დავით უსუფაშვილი: ირაკლი კობახიძე საჯაროდ ლაპარაკობს, ამ კანონპროექტით რაღაცები შევარბილეთო, მაგრამ პროექტში კობახიძე საერთოდ არ არის მითითებული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, დავით უსუფაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: 14 თებერვალს მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში დააინიციირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
კანონპროექტის არც ავტორთა და არც ინიციატორთა რიგებში ირაკლი კობახიძე მითითებული არაა. შესაბამისად, დავით უსუფაშვილის განცხადება არის სიმართლე.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი „ხალხის ძალის“ ინიციირებულია, მას „ქართულ ოცნებაში“ არაერთი დამცველი გამოუჩნდა. ირაკლი კობახიძის განცხადებასთან ერთად, რომ კანონპროექტი [„ჩვენ დავარბილეთ“] შეარბილეს, „ქართული ოცნების“ ლიდერების სხვა შეფასებები იმაზე მიუთითებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან, სინამდვილეში, მმართველი პარტია დგას.
ანალიზი
14 თებერვალს მოძრაობა „ხალხის ძალამ“ პარლამენტში დააინიციირა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტის ავტორების თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.
„ხალხის ძალის“ ინიციატივას ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და აშშ-ის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. მათი თქმით, კანონპროექტი არა ამერიკულ, არამედ რუსულ კანონს ეფუძნება და ის სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი „ხალხის ძალის“ ინიციირებულია, მას „ქართულ ოცნებაში“ არაერთი დამცველი გამოუჩნდა, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. მან აშშ-ის კრიტიკის პასუხად განაცხადა, რომ ქართული კანონპროექტი უფრო რბილია, ვიდრე მისი ამერიკული ვარიანტი: „ჩვენ დავარბილეთ და ყველაფერი საბოლოო ჯამში, რაც შეიძლება იყოს განხილული საქართველოში, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი კანონი“ (უფრო დეტალურად კანონპროექტთან დაკავშირებით, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში ).
კობახიძის ამ განცხადებას „ლელოს“ დეპუტატი დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებების თანახმად, დეპუტატს არ სჯერა, რომ კანონპროექტის ავტორი დავით კაჭარავაა და „მან ჩახლართა ეს ყველაფერი, მან შეისწავლა ეს ამბები და მმართველი პარტია არაფერ შუაშია“.
„ირაკლი კობახიძე საჯაროდ ლაპარაკობს - ამ კანონპროექტით რაღაცები შევარბილეთო, ეს კანონი ასეთი კი არა, ისეთია, მაგრამ ასე გავაკეთეთო... მაგრამ პროექტში კობახიძე საერთოდ არ არის მითითებული“, - აღნიშნა მან.
„ფაქტ-მეტრმა“ დავით უსუფაშვილის განცხადება გადაამოწმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არც ავტორთა და არც ინიციატორთა რიგებში ირაკლი კობახიძე მითითებული არაა.
ირაკლი კობახიძის განცხადებასთან ერთად, რომ კანონპროექტი [„ჩვენ დავარბილეთ“] შეარბილეს, „ქართული ოცნების“ ლიდერების სხვა შეფასებები, აძლიერებს განცდას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან, სინამდვილეში, მმართველი პარტია დგას. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რამდენადაც „ხალხის ძალა” არის „ქართული ოცნებიდან“ „გასული“ დეპუტატების მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის წევრებიც „ქართული ოცნების“ ფრაქციის წევრებთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობას ქმნიან.
დავით უსუფაშვილი თავისი განცხადებით იმაზე მიუთითებს, რომ სინამდვილეში, უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მომზადების პროცესში „ქართული ოცნების“ ლიდერები არაფორმალურად მონაწილეობდნენ. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის განცხადება კანონპროექტის დარბილებაზე ნამდვილად ამაზე მეტყველებს. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ დავით უსუფაშვილის განცხადებას აფასებს ვერდიქტით სიმართლე.