იტვირთება

13 იანვარს „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ წამყვანებმა ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშზე ისაუბრეს და ანგარიშის ის ნაწილი განიხილეს, რომელიც საქართველოში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებულ პრობლემებს მიმოიხილავს. აღნიშნულ მონაკვეთზე დაყრდნობით, თენგო ომანიძე და მარიკა კუბლაშვილი ამტკიცებენ, რომ HRW-ის ანგარიშის მთავარი აქცენტი ლგბტ თემის დაცვაზე კეთდება და დასავლელი პარტნიორების მთავარი დღის წესრიგი საქართველოში ლგბტ უფლებების დაცვაა.

სინამდვილეში, HRW-ის მიერ საქართველოს შესახებ 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიში ყურადღებას არა მხოლოდ ლგბტ თემის პრობლემებზე ამახვილებს, არამედ ისეთი საკითხების კრიტიკულ შეფასებასაც მოიცავს, როგორებიცაა: სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, მედიის თავისუფლება, შრომითი უფლებები და ქალთა უფლებები. დამატებით ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხებზე სხვა საერთაშორისო აქტორების დასკვნები, მათ შორის - ევროპარლამენტის მიერ მედიის თავისუფლების შესახებ ივნისში მიღებული რეზოლუცია, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წელს ომის დანაშაულებისთვის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის სამი წევრის მიმართ დაკავების ორდერების გამოცემა და ა.შ.

ანგარიშში სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიების საკითხში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ციხის პერსონალისა და პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე სახალხო დამცველის აპარატში შესული საჩივრები, ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები განიხილება. ანგარიშში ასევე მოხვდა 2022 წლის იანვარში პოლიციელის მიერ სმენადაქვეითებული მოზარდის ცემის შემთხვევა, მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერის - გიორგი მჟავანაძის, განცხადება, სადაც ის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული მასალები, სადაც ოპოზიციურ პარტიებზე მასშტაბური თვალთვალია აღბეჭდილი.

Human Rights Watch-ის ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც მედია თავისუფლებას შეეხება, მიმოხილულია ნიკა გვარამიას დაკავება, ჟურნალისტთა საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის შემთხვევების გახშირება. ანგარიშში ასევე ნახსენებია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების მიერ მაუწყებლის მენეჯმენტის მიერ ცენზურისა და სარედაქციო პოლიტიკაში „უხეში ჩარევის“ გამო მენეჯმენტისკენ მიმართული ბრალდება.

შრომითი უფლებების საკითხში კანონმდებლობის გაუმჯობესების მიუხედავად, ანგარიში შრომის სამართლიანი პირობების უზრუნველყოფის საკითხში არსებულ ხარვეზებს, მათ შორის - სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პრობლემებს, ხელფასების დაურეგულირებლობის გამო - მშრომელთა ექსპლუატაციის საფრთხეს და ა.შ. მიმოიხილავს.

სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნაწილში მიმოხილულია ლგბტ ადამიანების შევიწროების, ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევები და 2021 წლის ივლისში „თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევის საქმეზე სასამართლო პროცესი. ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არ დაუსჯია. განხილულია 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, 2021 წლის დეკემბერში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქალთა უფლებების ნაწილში ანგარიში იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ოჯახის წევრების მიერ ქალთა მოკვლის ან მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს მიმოიხილავს. ანგარიშში ნახსენებია ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2014 წელს ხანუმ ჯეირანოვას მიმართ, რომელიც თანასოფლელების მხრიდან საჯარო დამცირების და ფიზიკური ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა, საქართველოს სახელმწიფომ „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ რამდენიმე მუხლი დაარღვია.

ცნობისთვის, ანგარიში Human Rights Watch-ის მიერ 100-მდე სახელმწიფოს შესახებ ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით მთავარი მოვლენების შესახებ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშების სერიიდანაა. ანგარიშებში ყურადღება ამა თუ იმ სახელმწიფოში ზოგადად ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით ძირითად მოვლენებზე მახვილდება. საქართველოს შესახებ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიში მუნიციპალური არჩევნების, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიების, მედიის თავისუფლების, სექსუალურ ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის, ბავშვთა უფლებებისა და შრომითი უფლებების საკითხებს თანაბარ ყურადღებას უთმობს. 2021 წელს გამოქვეყნებული ანგარიში კი Covid-19-სა და ადამიანის უფლებებს, საპარლამენტო არჩევნებს, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიებას, სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერული იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მედიის თავისუფლებას, შრომით უფლებებსა და ნარკოპოლიტიკას მიმოიხილავს.

Human Rights Watch არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვაა და ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე სისტემურ გამოძიებასა და კვლევას 90-ზე მეტ ქვეყანაში ატარებს. დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ორგანიზაცია მთავრობის დაფინანსებაზე უარს ამბობს. შესაბამისად, ორგანიზაცია არცერთი სახელმწიფოს ინტერესებს არ გამოხატავს და არ ასრულებს.

ამდენად, Human Rights Watch დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ის არა სახელმწიფოების პოლიტიკურ ინტერესებს, არამედ ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება. ამიტომ, ორგანიზაცია, როგორც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებს, ისე ქალთა უფლებებს, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიების საკითხს, მედიის თავისუფლებას, შრომით უფლებებს და ა.შ., სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის კონტექსტში განიხილავს.

---------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4676 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი