მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სახელმწიფოს მკვლელობა არ ჩაუდენია

თეა წულუკიანი: მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სახელმწიფოს მკვლელობა არ ჩაუდენია

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, თეა წულუკიანის განცხადება არის მანიპულირება

რეზიუმე: 19 იანვარს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მთავრობას მომჩივანთათვის 25 000 ევროს გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ასპექტში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიების პროცესი არ იყო ეფექტიანი და სრულფასოვანი.

მე-2 მუხლის შინაარსობრივი ასპექტის დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, მისივე განმარტებით, არსებული მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაში გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მხარეთა ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების შეფასების შეუძლებლობის მიზეზად სასამართლომ საგამოძიებო პროცესის ხარვეზიანობა დაასახელა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა,თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შესაძლოა, სახელმწიფოს მხრიდან გამოძიების ხელახლა დაწყების საფუძველი გახდეს

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თეა წულუკიანის განცხადება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სახელმწიფოს მკვლელობა არ ჩაუდენია, მანიპულირებაა და გადაწყვეტილების სრულ კონტექსტს განზრახ ამახინჯებს, რომლის გათვალისწინებითაც, მაჩალიკაშვილის საქმეში სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

ანალიზი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სახელმწიფოს მკვლელობა არ ჩაუდენია. „დამტკიცდა ის, რაც სიმართლეა - სახელმწიფოს არ ჩაუდენია მკვლელობა, რომელსაც მას აბრალებდნენ. ამ შემთხვევაში, იგულისხმება სახელმწიფო, სპეცდანიშნულების რაზმელები, პოლიცია და სხვა იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები, რომლებიც ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. განაჩენი, დადგენილი წესით, გადაეცემა აღმასრულებელ კომიტეტს, რომელიც ევროსაბჭოში პოლიტიკური ორგანოა და იქ უკვე შედგება სამოქმედო გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა გამოსწორდეს ეს პროცედურული დარღვევები,“ - აღნიშნა მან.

„ფაქტ-მეტრმა“ თეა წულუკიანის განცხადება გადაამოწმა.

19 იანვარს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზეგადაწყვეტილებაგამოაქვეყნა. სასამართლომ დაასკვნა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ ასპექტში და საქართველოს მთავრობას 25 000 ევრო გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ასპექტში, რამდენადაც მიიჩნია, რომ გამოძიების პროცესი არ იყო ეფექტიანი და სრულფასოვანი.

„პროცესის ხარვეზების გათვალისწინებით, კერძოდ, ხარვეზიანი პირველადი საგამოძიებო ეტაპის, მათ შორის, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვებისა და დამუშავების ხერხის გათვალისწინებით, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ფაზის ზედაპირული გამოკვლევის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დაგვიანებული დაკითხვის გათვალისწინებით, მომჩივანი პირებისთვის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, რამაც მათ ხელი შეუშალა პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრებაში – სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა ეფექტიანი და სრულფასოვანი გამოძიების მოთხოვნები კონვენციის მე-2 მუხლის მიზნებისთვის“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ მე-2 მუხლის შინაარსობრივი ასპექტის დარღვევა ვერ დაადგინა, რადგან, მისივე განმარტებით, არსებული მტკიცებულებები არ აღმოჩნდა საკმარისი საიმისოდ, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მაჩალიკაშვილის გარდაცვალებაში გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდეს. აღსანიშნავია, რომ მხარეთა ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების შეფასების შეუძლებლობის მიზეზად სასამართლო საგამოძიებო პროცესის ხარვეზიანობას ასახელებს. „სასამართლო მიიჩნევს, რომ მის წინაშე არსებული მტკიცებულებები შეუძლებელს ხდის ზემოაღნიშნული ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების შეფასებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც გამომდინარეობს გამოძიების ხარვეზებიდან“, - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, შესაძლოა, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე, სახელმწიფოს მხრიდან გამოძიების ხელახლა დაწყების საფუძველი გახდეს. როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, „რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“.

აღნიშნულის გათვალისწინებით, თეა წულუკიანის განცხადება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ სახელმწიფოს მკვლელობა არ ჩაუდენია, მანიპულაციაა და გადაწყვეტილების სრულ კონტექსტს განზრახ ამახინჯებს. ამასთან, ამ განცხადებით წულუკიანი სასამართლოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევის დადგენას, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი დაცული სფეროა სიცოცხლის უფლების ქვეშ, მნიშვნელობას მანიპულაციურად უკარგავს.

თეა წულუკიანის განცხადების პათოსი - თითქოს, საქმეში მხოლოდ , „ცალკეული პროცედურული საკითხები“ იყო პრობლემა - „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმა და იუსტიციის სამინისტრომაც გაიზიარა.

გადაწყვეტილების მნიშვნელობის უკეთ გასააზრებლად, „ფაქტ-მეტრი“ მკითხველს შეახსენებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ, ისევე, როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, სანდრო გირგვლიანის საქმეშიც დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტის დარღვევა, თუმცა ვერ დაადგინა ამავე მუხლის შინაარსობრივი ასპექტის დარღვევა:

რაც შეეხება განმცხადებელთა განცხადებას, რომ მათი შვილი კაფე „შარდენში“ შეკრებილი შსს-ს მაღალჩინოსნების - ბოროტმოქმედთა უფროსების ბრძანებით მოკლეს, სასამართლოს, მის ხელთ არსებული მასალის ჯეროვნად შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი იმისათვის, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის შესაბამისად, გაკეთდეს ესოდენ შორს მიმავალი ფაქტობრივი ხასიათის დასკვნა“, - ვკითხულობთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“.

გირგვლიანის საქმისგან განსხვავებით, მაჩალიკაშვილის საქმეზე „ქართული ოცნება“ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სიცოცხლის უფლების დარღვევასთან დაკავშირებით მის მსჯელობას მანიპულაციურად, დამახინჯებულად ინტერპრეტირებს. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული დარღვევის აღიარება „ქართულ ოცნებას“ სიტყვასიტყვით განმარტებამდე დაყავს, უმნიშვნელოდ წარმოაჩენს და ცდილობს, შთაბეჭდილება შექმნას, რომ სახელმწიფო მაჩალიკაშვილის საქმეში გამართლდა.