ქართულ და რუსულ სოციალურ ქსელებში აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენის, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისა და აშშ-ის პირველი ლედის ჯილ ბაიდენის ფოტო ვრცელდება, რომელშიც ბაიდენს ზელენსკის საჯდომზე აქვს ხელი მოკიდებული. სინამდვილეში, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო რედაქტირების შედეგია და რეალობას არ ასახავს.

2022 წლის 21 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ომის დაწყების შემდგომ, პირველად დატოვა უკრაინის ტერიტორია და სამუშაო ვიზიტით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ეწვია. გავრცელებული ფოტო სწორედ აღნიშნული ვიზიტის დროს არის გადაღებული.

ფოტოს ორიგინალი ვერსია აშშ-ის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა twitter-ის ანგარიშზე ატვირთა აღწერით - „პრეზიდენტო ზელენსკი, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს სიყვარულს და მხარდაჭერას თან წაუღებთ ოლენას და თქვენს შვილებს და უკრაინის ყველა ოჯახს 💕“.

ორიგინალი ფოტოს ნახვის შემდგომ, აშკარა ხდება, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო არის სახეცვლილი. პრეზიდენტ ბაიდენს ორიგინალ ფოტოში ხელი ზელენსკის ზურგს უკან აქვს მოხვეული.

ორიგინალი ფოტო დარედაქტირებული ფოტო

მსგავსი კადრი დაფიქსირებული არ არის არცერთ ფოტო თუ ვიდეო მასალაში, რომელიც ამ დღეს არის გადაღებული.

ფოტო მასალა აღებულია AFP-დან

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ფოტოს სხვა რედაქტირებული ვარიანტიც გავრცელდა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოები რეალობას არ ასახავს და ისინი პრეზიდენტ ბაიდენისა და ზელენსკის დისკრედიტაციის მიზნით ვრცელდება.

---------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.