სოციალურ ქსელში თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, Facebook-ანგარიში Nina Marji, რომელიც ყალბ ამბებს ხშირად ავრცელებს, ამტკიცებს, რომ თურქეთის ქალაქ ბურსაში მიწისძვრამდე ორი დღით ადრე ცაზე „გაურკვეველი ობიექტი“ გამოჩნდა. მტკიცების თანახმად, ღრუბელი ხელოვნურადაა შექმნილი და ის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარ მიწისძვრას უკავშირდება. აღნიშნული დეზინფორმაციას Facebook-გვერდი ბოლო ჟამის ქრისტიანებიც ავრცელებს.

სინამდვილეში, ნარინჯისფერი, წრიული ფორმის ობიექტი, რომელიც ქალაქ ბურსას თავზე გამოჩნდა, ლენტიკულური ღრუბელია, რომელიც იშვიათი, მაგრამ მაღალმთიანი რეგიონებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი მოვლენაა. ამასთან, ლენტიკულური ღრუბელი ბურსას თავზე არა მიწისძვრამდე 2 დღით ადრე, არამედ 19 დღით ადრე, 19 იანვარს, გამოჩნდა.

ქალაქის თავზე ღრუბლის გამოჩენამ, რომელიც თავდაპირველად ამოუცნობ მფრინავ ობიექტს მიამსგავსეს, მედიის ყურადღება მიიპყრო (1,2,3). თუმცა, როგორც გაირკვა, თურქულ ქალაქში, რომელიც მაღალი მთების სიახლოვეს მდებარეობს, ლენტიკულური ღრუბლის გამოჩენა რეგიონში შექმნილ ბუნებრივ პირობებს უკავშირდებოდა. მსგავსი ღრუბლები ძირითადად ქარის პირობებში, ჰაერის ნაკადის მეშვეობით წარმოიქმნება. ქალაქი ბურსა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ხოლო 19 იანვარს დასავლეთ თურქეთში სამხრეთიდან წამოსული ძლიერი ქარი ქროდა. ლენტიკულური ღრუბელი დაახლოებით 3000-4000 კილომეტრ სიმაღლეზე წარმოიშვა და მზის ამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე გამოჩნდა, რამაც მისი უცნაური, ნარინჯისფერი შეფერილობა განაპირობა.

ამასთან, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ცაზე ლენტიკულური ღრუბელი გამოჩნდა. ამგვარი ღრუბლები ხშირად ჩნდება ამერიკაშიც, განსაკუთრებით ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. მაგალითად, ვაშინგტონის შტატში, მთა რეინირის თავზე ლენტიკულური ღრუბელი უკვე რამდენჯერმე გამოჩნდა. მსგავსი შემთხვევა 2020 წელს კალიფორნიის შტატშიც დაფიქსირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს მოხდა, ხოლო ქალაქი ბურსა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარეობს, მიწისძვრის გავრცელების არეალში არ მოხვედრილა.

ამდენად, მტკიცება, რომ თურქეთის ქალაქ ბურსაში ცაზე ნარინჯისფერი შეფერილობის ღრუბელი ხელოვნურად იყო შექმნილი და ის თურქეთში მომხდარ მიწისძვრას უკავშირდებოდა, მცდარია. რეალურად, 19 იანვარს ბურსას თავზე ლენტიკულური ღრუბელი გამოჩნდა, რომელიც იშვიათი, თუმცა ბუნებრივი მოვლენაა და ის სხვადასხვა დროს შეერთებულ შტატებშიც არაერთხელ დაფიქსირებულა.

---------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები: