იტვირთება

14 იანვარს Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია ცეცხლმოკიდებული ეკლესია. ვიდეოს თან ერთვის პოსტის ავტორის კომენტარი, რომლის თანახმადაც, ტაძრის დაწვის მიზეზი კიევისა და სრულიად უკრაინის კანონიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვრის მიერ სქიზმატურ, არაკანონიკურ პატრიარქატზე გადასვლაზე უარის თქმაა.

უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს: მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Українська православна церква Московського патріархату- УПЦ МП) და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (Православна церква України – ПЦУ). უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (ПЦУ) ავტოკეფალია 2019 წელს მიიღო. 2022 წლის 27 მაისს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (УПЦ-МП) „სრული დამოუკიდებლობა“ გამოაცხადა. ПЦУ-ის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია განსაკუთრებით გააქტიურდა 2022 წელს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ УПЦ-МП-ის ტაძრებში ჩხრეკის ჩატარების შემდეგ.

Facebook მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში არსებულ ეკლესიასთან დაკავშირებით Google-ის ფოტოს საძიებო სისტემით (Google reverse image search) ძიებისას დადგინდა, რომ ვიდეოში ასახულია წმინდა თეოდოს ჩერნიგოველის მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქის სოფელ ნოვოალექსანდრივკაში მდებარეობს. ეკლესიაში ხანძარი 2021 წლის 19 იანვარს გაჩნდა, რის შედეგადაც დაზიანდა ტაძრის ცენტრალური გუმბათი და განადგურდა ტაძრის შენობის შიდა ნაწილი და სახურავი.

2021 წლის 19 იანვარს მომხდარს უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური Facebook გვერდზე გამოეხმაურა. სახელმწიფო სამსახურმა პოსტში აღნიშნა, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო და არავინ დაშავებულა. 2021 წლის 27 იანვარს ტაძრის ერთ-ერთმა მღვდელმა დიმიტრი ფედნოვმა თავის Facebook გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ, ტაძარში ცეცხლის გაჩენა ელექტროსისტემის საგანგებო რეჟიმში მუშაობამ გამოიწვია. ფედნოვის თქმით, დანარჩენი ვერსიები, მათ შორის ის, რომ ხანძრის წყარო ტაძრის გარეთ იყო, გამორიცხულია.

ამრიგად, მტკიცება, რომ ხანძრის მიზეზი კიევისა და სრულიად უკრაინის კანონიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი მართლმადიდებლური ტაძრის წინამძღვრის მიერ სქიზმატურ, არაკანონიკურ პატრიარქატზე გადასვლაზე უარის თქმაა, ყალბი ამბავია. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში ცეცხლის გაჩენა ელექტროგაყვანილობის პრობლემამ გამოიწვია.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4786 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
17%
მეტწილად სიმართლე
10%
ტყუილი
8%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი