სოციალურ ქსელში ვრცელდება პოსტები, რომლებიც სტალინის საქმიანობისა და პიროვნების პოზიტიურად წარმოჩენას ისახავს მიზნად. პოსტები შეიცავს არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას. მათ შორის, მასალის თანახმად, სტალინმა 1943 წელს საქართველოს ავტოკეფალია აღადგინა. ამასთან ერთად, პოსტში საუბარია საქართველოდან გატანილი ეროვნული განძის დაბრუნებაზე, რასაც პოსტის ავტორი სტალინის დამსახურებად წარმოაჩენს.

საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მე-5 საუკუნეში მოიპოვა. 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრად გამოცხადდა. რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო-სამთავროების ეტაპობრივი გაუქმების შემდეგ, 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ქართველმა სასულიერო პირებმა აქტიურად დაიწყეს ქართული ეკლესიისათვის ავტოკეფალიაზე ზრუნვა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლმა მღვდელმთავრებმა და მეცნიერებმა მონოგრაფიები გამოაქვეყნეს, რომლებშიც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აუცილებლობა იყო დასაბუთებული. 1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა და კვლავ საპატრიარქო მმართველობა შემოიღო.

თუმცა, 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ ერთხელ მოექცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენის ქვეშ. „სინდისის თავისუფლების“ სახელით ეკლესია-მონასტრების დახურვა და ნგრევა დაიწყო. ბოლშევიკები სამღვდელოებას მაქსიმალურად ავიწროებდნენ, მათ საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდნენ.

რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. 1990 წელს 4 მარტს მსოფლიო პატრიარქმა ხელი მოაწერა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისა და დამოუკიდებლობის დოკუმენტს და საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად ცნო.

შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1917 წელს აღდგა. 1943 წელს კი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია რუსეთის ეკლესიამ აღიარა.

გარდა ამისა, მცდარია მტკიცება, რომ ეროვნული განძის დაბრუნება საქართველოში სტალინის ინიციატივით მოხდა. 1921 წელს საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ ივანე ჯავახიშვილმა საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილს მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა სამუზეუმო საგანძური ბოლშევიკების დარბევისგან გადაერჩინათ და დროებით საზღვარგარეთ გაეტანათ. ნოე ჟორდანიას განკარგულებით, ეროვნული საგანძური უცხოეთში გასატანად მომზადდა, რომელიც 249 ყუთში გაანაწილეს. 1921 წლის 10 აპრილს ეროვნული საგანძური საფრანგეთში, მარსელის ბანკში შეინახეს, სადაც 1933 წლამდე ინახებოდა. ექვთიმე თაყაიშვილი საგანძურის სამეთვალყურეოდ იძულებით ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა.

ექვთიმე თაყაიშვილმა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს წერილით მიმართა საფრანგეთში სსრკ-ის ელჩს ბოგომოლოვს ეროვნული საგანძურის საქართველოში დაბრუნების შესახებ. აღნიშნული წერილობითი მოხსენება ბოგომოლოვმა გააცნო შარლ დე გოლს. 1944 წელს კი, საფრანგეთსა და სსრკ-ს შორის ფინანსური და სამართლებრივი ვალდებულებების დადგენა-ანაზღაურების პროცესში, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, ექვთიმე თაყაიშვილის წარმომადგენლობით შედგა შეთანხმება განძის დაბრუნების შესახებ. შედეგად, ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველოს ეროვნული განძი საქართველოში 1945 წლის 11 აპრილს ჩამოიტანა.

------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი