სოციალურ ქსელებში და როგორც სომხეთის, ასევე საქართველოში მოქმედ სომხურენოვან მედიასაშუალებების გვერდებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთსა და საქართველოს საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ პირადობის მოწმობით (ID ბარათებით) უკვე შესაძლებელია. „სომხეთის და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საზღვარი გადაკვეთონ პასპორტის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის ბარათით, შეთანხმება ძალაში შევიდა“,- წერია სტატიებში. აღნიშნულ სათაურების და ტექსტების საფუძველზე შთაბეჭდილება იქმნება, რომ მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა უკვე პირადობის მოწმობებით შეუძლიათ, რაც შეცდომაში შემყვანია.

სინამდვილეში, აღნიშნული ცვლილება ჯერ ძალაში არ შესულა. არასწორი ინფორმაციის გავრცელების საფუძველი, სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებაა, რომელიც სომხეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შესახებ გამოიცა.

2023 წლის 12 იანვარს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა შეთანხმებას „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ” მოაწერეს ხელი. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს შეეძლებათ, ორ ქვეყანას შორის საზღვარი ელექტრონული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ.

ამ ეტაპზე, პირადობის მოწმობით საზღვრის გადაკვეთის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ დადგენილება - „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე, გამოაქვეყნა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მხრიდან შეთანხმების ამოქმედებისთვის შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც შთაბეჭდილება შექმნა, რომ ID ბარათით საზღვრის კვეთა უკვე შესაძლებელია, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოც გამოეხმაურა:

„27 იანვარს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მიერ „სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ, რაც სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს სომხეთ-საქართველოს საზღვრის მხოლოდ პირადობის მოწმობით გადაკვეთის საშუალებას მისცემს. გაცნობებთ, რომ საუბარია საქართველოს მიერ ხელშეკრულების რატიფიცირებაზე. შეთანხმება ძალაში შევა სომხეთის რესპუბლიკის შიდა რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდეგ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამგვარად, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს და სომხეთის მოქალაქეებს საქართველოს და სომხეთის საზღვრის გადაკვეთა ID ბარათით უკვე შეუძლიათ, არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები პირადობის მოწმობით საზღვრის კვეთას მას მერე შეძლებენ, რაც შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები ორივე ქვეყანაში დასრულდება.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამისფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5205 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
27%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი