ანა ნაცვლიშვილი: 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სკოლის რეაბილიტაცია/ მშენებლობის გამო, სხვა სკოლებში არიან გადანაწილებულნი, მართლაც 21 203-ია. გარდა იმისა, რომ სხვა სკოლაში სიარული, ბავშვისთვის ერთგვარი დისკომფორტი და სტრესია, აღნიშნული უარყოფით გავლენას სასწავლო პროცესზეც ახდენს ( გაკვეთილების შემცირებული ხანგრძლივობა), მით უმეტეს, თუ ეს პროცესი წლების განმავლობაში გრძელდება.
სკოლების რეაბილიტაცია/მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ამ მიზნით გამოცხადებულ ტენდერებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხშირია სამუშაოების დასრულების ვადის ცვლილება და პროცესები დროში გაწელილად მიმდინარეობს, რაც იმის წინა პირობაა, რომ სხვა სკოლაში სწავლის გაგრძელება აღნიშნული რაოდენობის მოსწავლეებს კიდევ კარგა ხანს მოუწევთ. ეს კი საბოლოო ჯამში, განათლების ხარისხზე აისახება.
შესაბამისად, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.
ანალიზი
პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განათლების სისტემის არაჯეროვან მართვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება - 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს“.
„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რეალურად, სხვა სკოლის შენობაში რამდენი მოსწავლე სწავლობს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით (პდფ), ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა სამინისტროსთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ მიზნით, სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროგრამები, როგორც პრემიერის მიერ ინიციირებული პროექტის, ასევე მსოფლიო ბანკის და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ხორციელდება.
მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესი 47 სკოლაში მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული სკოლის მოსწავლეები ალტერნატიულ ფართებში არიან გადაყვანილი. ასეთი მოსწავლეების რაოდენობა ჯამში 21 203-ია. ალტერნატიული ფართის სახით ახლომდებარე საჯარო სკოლები ან სხვა კერძო თუ სახელმწიფო მფლობელობაში არსებული შენობები ირჩევა. საჯარო სკოლები სარეაბილიტაციო სკოლებს ფართებს დროებით სარგებლობისთვის საკუთარი სასწავლო პროცესის დასრულების (დილის ცვლაში) შემდეგ, მეორე ცვლაში გადასცემენ.
როგორც განათლების სამინისტროს ინფორმაციიდან ირკვევა, დღეის მდგომარეობით, სკოლის რეაბილიტაციის ან მშენებლობის გამო სასწავლო პროცესი სხვა სკოლაში მოსწავლეების საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობას - 21 203 მოსწავლეს, უტარდება. სხვა სკოლაში რაც არ უნდა კომფორტული გარემო იყოს შექმნილი, სხვა შენობაში ყოფნა, უმეტეს შემთხვევაში, სხვა უბანში - სახლიდან მოშორებით, მოსწავლეებისთვის მაინც გარკვეული სტრესია.
სკოლების მშენებლობა/რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახდენს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ფონდი ამ ეტაპისთვის რამდენიმე ათეული სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს ( ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის სკოლის (NAT230000791), გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების სკოლის (NAT220021183 მარტვილის რაიონის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის (NAT220028677) გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს (NAT220018464), ბორჯომის N4 საჯარო სკოლის (NAT210016433) სამტრედიის N12 საჯარო სკოლის, ქუთაისის N14 საჯარო სკოლის, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების (NAT210010155), მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს (NAT210008911), დაბა ასპინძის საჯარო სკოლის ( NAT210008910), ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილის (NAT210008909), მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოს (NAT210002565).
აღნიშნული ტენდერები 2021-2023 წლებშია გამოცხადებული. თუ ტენდერების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ხელშეკრულების პირვანდელი ღირებულება და დასრულების ვადები, ხშირ შემთხვევაში, შეცვლილია. აღნიშნული კი იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ სკოლების რეაბილიტაცია/ მშენებლობა დროში გაწელილად მიმდინარეობს. ამის ნათელი დადასტურებაა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს მაგალითი, რომლის სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია 2022 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო (იხ: სტატია). თუმცა გასული წლის ოქტომბერში ხელახალი ტენდერი გამოცხადდა და დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორი წლის მანძილზე მუნიციპალური განვითარების ფონდს დედაქალაქში მდებარე არც ერთ სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებული არ აქვს. მაშინ, როდესაც მხოლოდ ნაძალადევის რაიონში რამდენიმე წელია 4 სკოლა (N4, N10, N11, N113) დანგრეულია და მოსწავლეები სხვა სკოლებში არიან გადანაწილებულნი, რაც როგორც ვთქვით, გარდა იმისა, რომ მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის ერთგვარი დისკომფორტია, სასწავლო პროცესის ხარისხზეც აისახება (შემცირებულია გაკვეთილების ხანგრძლივობა) და საბოლოო ჯამში, შესაძლოა, აღნიშნულ სკოლებს მოსწავლეთა კონტინგენტი დააკარგვინოს.
შესაბამისად, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.