Facebook-ანგარიში Infoanalytical Ge Facebook-ჯგუფში „მიხეილ სააკაშვილის შტაბი“ მიხეილ სააკაშვილის 22 დეკემბრის სასამართლო პროცესის პარალელურად დაორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით მანიპულაციურ ინფორმაციას ხელახლა ავრცელებს. ანგარიში 21 დეკემბრიდან აანონსებს, რომ 22 დეკემბერს სასამართლოსთან პროტესტის უკიდურეს ფორმას უნდა მიმართონ, ამიტომ მოსახლეობას მოუწოდებს, სასამართლოს წინ გასაშლელად და ღამის გასათევად ლეიბები და საბნები წამოიღონ. ანგარიშის მიერ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ პირველ პოსტს თან ერთვის ნიკა მელიას ფოტო, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ზემოთ აღნიშნული მოწოდება მელიას ეკუთვნის. მოგვიანებით გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით კი ანგარიში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „ისევ დაშალეს აქცია, დაპირებულ ადაიალებზე გაწოლას აღარ გეგმავენ 😡😡😡“.

21 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე დაგეგმილ 22 დეკემბრის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია გვაქვს, უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი - რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია - შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!“. წინა გამოსვლებში ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროში ხელოვნურად გაწელვის განზრახვის შესახებ ისაუბრა და მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამასთან დაკავშირებულ საფრთხეებს საგანგებოდ გაუსვა ხაზი.

თბილისში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ერთ-ერთი აქცია 18 დეკემბერს გაიმართა. მოქალაქეთა ჯგუფი სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან შეიკრიბა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ, რომელიც პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, აღნიშნა, რომ „პერმანენტული აქციები“ მოეწყობა, თუ 22 დეკემბრის პროცესზე სასამართლო ექსპრეზიდენტს პატიმრობაში დატოვებს. მისი თქმით, „ეს აქციები იქნება წერტილოვანი და პირველ რიგში იქნება ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლებთან, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან…“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, რომელიც ასევე იმყოფებოდა 18 დეკემბრის შეკრებაზე, შეუერთდება „ყველა აქციას, სადაც საუბარი იქნება რუსი ოლიგარქის დასრულებაზე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აქციებს აქტიურად აანონსებენ, თუმცა არც ერთი წევრის მიერ მოწოდება - სასამართლოს წინ ლეიბებისა და საბნების გაშლასთან და ღამის გათევასთან დაკავშირებით, არ გავრცელებულა. Infoanalytical Ge აღნიშნულ მოწოდებას თავად ავრცელებს და მას თან ნიკა მელიას ფოტოს ურთავს, რითაც საზოგადოების დეზორიენტაციას და შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

წყაროს შესახებ:

Facebook-ანგარიში Infoanalytical.Ge კრემლის პოლიტიკისა და პრორუსული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერის, ირაკლი ჯანყარაშვილის სახელთან არის დაკავშირებული. ანგარიში ხშირად აზიარებს „კონსერვატიული მოძრაობის“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის ზეზვა ჩანქსელიანის და ირაკლი ჯანყარაშვილის Facebook-პოსტებს. ირაკლი ჯანყარაშვილი ასევე მართავდა იმავე სახელწოდების პრორუსულ ონლაინ გამოცემას infoanalytical.ge, სადაც ანტიამერიკული და პრორუსული სტატიები ქვეყნდებოდა. აღნიშნული ვებგვერდი ამჟამად არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა, Facebook-ზე იძებნება იდენტური სახელის მქონე გვერდიც - infoanalytical.ge – რომელიც 2022 წლის 2 თებერვალსაა შექმნილი და როგორც ზეზვა ჩანქსელიანის და ირაკლი ჯანყარაშვილის, ასევე infoanalytical.ge-სა და tvalsazrisi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს აზიარებს.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი