აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკვე შეისწავლა და შესაბამისი დასკვნაც გამოაქვეყნა.

მომავალი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 31 039 700 ლარით (6.4%) იზრდება და 512 549 400 ლარს შეადგენს, ხოლო გადასახდელების ნაწილში 53 243 500-ლარიანი (11.0%) ზრდა დაიგეგმა, რაც ნიშნავს, რომ 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობა 535 549 400 ლარს გაუტოლდა. როგორც ვხედავთ, გადასახდელების გეგმური მაჩვენებელი შემოსულობებს 23 000 000 ლარით აღემატება. ამიტომ დაგეგმილია ბიუჯეტის ნაშთის გამოყენება. გეგმის 100%-იანი შესრულების შემთხვევაში, მომდევნო წლის ბოლოს, ბიუჯეტის ანგარიშზე თავისუფალი ნაშთი არ უნდა იყოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ გადასახდელების არათანაბარზომიერი ათვისების პირობებში, 2022 წლის ბოლოს ნაშთის საპროგნოზო მოცულობით ათვისების ალბათობა დაბალია.

2023 წელს შემოსულობების ზრდას, უმთავრესად, შემოსავლების ზრდა განაპირობებს. მცირდება არაფინანსური აქტივების კლების კომპონენტი, ხოლო ვალდებულებების ზრდა დაგეგმილი არ არის.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები კომპონენტების მიხედვით, ლ

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში

როგორც ცხრილი 1-დან ჩანს, მომდევნო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი არა მხოლოდ 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს აღემატება, არამედ - 2023 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტის გეგმასაც. კერძოდ, შემოსავლების გადამუშავებული გეგმა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პარამეტრთან მიმართებით, 19.1%-ით მეტია, ხოლო 2023 წლის პირვანდელ ვარიანტთან მიმართებით, 9.4%-ით არის გაზრდილი.

როგორც ვიცით, შემოსავლები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: „გადასახადები“, „გრანტები“ და „სხვა შემოსავლები“. რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების ძირითად წყაროს საშემოსავლო გადასახადი წარმოადგენს, რომლის საპროგნოზო მაჩვენებელიც, 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან მიმართებით, 20.0%-ით იზრდება. კერძოდ, დაგეგმილია, რომ მომავალ წელს, საშემოსავლო გადასახადის სახით, რესპუბლიკურ ბიუჯეტში 420 000 000 ლარი შევა.

ცხრილი 2. აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში

გარდა „გადასახადებისა“, გადამუშავებულ ვარიანტში გაზრდილია „გრანტების“ მუხლის მაჩვენებელიც. აღნიშნული გრანტი ბიუჯეტმა გაეროს ბავშვთა ფონდთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მიიღოს. თანხა მიზნობრივია და ის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამას „ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა აჭარის საჯარო სკოლებში“ მოხმარდება. რაც შეეხება „სხვა შემოსავლებს“, აქ ყველაზე მსხვილ კატეგორიას წარმოადგენს პროცენტების სახით მისაღები შემოსავლები, რომელიც 7 000 000 ლარს უტოლდება. აღნინიშნული დაკავშირებულია ბიუჯეტის ანგარიშზე ნაშთის ზრდის პროგნოზთან. ანგარიშში წერია, რომ ბოლო წლებში ნაშთის მეტ-ნაკლები შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა. 2021 წლის დეკემბერში გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 11 თვის გადასახდელების საშუალო თვიური მაჩვენებლის 366.2% შეადგინა. აუდიტი აღნიშნავს, რომ მოცულობითი ხარჯვა მოსალოდნელია 2022 წლის დეკემბერშიც და აღნიშნული პრაქტიკა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტშიც შენარჩუნებულია. ეს კი, უწყების შეფასებით, პროგრამების/ქვეპროგრამების მართვაში არსებული ხარვეზების შედეგია და ასიგნებების დროულ და თანაბარზომიერ ათვისებას უქმნის პრობლემას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოსაზრება გამოთქვა ასევე „არაფინანსური აქტივების კლების“ მუხლით მისაღები შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელთან მიმართებით. კერძოდ, აღნიშნული პარამეტრი 80 415 700 ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის გეგმურ მაჩვენებელზე 18 284 300 ლარით (18.5%-ით) ნაკლებია, მაგრამ 2021 წლის ფაქტს - 3.6-ჯერ, ხოლო 2020 წლის ფაქტს 8-ჯერ აღემატება. უწყება აღნიშნავს, რომ საპრივატიზებო აქტივების მოცულობა და ღირებულება, ბოლო პერიოდში, არსებითად არ გაზრდილა. ამის გათვალისწინებით, არაფინანსური აქტივების კლებით მისაღები შემოსულობების ასეთი მოცულობით დაგეგმვა ოპტიმისტურია და მეტ დასაბუთებას საჭიროებს. სახელმწიფო აუდიტს მიაჩნია, რომ ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები სათანადო ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს.

როგორც აღვნიშნეთ, 2023 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში იზრდება გადასახდელების მოცულობაც. შესამჩნევად იმატებს „შრომის ანაზღაურების“ მუხლის საპროგნოზო მაჩვენებელიც.

ცხრილი 3. აჭარის ა/რ 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში

2022 წლის ხარჯების გეგმის მთლიანი მოცულობა 362 889 200 ლარია. 2023 წლის ანალოგიური პარამეტრის საპროგნოზო მაჩვენებელი კი ჯერ 371 460 900 ლარით დაიგეგმა, ხოლო შემდეგ - 391 612 400 ლარით. მიმდინარე წლის მაჩვენებლებთან შედარებით, „სხვა ხარჯების“ გარდა, ზრდა ყველა კომპონენტში ფიქსირდება. რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტის პირვანდელ და გადამუშავებულ მაჩვენებლებს, მეორე ვარიანტში ზრდა შეეხო მუხლებს: „შრომის ანაზღაურება“, „საქონელი და მომსახურება“, „სუბსიდიები“, „გრანტები“.

გრაფიკი 1. აჭარის ა/რ რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში

გრაფიკი 1 აჩვენებს, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის (რომელშიც შედის შტატგარეშეთა ხელფასი, ოფისის, მივლინებების, წარმომადგენლობითი, რბილი ინვენტარის, ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და სხვა ხარჯები) საპროგნოზო მაჩვენებელი, 2022 წლის გეგმასთან მიმართებით, გაზრდილია, შესაბამისად, 23.9%-ით და 34.6%-ით. აღნიშნული პარამეტრები მომავალი წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტში ნაკლები მოცულობით იყო დაგეგმილი. კერძოდ, შრომის ანაზღაურების გადამუშავებული საპროგნოზო მაჩვენებელი, პირვანდელ ვარიანტთან მიმართებით, 20.5%-ით მეტია, ხოლო საქონელი და მომსახურება - 11.6%-ით.

იზრდება აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს, უსკოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების ასიგნებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შემთხვევაში.

ცხრილი 4. ასიგნებების საპროგნოზო მაჩვენებელი

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის თანახმად, იზრდება შტატში დასაქმებულთა რიცხოვნობა. თუ 2022 წლის გეგმის მიხედვით, მათი რაოდენობა 3 304 ადამიანს შეადგენდა, მომავალ წელს 11-ით გაიზრდება და შრომის ანაზღაურებას 3 315 პირი მიიღებს (იგულისხმება მხოლოდ შტატში დასაქმებული. შტატგარეშეთა ანაზღაურება, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მუხლ „საქონელსა და მომსახურებაში“ შედის). აქედან 13-ით - ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში და 2-ით ჯანდაცვის სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება, ხოლო ოთხი ადამიანით მცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასაქმებულთა რიცხოვნობა.

აუდიტის დასკვნაში, შენიშვნის სახით, მითითებულია, რომ მოსალოდნელი შედეგების შეფასების ინდიკატორები სრულყოფასა და გაუმჯობესებას საჭიროებს. ასევე, დანართში წარმოდგენილი სამოცი პროგრამიდან, ჩვიდმეტი არ არის ქვეპროგრამებად ჩაშლილი. უწყების რეკომენდაციით, საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ამაღლების მიზნით, უნდა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელშიც პროგრამული ბიუჯეტის გაუმჯობესებისთვის კონკრეტული აქტივობები გაიწერება.


მსგავსი სიახლეები

5460 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი