სოციალურ ქსელში პრორუსული გზავნილების გაზიარებით ცნობილმა Facebook-მომხმარებელმა დეზინფორმაციული შინაარსის ფოტო გაავრცელა. მასზე ნაჩვენებია შოკოლადის ფილის შეფუთვა, რომელზეც შავი სამგლოვიარო ლენტის თანხლებით მუზარადში გამოწყობილი ბიჭის ნახატი და წარწერა - „სიკვდილი ალიოშკას“, არის დატანილი. გაზიარებული ფოტოსა და პოსტის აღწერის მიხედვით, უკრაინელებს რუსი ბავშვების სიკვდილი სურთ და ისინი უკრაინელ ბავშვებს ფაშისტურ სიძულვილში ზრდიან.

სინამდვილეში აღნიშნული შეფუთვით შოკოლადის არსებობის ერთადერთი დამადასტურებელი მტკიცებულება ფოტოა, რომელიც პირველად Twitter-ზე Donbass Devushka-ს მიერ 30 იანვარს გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ Donbass Devushka ანტიუკრაინული და ანტიამერიკული დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებით ცნობილი ინგლისურენოვანი ანგარიშია. Donbass Devushka-ს მიერ გავრცელებული ფოტოს აღწერაში ნათქვამია, რომ „უკრაინელები ღიად გამოთქვამენ ბავშვის სიკვდილის სურვილს სამშობლოთი სიამაყის გამო“, რაც სწორედ ანტიუკრაინულ შინაარსს ატარებს.

აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში აღნიშნული შეფუთვის მქონე შოკოლადის ფილა გასაყიდად არ იძებნება. „სიკვდილი ალიოშკას“ სახელით ახალი პროდუქტის გამოსვლის შესახებ ინფორმაცია ასევე არცერთ უკრაინულ საკონდიტრო საწარმოს გაუვრცელებია.

ამასთანავე, დეზინფორმაციული შინაარსის ფოტოზე დატანილი საწარმო სახელწოდებით „Красный Орк“ არ არსებობს, შოკოლადის დასახელება „Смерть Алёшки“ და გამოყენებული შრიფტი რუსული საწარმო „Красный Октябрь“ -ის ცნობილი შოკოლადის „ალიონკას“ (Алёнка) მიბაძვას წარმოადგენს. დამატებით, ჯილდოები, რომლებიც ანტიუკრაინული დეზინფორმაციული წყაროების მიერ გავრცელებულ ფოტოზეა ნაჩვენები 1997, 1998 და 2000 წლებითაა დათარიღებული და ეკუთვნის შოკოლად „ალიონკას“ და შეუძლებელია 2022 ან 2023 წელს დამზადებულ შოკოლადს დაემსახურებინა.

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის მიხედვით, სოციალური ქსელების უკრაინულ სეგმენტში „სიკვდილი ალიოშკას“ მცირე რაოდენობითაა ნახსენები და ისინი ამ ანტიუკრაინული შინაარსის გზავნილის რუსულ სეგმენტში გავრცელების შემდეგ გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ „ალიოშკა“ იგივე ალექსი, რომელიც ანტიუკრაინული დეზინფორმაციული გზავნილის მიხედვით, შოკოლადის ფილის შეფუთვაზეა გამოსახული, უკრაინული საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, განსხვავებით რუსული საზოგადოებისა. ამდენად, ფოტო, რომელზეც ბიჭი და წარწერა „სიკვდილი ალიოშკას“ არის გამოსახული, რუსულ საზოგადოებაზე ემოციურ გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად.

8 წლის ალექსი ბელგოროდიდან მის სახლთან გამავალ რუს სამხედროებს ესალმებოდა და აცილებდა. ფაქტი 2022 წლის გაზაფხულზე რუსული პროპაგანდისტული კამპანიის საწარმოებლად გამოიყენეს და ბიჭის გამოსახულებით შოკოლადის ფილები ლიმიტირებული რაოდენობითგამოუშვეს.

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა შოკოლადის ფილები აგვისტოში ვლადიმერ პუტინს პირადად აჩუქა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი თავის ოფიციალურ ტელეგრამ არხის საშუალებით ალექსის მადლობა გადაუხადა.

აღნიშნული დეზინფორმაციული ფოტო უკრაინულმა და ბელარუსულმა ორგანიზაციებმაც განიხილეს და შეაფასეს როგორც ყალბი. უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრმა დეზინფორმაციული ნარატივი ასევე მიმოიხილა.

ამდენად, ანტი-უკრაინული შინაარსის Twitter-ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს გარდა, შოკოლადის ფილა „სიკვდილი ალიოშკას“ არსებობის დამადასტურებელი სხვა წყარო არ არსებობს. ამასთანავე „ალიოშკა“, იგივე ალექსი პავლიჩენკო რუსული პროპაგანდისტული კამპანიის საშუალებით - რუსული საზოგადოებისთვის ცნობილი, უკრაინული საზოგადოებისთვის კი შედარებით უცნობია. შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გავრცელებული შოკოლადის შეფუთვის ფოტო ანტი-უკრაინულ გზავნილს წარმოადგენს და რუსულ საზოგადოებაზე ემოციური ზეგავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი