2018 წლის მესამე კვარტლის შემდეგ პირველად და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორედ, 2022 წლის მესამე კვარტლის მიმდინარე ანგარიში პროფიციტული აღმოჩნდა. პროფიციტმა თანხობრივად - 400 მლნ აშშ დოლარი, მშპ-სთან მიმართებაში კი 5.9% შეადგინა.
მიმდინარე ანგარიში საგადასახდელო ბალანსის ნაწილია, ის ქვეყანაში შემოსულ და ქვეყნიდან გასულ ფულადი ნაკადების ბრუნვას ასახავს. თუ რეზიდენტი პირების შემოსავლები და დანაზოგები მათ მოხმარებას აღემატება, სხვაობა საგარეო წყაროებით, კერძოდ - კაპიტალური ტრანსფერებით, უცხოური ინვესტიციებითა და საგარეო ვალით იფარება.
მიმდინარე ანგარიში საქონელსა და მომსახურებას, პირველადი შემოსავლების ნაკადს (შემოსავლების ნაკადი რეზიდენტ და არარეზიდენტ ინსტიტუციურ ერთეულებს შორის ის მოიცავს: შრომის ანაზღაურებასა და საინვესტიციო შემოსავალს) და მეორადი შემოსავლების ნაკადს (მიმდინარე ტრანსფერებს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის) აერთიანებს. ე.ი. აღნიშნული ანგარიშის დეფიციტი ქვეყნის სავაჭრო სალდოს და შემოსავლებს შორის სხვაობას ასახავს.
1995 წლიდან მოყოლებული, საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობა ყოველთვის დეფიციტურია. ქვეყნის მოხმარება წარმოებას უსწრებდა, რის გამოც იმპორტი ყოველთვის აღემატებოდა ექსპორტს. ცალკეული გამონაკლისების გარდა, საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ექსპორტთან ერთად იმპორტიც იზრდებოდა, სალდო, უარყოფითი რჩებოდა.
რადგან მთლიან საგადასახდელო ბალანსში საგარეო ვაჭრობას მნიშვნელოვანი წილი უკავია, მისი დეფიციტი ხშირად მთლიან მიმდინარე ანგარიშს ამინუსებს.
საქონლით ვაჭრობისგან განსხვავებით, მომსახურებით ვაჭრობა პროფიციტულია. საქართველოში ჩამოსული არარეზიდენტები (მაგ: ტურისტები) უფრო მეტ თანხას ხარჯავენ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ. 2022 წელს, მომსახურებით ვაჭრობის ბალანსის კიდევ უფრო გაუმჯობესებამ, მესამე კვარტალში მთლიანი მიმდინარე ანგარიშის პროფიციტულად გახდომას შეუწყო ხელი.
ტურიზმის მსგავსად, პროფიციტულია ფულადი ტრანსფერებიც. საზვარგარეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობა, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხულ თანხის მოცულობას აღემატება.
2021 წლის მესამე კვარტალში დეფიციტმა 412 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, 2020 წლის მესამე კვარტალში 574 მლნ აშშ დოლარს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 38 მლნ აშშ დოლარს. 2020 და 2021 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მოცულობა 2018-2019 წლებთან შედარებით თითქმის გაორმაგდა და 2 მლრდ აშშ დოლარს მიუახლოვდა. დეფიციტის ზრდა ძირითადად პანდემიისა და კოვიდრეგულაციების შედეგად ჩავარდნილი ტურისტული სეზონებით აიხსნება.
სებ-ის დაანგარიშებით, 2018 წელს მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2.7 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, 2019 წელს 2.6 მლრდ აშშ დოლარს, 2020 წელს ის 361 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს აღდგენა დაიწყო და 1.1 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. 2022 წლის პირველ სამ კვარტალში კი 2.2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 198%-ით, 2020 წლის პირველი სამი კვარტლის ჯამს 554%-ითა და 2019 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.
ეროვნული ბანკის კვლევის მიხედვით, 2022 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო 15.7%-ით 1.2 მლრდ დოლარამდე (3.3 მლრდ ლარამდე) გაიზარდა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 50.8%-ით, ხოლო იმპორტი 36.3%-ით გაიზარდა.
ტრანსპორტირებისა და ენერგომატარებლების, განსაკუთრებით კი ნავთობის გაძვირებამ, საქართელოსთვის იმპორტი გააძვირა, რაც გარკვეულწილად ლარის გამყარებამ დააბალანსა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკი საგარეო ვაჭრობას საქსტატისგან განსხვავებული მეთოდოლოგიით აღრიცხავს (რეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე არარეზიდენტი პირისთვის მიყიდული პროდუქცია ეროვნული ბანკის მეთოდოლოგიით ექსპორტად ითვლება). საქასტატის მიხედვით, იმავე პერიოდში, ექსპორტი 40.5%-ით ხოლო იმპორტი 32.3%-ით გაიზარდა. მეთოდოლოგია განსხვავებულია ტურიზმის სექტორშიც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2022 წლის პირველ სამ კვარტალშინ 2.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
ცხრილი 1: საქართველოს საგადასახდელო ბალანსი
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
მესამე კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მსხვილი კომპონენტი მომსახურება იყო, რაც მოგზაურთა მომსახურების ექსპორტის ზრდას უკავშირდება. მისი აღდგენა 2021 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო და 2022 წლის მესამე კვარტალში $1.4 მლრდ დოლარს (3.9 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც პანდემიამდელ, ანუ 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.3%-ით აღემატება.
მიმდინარე ტრანსფერები, მიმდინარე ანგარიშში, ტრადიციულად დადებითი აღმოჩნდა, მისი კრედიტი 55.6%-ით - 947 მლნ დოლარამდე გაიზარდა. კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები კი 60.2%-ით - 901 მლნ დოლარამდე.
ტრანსფერებზე მნიშვნელოვანი გავლენა ფულადი გზავნილების სწრაფმა ზრდამ იქონია. მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გადმორიცხვები 64.9%-ით - 1.027 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. წმინდა გზავნილები (გადმორიცხვებს მინუს გადარიცხვები) კი 73.8%-ით - 938 მლნ-მდე. თავის მხრივ, გზავნილები დიდწილად რუსეთის ხარჯზე გაიზარდა. 2021 წლის ივლის-სექტემბერში, რუსეთიდან საქართელოში 116 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, 2022 წლის ივლის-სექტემბერში კი 231%-ით მეტი - 385 მლნ დოლარი.
წმინდა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2022 წლის მესამე კვარტალში 687 მლრდ დოლარს, კვარტალური მშპ-ს 10.1%-ს მიაღწია.
დეტალური ჩამონათვალი, ბოლო 3 წლის განმავლობაში თუ რა იზრდებოდა და რა მცირდებოდა, ცხრილშია მოცემული. კიდევ უფრო დეტალური სიის ნახვა მოცემულ ბმულზეა შესაძლებელი.
მეოთხე კვარტლის და შესაბამისად, მთლიანი 2022 წლის მონაცემებს, ეროვნული ბანკი 2023 წლის მარტში გამოაქვეყნებს.
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად და პროფიციტი ერთმნიშვნელოვნად დადებითად არ შეიძლება იქნას აღქმული. მსოფლიოს N1 ეკონომიკა შეერთებული შტატები - N1 იმპორტიორია, 2020 წელს მისმა სავაჭრო დეფიციტმა 651 მლრდ დოლარს მიაღწია. თუ სავაჭრო ბალანსი ექსპორტის ზრდის, ან ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქციის წარმოებით უმჯობესდება, ეს დადებითი მოვლენაა, მაგრამ შეიძლება იმპორტის შემცირების მიზეზი მოსახლეობის მსყიდვეულნარიანობის კლებაც გახდეს. ანალოგიურად, დეფიციტის შემავსებელი ტრანსფერების ზრდა შესაძლოა სოციალური პრობლემების გამო მიგრაციის ზრდას უკავშირდებოდეს, რაც პრობლემაა, მაგრამ თუ ის ტურისტების რაოდენობის ან ერთი ტურისტის მიერ საქართელოში დახარჯული უფრო დიდი მოცულობის თანხის შედეგად გაიზარდა, ეს უკვე ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე მეტყველებს.