2000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი

ანა ნაცვლიშვილი: 2000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე: დღემდე დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი 2077 სკოლას ჰყავს (დირექტორების სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეა და ჯერ შედეგები ცნობილი არ არის). კანონმდებლობის მიხედვით, სკოლის დირექტორებს 6-წლიანი ვადა 2020 წელს ამოეწურათ. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ხელახალი კონკურსი უნდა ჩაეტარებინა, რათა სკოლის დირექტორებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდათ. სამინისტრომ კონკურსი 2020 წლის მარტში დააანონსა კიდეც, თუმცა საბოლოოდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე გადადო. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2020, 2021, 2022 წლებში პანდემიის მიუხედავად, სამინისტრომ ეროვნული გამოცდების და მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდების სახით, უფრო მრავალრიცხოვანი კონკურსის გამართვა უზრუნველყო და სამინისტროს მხრიდან ნების არსებობის შემთხვევაში, არც გაცილებით ნაკლებმასშტაბური დირექტორთა კონკურსის გამართვა იქნებოდა შეუძლებელი. მით უმეტეს, კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების დიდი ნაწილი 2021 წლის მეორე ნახევრიდან ისედაც გაუქმებული იყო. აღნიშნული ფაქტი განათლების სამინისტროს მუშაობაში გარკვეული ხარვეზის არსებობაზე მიუთითებს.

აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.

ანალიზი

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა განათლების სისტემის არაჯეროვან მართვაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა: „განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება, 2000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა დარჩენილი“.

„ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, რეალურად, დირექტორის გარეშე რამდენი სკოლაა დარჩენილი.

სკოლის დირექტორების შესახებ, „ფაქტ-მეტრი” წარსულშიც წერდა.

ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, დირექტორების კონკურსი ბოლოს 2013 წლის დეკემბერში ჩატარდა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, სკოლის დირექტორებს 6-წლიანი ვადა 2020 წელს ამოეწურათ. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ხელახალი კონკურსი უნდა ჩაეტარებინა, რათა სკოლის დირექტორებს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა მისცემოდათ. სამინისტრომ კონკურსი 2020 წლის მარტში დააანონსა კიდეც, თუმცა საბოლოოდ, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურებამდე გადადო.

სკოლის დირექტორების კონკურსი გასული წლის დეკემბერში გამოცხადდა და ჯერ მხოლოდ სერტიფიცირების პირველი ეტაპი - ტესტირება არის ჩატარებული. დირექტორების მსურველთა კომპეტენცია და უნარები დაძლეულად ჩაითვლება ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ის დაგროვების შემთხვევაში და პირებს, რომლებიც ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ, შესაძლებლობა მიეცემათ, გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ.

დღემდე სკოლის დირექტორები მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით აგრძელებენ საქმიანობას. მიხეილ ჩხენკელმა კონკურსის ამ დრომდე გადადება პანდემიით ახსნა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2020, 2021 წლებში პანდემიის მიუხედავად, სამინისტრომ ეროვნული გამოცდების და მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდების სახით, უფრო მრავალრიცხოვანი კონკურსის გამართვა უზრუნველყო და სამინისტროს მხრიდან ნების არსებობის შემთხვევაში, არც გაცილებით ნაკლებმასშტაბური დირექტორთა კონკურსის გამართვა იქნებოდა შეუძლებელი.

როგორც ვიცით, 2020 და 2021 წლებში საქართველოში არჩევნები ჩატარდა. იმ ტენდენციიდან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდი (ახლანდელიც და წარსული წლებისაც) ადმინისტრაციულ რესურს - მათ შორის სკოლის მასწავლებლების და დირექტორების, საარჩევნო მიზნით იყენებს, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ სამინისტრომ დირექტორთა კონკურსი განზრახ არ ჩაატარა. როგორც აღვნიშნეთ, სკოლის დირექტორები 6 წლის ვადით ინიშნებიან, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კი დროებითი თანამდებობაა და არაა გარანტირებული. შესაბამისად, ხელისუფლებას მათზე ზეგავლენის მოხდენის მეტი ბერკეტი გააჩნია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ოქტომბერში, არჩევნების წინ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად ყველა დირექტორი, რომელთაც ვადა ამოეწურათ, არ დანიშნულა (დაწვრილებით იხილეთ: სტატიაში). მაშინ „ფაქტ-მეტრი“ რამდენიმე სკოლის დირექტორს გაესაუბრა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ მოვალეობის შემსრულებლად ძირითადად ის დირექტორები არ დაინიშნნენ, რომელნიც ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად კეთილსაიმედონი არ იყვნენ და ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას ღიად არ იზიარებდნენ. ჩვენ მაშინ შევეცადეთ, დირექტორებისადმი არათანაბარი მიდგომის საფუძველი გაგვერკვია, მაგრამ სამინისტროსგან შესაბამისი პასუხი ვერ მივიღეთ.

რაც შეეხება დირექტორის გარეშე დარჩენილ სკოლების რაოდენობას, სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე დირექტორი 9 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს, ხოლო 2 077 სკოლას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს.

განხილული მასალიდან გამომდინარე, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.