გიორგი ვოლსკი: რუსეთის ჰააგის ტრიბუნალზე გადაცემაზე მოლდოვამ ხელი არ მოაწერა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვოლსკის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: 2022 წლის 3 მარტს, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე გამოძიების დასაწყებად, 39-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.

სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიმართვის მხარდამჭერთა შორის მოლდოვის რესპუბლიკა არ ყოფილა. შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, გიორგი ვოლსკის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

„პალიტრანიუსის“გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე ისაუბრა. ის, ასევე შეეხო ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერის საკითხს და მხარდაჭერის ერთ-ერთ ინდიკატორად „ჰააგის ტრიბუნალზე რუსეთის გადაცემა“ დაასახელა:

„სამი ინდიკატორია: ერთი - როგორ უდგახარ გვერდზე ადამიანებს, წმინდა ადამიანური თემაა. მეორე, გაქვს, თუ - არა რესურსი, რომ ჰააგის ტრიბუნალზე რუსეთის გადაცემაზე ხელი მოაწერო, სხვათა შორის, მოლდოვამ ვერ გაბედა. გაქვს, თუ - არა რესურსი, რომ ხელი მოაწერო რუსეთის უფლებამოსილების შეჩერებაზე მთელ რიგ საერთაშორისო სტრუქტურებში“.

„ფაქტ-მეტრმა“ გადაამოწმა, მიმართა, თუ - არა მოლდოვამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით; ასევე, რა პოზიცია ჰქონდა საქართველოს ამ საკითხზე.

2022 წლის 3 მარტს, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე გამოძიების დასაწყებად, 39-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა. სასამართლოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მიმართვის მხარდამჭერთა შორის მოლდოვის რესპუბლიკა არ ყოფილა.

მანამდე, 28 თებერვალს, სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. გამოძიების პროცესის დაუყოვნებლივ და აქტიურად დასაწყებად მან სასამართლოს სადამფუძნებლო ხელშეკრულების (რომის სტატუტის) ხელმომწერ ქვეყნებს სასამართლოსადმი უკრაინაში არსებული სიტუაციის გამოსაძიებლად მიმართვა სთხოვა.

ICC და უკრაინის საკითხი

ICC იძიებს და განიხილავს სასამართლოს სადამფუძნებლო საერთაშორისო ხელშეკრულებით, განსაზღვრულ ოთხ დანაშაულს: გენოციდი, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, ომის დანაშაულები და აგრესია.

რომის სტატუტი 123 სახელმწიფოს აქვს რატიფიცირებული, მათ შორის - საქართველოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოების რიცხვში უკრაინა და რუსეთის ფედერაცია არ შედის. ზოგადი წესის თანახმად, ICC-ის იურისდიქცია ვრცელდება რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუმცა, მაინც არსებობს სამართლებრივი გზები იმისთვის, რომ სასამართლოს იურისდიქცია არაწევრ სახელმწიფოზეც გავრცელდეს.

ერთ-ერთ ასეთ შესაძლებლობას, გაეროს ქარტიის მეშვიდე თავის მიხედვით, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სიტუაციის სასამართლოსთვის გადაცემა (რეფერალი) წარმოადგენს. მეორე შესაძლებლობას რომის სტატუტის მე-12 მუხლი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, არაწევრ სახელმწიფოსაც აქვს უფლება, კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებით სასამართლოს იურისდიქცია აღიაროს. მაგალითად, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა ორჯერ და მოითხოვა გამოძიების დაწყება 2014-2015 წლებში, ჯერ - „მაიდანის მოვლენების”, ხოლო შემდეგ, რუსეთის ყირიმში შეჭრის დროს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის განცხადების თანახმად, სწორედ უკრაინის მთავრობის 2015 წლის დეკლარაცია (სასამართლოსადმი მიმართვა) წარმოადგენს იმის სამართლებრივ საფუძველს, რომ სასამართლოს დროებითი იურისდიქცია მიმდინარე პერიოდშიც ვრცელდება და უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლის 20 თებერვლის შემდეგ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს მოიცავს.

საერთო ჯამში, ერთი მხრივ, უკრაინის მთავრობის 2015 წლის დეკლარაცია და, მეორე მხრივ, რომის სტატუტის წევრი სახელმწიფოების მხრიდან რეფერალის გადაცემა, ICC-ის მიერ უკრაინაში რუსეთის ქმედებების გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის ფედერაცია რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო არ არის და არც სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. მიუხედავად ამისა, ბრალდებულ პირთა გამოვლენის შემთხვევაში, მათი დაკავება ისეთ სახელმწიფოში ყოფნის დროს შეიძლება მოხდეს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 7 აპრილს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობაზე რუსეთისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, 92 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც მიემხრო. აღნიშნული ფაქტი უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ რუსეთის ძალებმა ქალაქ ბუჩაში ასობით ადამიანი მოკლეს და აწამეს.

მანამდე, გასული წლის თებერვალში, საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთისთვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE). იმავე წლის 16 მარტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვას დაუჭირა მახრი - 216 ხმით, ნულის წინააღმდეგ.

2022 წლის 13 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია - „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, მიიღო. რეზოლუცია რუსეთის რეჟიმს „ტერორისტულად“ აღიარებს, უკრაინაში მის მიერ დაძაბულობის ესკალაციას გმობს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს. აღნიშნულ რეზოლუციას მოქმედი ხელისუფლების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, რაც იმით ახსნეს, რომ ტექსტში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე შევიდა შესწორება.

რეზოლუციის ტექსტს მე-4 შესწორების დროს, მართლაც, დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ასამბლეა მოითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პუტინის მოწინააღმდეგე სხვა პოლიტპატიმრების საქმეების გადახედვას და მათ გათავისუფლებას (მათ შორის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის). თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მმართველობის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებაზე ჩანაწერი მე-7 შესწორებით შევიდა. გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო ასამბლეის წევრებს თითოეული შესწორებისთვის ცალ-ცალკე უწევდათ ხმის მიცემა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეეძლოთ რუსეთის მმართველი რეჟიმის ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადებისთვის მხარი მაინც დაეჭირათ, თუმცა, ასე არ მოქცეულან (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია ამ თემაზე).

რედაქტორის შენიშვნა:

„ფაქტ-მეტრი“ ცდილობს გაარკვიოს, რა მიზეზით არ შეუერთდა მოლდოვა რეფერალს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე გამოძიების დაწყებას ეხება და რომელსაც 39-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი. დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი