გურამ მაჭარაშვილი: არანაირი წნეხი არ არსებობს მედიაზე
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, გურამ მაჭარაშვილის განცხადება არის მცდარი
რეზიუმე: ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მიხედვით, თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს არსებობა, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინაპირობას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოება ნათლად ადასტურებს, რომ მედიის თავისუფლება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ კრიტიკულ გამოწვევად იქცა.
არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი მიუთითებს მედიაში არსებულ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა მედიაპოლარიზაცია, ჟურნალისტებზე თავდასხმების გახშირება და აღნიშნული შემთხვევების სათანადოდ გამოუძიებლობა, აგრესიული და დისკრიმინაციული რიტორიკა მედიის წარმომადგენელთა მიმართ, ცილისწამების შემთხვევების გამოყენება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ და სხვ., შესაბამისად, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას ,,ფაქტ-მეტრი’’ აფასებს ვერდიქტით მცდარი.
ანალიზი:
2023 წლის 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ნაწილში საქართველოს პროგრესს აფასებს და ხელისუფლებას დარჩენილი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციაში შეშფოთებაა გამოთქმული ქვეყანაში არსებულ „უკიდურეს პოლიტიკურ პოლარიზაციასთან მიმართებით“. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო სისტემის რეფორმასა და ბოლო დროს მედია გარემოში არსებულ გამოწვევებზეა გამახვილებული. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას „გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი, რათა შეამციროს მედიაგარემოში არსებული დაძაბულობა“.
აღნიშნულ რეზოლუციას მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია პოზიტიური სიგნალია. გარდა ამისა, მან თქვა, რომ „საკანონმდებლო ბაზიდანაც რომ დავიწყოთ, სუბიექტს რამდენიმე დღეში შეუძლია ტელევიზია შექმნას, შექმნის შემდეგ კი არანაირი წნეხი არ არსებობს მედიაზე. თავად მედიის მხრიდან ხდება მედიასტანდარტების დარღვევა - სიყალბის გავრცელებით, სიძულვილის ენით და ა.შ. მედიათავისუფლების მიმართულებით სხვა პრობლემა არ არსებობს“.
,,ფაქტ-მეტრმა’’ გურამ მაჭარაშვილის განცხადების გადაამოწმა.
ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, რომელთა შესრულება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინაპირობას წარმოადგენს, ერთ-ერთი მოთხოვნა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს არსებობას ითვალისწინებს. ამის მიუხედავად, აღნიშნულ სტანდარტებთან შესაბამისი მედიაგარემოს ჩამოყალიბება საქართველოსთვის დღემდე მიუღწეველ მოცემულობად რჩება, რასაც ბოლო წლებში საქართველოში მედიაგარემოს გაუარესების სხვადასხვა ტენდენცია განაპირობებს.
ევროკომისიის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოში მედიაგარემო „პლურალისტური და კონკურენტუნარიანი, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებულია“. დოკუმენტში მოყვანილია „მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსი“, რომლის თანახმადაც, 2022 წლის მონაცემებით, საქართველომ 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. „ეს წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით“, - წერია ანგარიშში.
„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი“ საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, ყოველწლიურ რეიტინგს წარმოადგენს. რეიტინგი ქვეყანაში ჟურნალისტების დამოუკიდებლობასა და თავისუფლების ხარისხს და მათ მიმართ, ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულებას აფასებს. მოქმედი მეთოდოლოგიით, პრესის თავისუფლების ინდექსს განსაზღვრავს აქვთ, თუ - არა ჟურნალისტებს, როგორც ინდივიდებს და/ან როგორც ჯგუფს ეფექტური შესაძლებლობა, შეარჩიონ, აწარმოონ და გაავრცელონ ახალი ამბები და ინფორმაცია საზოგადოებაში პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური ჩარევისაგან დამოუკიდებლად, და არის, თუ - არა მათი ფიზიკური და გონებრივი უსაფრთხოება დაცული.
„პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსის“ რეიტინგში საქართველო 2003 წლიდან არის შეფასებული. რეიტინგი ნათლად აჩვენებს, რომ 2013 წლიდან შეფასების მაჩვენებელი საგრძნობლად უმჯობესდება. კერძოდ, 2013 წლის ნიშნული მინიმუმ ორჯერ მაინც აღემატება 2003-2012 წლების ნიშნულებს. ხოლო, 2013 წლიდან 2018 წლამდე, შეფასება ხშირ შემთხვევაში მცირედით, თუმცა მაინც მუდმივად პროგრესირებს. მდგომარეობა 2019 წელს უარესდება და აღნიშნული წლიდან 2021 წლამდე სტაგნაცია შეინიშნება.
რაც შეეხება 2022 წელს, მედიის თავისუფლების კუთხით, საქართველომ 59.3 ქულა მიიღო და მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, 89-ე ადგილი დაიკავა. აღნიშნული შეფასება წინა წელთან შედარებით, 12.06 ქულით არის გაუარესებული, ხოლო პოზიციურად საქართველომ 29 საფეხურით დაიხია უკან. საქართველო ამ შეფასებით ევროკავშირის მხოლოდ 2 სახელმწიფოს, ბულგარეთსა და საბერძნეთს უსწრებს, ხოლო კავკასიის რეგიონში პირველ ადგილზეა.
ცხრილი 1: „პრესის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შეფასებები 2003-2022 წლებში
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შეფასების გაუარესების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენებია. „ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები კი ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. 2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტების ფიზიკური შეურაცხყოფის უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა“. ასევე, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით უსაფრთხოების ინდიკატორის განხილვისას, აღნიშნულია, რომ „ჟურნალისტების მიმართ სიტყვიერი თავდასხმებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შემთხვევები ხშირია.
2021 წლის ივლისში 50 ჟურნალისტზე სასტიკმა თავდასხმამ და კონტრდემონსტრანტების მხრიდან ლინჩის წესებით მოქმედებამ, საქართველოში ჟურნალისტთა უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვნად უკან დახია. ამასთან, მოვლენის გამოძიებაში გამჭვირვალობისა და პროგრესის არარსებობა მეტყველებს იმ დაუსჯელობის შესახებ, რომლითაც სარგებლობენ ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირები“ .
უფრო ვრცლად იხ. ,,ფაქტ-მეტრის’’ სტატია.
ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის ერთ-ერთ სახედ მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც გვევლინება, რაზეც ევროკომისიის 12 რეკომენდაცია პირდაპირ მითითებას აკეთებს. „მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლისსამართლებრივი პროცესები უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, ხოლო ჟურნალისტებისა და სხვა მედიაპროფესიონალების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებზე წარმოებული გამოძიება უნდა იყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული“, - ვკითხულობთ ევროკომისიის მოთხოვნაში.
აღნიშნულს იმეორებს 2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციაც „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ“, რომელშიც ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ რეზონანსულ მოვლენებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია „მთავარი არხის“ დირექტორისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას 3.5 წლით პატიმრობა საეჭვო ბრალდებების საფუძველზე შეეფარდა. იქვე ვკითხულობთ, რომ მისი სასჯელი საქართველოში ფართოდ იქნა აღქმული, როგორც ხელისუფლებისკენ მიმართული კრიტიკული ხმის ჩახშობის მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტმა დაგმო ნიკა გვარამიასთვის 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი განაჩენი (უფრო ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
გარდა ზემოთ აღწერილი პრობლემებისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ „მედიის წინააღმდეგ ცილისწამებაზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები საშიშ ტენდენციად ჩამოყალიბდა. ტელეკომპანიებისა და სხვა მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ცილისწამების საქმეები და სასამართლო განაჩენები მკვეთრად გაიზარდა. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ცილისწამების სარჩელები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სანქცირების გაუმართლებელ მექანიზმად ჩამოყალიბდეს.
დამატებით პრობლემებს წარმოშობს სირთულეები, რომელსაც ჟურნალისტები საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიღებაში აწყდებიან. ხელისუფლების წარმომადგენლები წინასაარჩევნო პერიოდშიც კი იმყოფებიან კრიტიკული მედიის უწყვეტი ბოიკოტის რეჟიმში, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს თითქმის არასდროს იწვევენ პრო-სამთავრობო მედიის სატელევიზიო გადაცემებსა და დებატებში.
უფრო ვრცლად იხ. კანდიდატის სტატუსმეტრი - ევროკავშირის 12 პირობის შესრულების მდგომარეობის შესახებ.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გურამ მაჭარაშვილის განცხადება არის მცდარი. ყველა იმ საერთაშორისო რეზოლუციისა თუ ანგარიშის ფონზე, რომლებიც ნათლად გამოკვეთენ უკანასკნელ წლებში საქართველოში მედიაგარემოს გაუარესების ტენდენციებს, მტკიცება, რომ ,,მედიათავისუფლების მიმართულებით პრობლემები და მედიაზე არანაირი წნეხი’’ არ არსებობს, რეალობას არ ასახავს. მეტიც, მედიაგარემოში არსებული გამოწვევების დაძლევას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.