.6 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 14.2 ათასით არის გაზრდილი. ამრიგად, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, დასაქმების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით - 0.9%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი თითქმის 3%-ით ნაკლებია.
2022 წელს დასაქმების დონემ (დასაქმებულთა პროცენტული წილი შესაბამისი ასაკის (15+) მოსახლეობაში) 42.9% შეადგინა, რაც 2020-2021 წლების მაჩვენებელს აღემატება, ასევე 2019 წლის მაჩვენებელზეც უმნიშვნელოდ მეტია. თუმცა დასაქმების დონის მატება ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის შემცირებით არის განპირობებული, რაც თავისთავად დადებით მოვლენად ვერ ჩაითვლება.
გრაფიკი 1: დასაქმების მაჩვენებლები, 2019-2022 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
თუ დასაქმების კვარტალურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ 2022 წელს წლის I და II კვარტალში ქვეყანაში დასაქმების პარამეტრები გაუმჯობესდა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც პანდემიის პერიოდში დაკარგული სამუშაო ადგილების აღდგენის პროცესი. 2022 წლის III და IV კვარტალში კი, ქვეყანაში დასაქმების მაჩვენებელი მკვეთრად გაუმჯობესდა, არამხოლოდ 2020-2021 წლის შესაბამის კვარტლებთან, არამედ პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებლებთან [2019 წლის ანალოგიურ კვარტლებთან] შედარებითაც. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელს პრეპანდემიური პერიოდის მაჩვენებლების სრულად აღდგენა ვერ მოხერხდა, ფაქტია, რომ ქვეყანაში დასაქმება/უმუშევრობის მაჩვენებლების დადებითი დინამიკა გვაქვს.
გრაფიკი 2: 2019-2022 წლებში დასაქმებულთა რაოდენობა, კვარტლების მიხედვით
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
რაც, შეეხება პრემიერის მიერ დასახელებულ რიცხვს - 230 000 სამუშაო ადგილს, ის 2022 წლის III კვარტლის მონაცემებს 2021 წლის I კვარტლის მაჩვენებელს ადარებს. ამგვარი შედარება მანიპულაციურია და ობიექტურ სურათს არ ასახავს.
დასაქმებულთა რაოდენობის დათვლისას სეზონურობის ფაქტორის გამოსარიცხად მოცემული კვარტალი წინა წლ(ებ)ის ანალოგიურ კვარტალს უნდა შედარდეს. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ დასაქმების მხრივ მესამე კვარტალი არის შედარებით აქტიური (რაც სეზონური დასაქმებით არის განპირობებული), ხოლო პირველი კვარტალი არის შედარებით პასიური პერიოდი. შესაბამისად, პრემიერი ამგვარი შედარებით სეზონურობის ფაქტორს უგულებელყოფს, რითაც არსებულ მონაცემებს გადაჭარბებულად წარმოაჩენს.
გარდა ამისა, პრემიერი შეჩერებული ეკონომიკის პირობებში დასაქმების მხრივ არსებულ მდგომარეობას ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდგომ არსებულ პერიოდს ადარებს, რაც ცალსახად მანიპულაციურია. ის საწყის წერტილად 2021 წლის I კვარტალს იღებს, როდესაც პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მინიმუმამდე იყო შემცირებული და 2022 წლის იმ კვარტალს ადარებს, როდესაც დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო.