სოციალურ ქსელში Covid -19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება (1, 2, 3). მტკიცების თანახმად, ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა განაცხადა, რომ „გლობალისტური ელიტა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პლანეტის დეპოპულაციისთვის იყენებს“. აღნიშნულ ცნობას თან ერთვის ვიდეოც, სადაც ფლორიდის გუბერნატორი ვაქცინების შესახებ საუბრობს.
სინამდვილეში, ფლორიდის შტატის გუბერნატორის ეს ვიდეო 13 დეკემბერს გამართულ შეხვედრას ასახავს, რომლის ფარგლებშიც რონ დესანტისი სამედიცინო სფეროს ექსპერტებთან ერთად ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობდა. ამავე დღეს, ფლორიდის გუბერნატორმა შტატის უზენაეს სასამართლოს სპეციალური განცხადებით მიმართა, რათა სასამართლომ გამოიძიოს ნებისმიერი პოტენციური კანონსაწინააღმდეგო საქმიანობა, რომელიც Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნასთან, პოპულარიზაციასთან და მიწოდებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
სასამართლოსთვის გაგზავნილ ვრცელ განცხადებაში, ფლორიდის გუბერნატორი ორ ძირითად საკითხს გამოყოფს: 1) რონ დესანტისი ამტკიცებს, რომ ვაქცინის შემქმნელმა კომპანიებმა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაღალჩინოსნებმა კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით აცრების ეფექტურობის შესახებ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს; 2) ამასთან, გუბერნატორის მტკიცებით, სხვადასხვა სამეცნიერო კვლევით გამოჩნდა, რომ ვაქცინები საკმარისად უსაფრთხო არაა და ხშირად ახალგაზრდებში გულის შეტევას იწვევს - რონ დესანტისი ორივე კითხვის პასუხად, არა „გლობალური ელიტების მიერ მსოფლიო მოსახლეობის შემცირებას“, არამედ, ფარმაცევტული კომპანიებისა და სხვა დაინტერესებული პირების ფინანსურ სარგებელს ასახელებს.
ამდენად, მტკიცება, თითქოს, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ „გლობალისტური ელიტა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას პლანეტის დეპოპულაციისთვის იყენებს“, ყალბია.
------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.