Facebook-მომხმარებელი Gvan Ca, რომელიც სოციალურ ქსელში ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს, ამჯერად ამტკიცებს, რომ ონლაინ გამოცემა BMG-ის მიერ ქალაქ ვენეციაში არხების დაშრობის შესახებ გამოქვეყნებული სიახლე მცდარია და როგორც უნალექობის, ისე, იტალიაში წყლის დონის დაწევის შესახებ ინფორმაცია არარეალურია. Facebook-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს თან ერთვის Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის ბმული, სადაც ვენეციის ცნობილ ტურისტულ არხში გონდოლების გადაადგილება შეიმჩნევა.
ვენეციაში არხების დაშრობის მიუხედავად, რაც ქალაქში მოძრაობას მნიშნელოვნად აფერხებს, გადაადგილება სრულად შეწყვეტილი არ არის და გონდოლები მაინც მოძრაობენ. ლაივ-ჩანაწერი, რომელსაც Facebook-ანგარიში იმის დასამტკიცებლად აქვეყნებს, რომ იტალიაში და კერძოდ, ვენეციაში, წყლის დაშრობის პრობლემა არ არსებობს, სინამდვილეში ვენეციის მხოლოდ, ლაგონის კუნძულებს შორის არსებულ, ცენტრალურ დიდ არხს ასახავს. ამ არხში, გავრცელებული კადრების (1,2,3) მიხედვით გადაადგილება მართლაც შესაძლებელია, თუმცა წლის დონე აქაც საგრძნობლად დაბალია.
ამავდროულად, გარემოსდაცვითი ექსპერტების თანახმად, ალპებში ჩვეული რაოდენობის ნალექების ნახევარზე ნაკლები მოვიდა, რის გამოც იტალია გასული ზაფხულის შემდეგ შესაძლოა კიდევ ერთი გვალვის წინაშე აღმოჩნდეს. ქალაქი ვენეცია, რომლის ძირითადი პრობლემაც წყალდიდობები იყო, ამჯერად უნალექო ზამთრის გამო არხების დაშრობის და წყლის დაბალი დონის გამო არსებული პრობლემების წინაშე დგას.
აღსანიშნავია, რომ 20 თებერვალს Legambiente-ის გარემოსდაცვითი ჯგუფის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, უნალექობის პრობლემა ძირითადად ჩრდილოეთ იტალიაში დაფიქსირდა, სადაც მდინარეები და ტბები წყლის მწვავე ნაკლებობას განიცდიან. მდინარე პოში, რომელიც ქვეყნის ყველაზე გრძელი მდინარეა, წლის ამ დროისთვის ნორმალურ მაჩვენებელთან შედარებით 61%-ით ნაკლები რაოდენობის წყალი გაედინება. აღსანიშნავია ისიც, რომ გასული წლის ივლისში იტალიამ 70 წლიანი ისტორიის განმავლობაში ყველაზე დიდი გვალვა განიცადა, რის გამოც, მდინარე პოს მიმდებარე რაიონებში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. ამან სოფლის მეურნეობის წარმოებაზე საგრძნობლად უარყოფითი გავლენა მოახდინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ზამთარს ევროპის მასშტაბით უჩვეულოდ ზომიერი ტემპერატურა და უნალექო ამინდები ფიქსირდებოდა, რასაც ბოლო ორი ორი კვირის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში ანტიციკლონის დომინირებაც უწყობდა ხელს. თუმცა, უახლესი ამინდის პროგნოზის თანახმად, უახლოეს დღეებში ალპებში ნალექი და თოვლია მოსალოდნელი.
ამდენად, Facebook-მომხმარებლის მტკიცება, რომ ვენეციაში არხების დაშრობისა და უნალექობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არარეალურია, მცდარია. გარემოსდაცვითი ექსპერტების თანახმად, ქალაქი ვენეცია, რომლის ძირითადი პრობლემაც წყალდიდობები იყო, ამჯერად არხების დაშრობისა და წყლის დაბალი დონით გამოწვეული პრობლემების წინაშე დგას.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.