ლევან დავითაშვილი: ინვესტიციებმა1.7$ მლრდ შეადგინა, რაც სარეკორდოა. საქართველოს რეიტინგი BB-ზე შენარჩუნდა, თუმცა პერსპექტივა „დადებითით“ გაუმჯობესდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლევან დავითაშვილის განცხადება მთლიანობაში არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.676 მლრდ-ს მიაღწია. რაც აბსოლუტურ რიცხვებში 3 კვარტლის რეკორდია და სავარაუდოა, რომ წლიურ ჭრილშიც „რეკორდული“ მაჩვენებელი იყოს. აბსოლუტური რიცხვებისგან განსხვავებით, მშპ-სთან ფარდობის თვალსაზრისით, მინისტრისვე მოლოდინების შესაბამისადაც, მინიმუმ ორი (2007 და 2017 წლები) უკეთესი წელი სახეზეა, რაც მინისტრს წარმატების შეფასებისას გამორჩა. რაც შეეხება საქართველოს სუვერენულ რეიტინგს, სარეიტინგო კომპანია FITCH-მა ბოლო შეფასებით, (2023 წლის იანვარი) საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ნიშნულზე, უცვლელად დატოვა. თუმცა „სტაბილური“ პერსპექტივა „პოზიტიურით“ გაუუმჯობესა. აღნიშნული შეფასება საუკეთესოა, რაც კი ოდესმე საქართველოს ჰქონია. შესაბამისად, ერთიანობაში ლევან დავითაშვილის განცხადებას „ფაქტ-მეტრი“ მეტწილად სიმართლედ აფასებს.

ანალიზი:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, 6 თებერვალს ბრიფინგზე 2022 წელი შეაჯამა და რამდენიმე ეკონომიკური მაჩვენებელი მიმოიხილა. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე საუბრისას მინისტრმა განაცხადა: „რეკორდულად მაღალი გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ამაზეც გვქონდა საუბარი, სამი კვარტლის მონაცემები 1.7 მლრდ დოლარამდე შეადგენს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ორზე მეტი იქნება, ანუ ორ მილიარდ დოლარზე მეტი, მთელი ამ წლის შედეგები. ესეც რეკორდულად მაღალი იყო. არამხოლოდ 2021 წელთან იყო მნიშვნელოვანი ზრდა, არამედ საკმაოდ დიდი ზრდა იყო 2019 წელთან შედარებით.“ სუვერენული რეიტინგზე საუბრისას კი აღნიშნა: „ეს ყველაფერი [ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციების ზრდა, ექსპორტის ზრდა, ტვირთბრუნვის ზრდა, ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, უმუშევრობის შემცირება, ინფლაციის შემცირების დაწყება] რა თქმა უნდა აისახა ჩვენს სუვერენულ რეიტინგში და იცით რომ FITCH-მა სულ ახლახან ჩვენი სუვერენული რეიტინგი BB შეგვინარჩუნა, მაგრამ გაგვიუმჯობესა პერსპექტივა დადებითი პერსპექტივით.“

„ფაქტ-მეტრმა“ მინისტრის განცხადებიდან ინვესტიციების და სუვერენული რეიტინგის შესახებ მონაცემები გადაამოწმა.

პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 1.676 მლრდ დოლარს მიაღწია. მეოთხე კვარტლის და შესაბამისად, მთელი 2022-ის შესახებ, წინასწარი ინფორმაცია მარტში გამოქვეყნდება. ერთი რაც ამჟამად შეიძლება დადასტურებით ითქვას ისაა, რომ სამი კვარტლის ჯამი აბსოლუტურ მაჩვენებლებში ნამდვილად „სარეკორდოა“ და 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს - 102%-ით, პრეპანდემიურ - 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს - 72%-ით და წინა 2017-ის „რეკორდს“, 16%-ით აღემატება.

მინისტრის მიერ დასახელებული რიცხვები, აბსოლუტურ გამოხატულებაში, სიმართლეს შეესაბამება. თუმცა ლევან დავითაშვილმა პუი-ს მშპ-სთან ფარდობა ყურადღების მიღმა დატოვა, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, მით უმეტეს „სარეკორდო“ შედეგებზე მითითებისას.

გრაფიკი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ სამ კვარტალში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

იდენტური ოდენობის რესურსი შესაძლებელია იყოს საკმარისად დიდი მცირე ეკონომიკის პირობებში, მაგრამ იყოს მცირე დიდი ეკონომიკის პირობებში, შედარების მიზნებისათვის უფრო მნიშვნელოვანია, ინვესტიციების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობითი მაჩვენებლის განხილვა. კონკრეტული სიდიდის ეკონომიკის პირობებში, პუი-ს მოზიდვაში „წარმატება“, უშუალოდ ეკონომიკის ზომასთან მიმართებით უნდა განვიხილოთ.

2007 წელს საქართველოში 1.765 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც იმდროინდელი მშპ-ს 18.6%-ს უდრიდა, 2022 წლის მშპ-ს (წინასწარი შეფასების 24.7 მლრდ დოლარი) 18.6% კი 4.6 მლრდ დოლარია. თეორიულად, იმავე პროცენტულ მაჩვენებელზე გასასვლელად, მეოთხე კვარტალში 3 მლრდ-მდე ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი ჩანს. უფრო მეტიც, 2017 წლის მაჩვენებელთან - მშპ-ს 11.9%-თან გასათანაბრებლადაც, დამატებით 1.2 მლრდ-ს ინვესტიციაა საჭირო, რაც ასევე ნაკლებად სავარაუდოა. თავად მინისტრმაც აღნიშნა, რომ წლიური ინვესტიციები სავარაუდოდ, 2 მლრდ-ს გადააჭარბებდა, მაგრამ არ უთქვამს, რომ 3 მლრდ-ს მიუახლოვდებოდა.

შესაბამისად, 2022 წელი მოზიდული პუი-ს თვალსაზრისით, აბსოლუტურ რიცხვებში, წლიურ ჭრილში შესაძლოა იყოს „რეკორდული“. 3 კვარტლის მდგომარეობით „რეკორდული“ ნამდვილად არის. თუმცა, მშპ-სთან ფარდობის თვალსაზრისით, მინისტრისვე მოლოდინების შესაბამისადაც, მინიმუმ ორი (2007 და 2017 წლები) უკეთესი წელი სახეზეა, რაც მინისტრს წარმატების შეფასებისას გამორჩა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ლევან დავითაშვილის განცხადების ეს ნაწილი ნახევრად სიმართლედ შეიძლება შეფასდეს.

რაც შეეხება, საკრედიტო რეიტინგების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი 2023 წლის იანვარში შეაფასა და უცვლელად - BB სტატუსზე დატოვა, თუმცა 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით გააუმჯობესა პერსპექტივა და სტაბილური მოლოდინი პოზიტიურით შეცვალა. საქართველომ Fitch-ისგან „BB“ შეფასება ჯერ კიდევ 2007 წლის ივლისში დაიმსახურა, ომის შემდეგ სტატუსი (B+)-მდე შემცირდა. (BB-)-ს 2011 წელს დაუბრუნდა, BB-ს კი მხოლოდ 2019 წელს მიაღწია. BB პოზიტიური მოლოდინით კი პირველი შემთხვევაა. შეფასების ერთიან სკალაზე „BBB“-მდე რეიტინგი არასაინვესტიციო ზონად განიხილება. შესაბამისად, საერთო ჯამში, არც თუ ისე სახარბიელო პოზიციის მიუხედავად, Fitch-ის შეფასება ყველაზე მაღალია, რაც კი ოდესმე საქართველოს ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრის განცხადების ეს ნაწილი სიმართლედ შეიძლება შეფასდეს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5392 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი