ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის ეთერში გადაცემა „დღის შეჯამება“ ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად გავიდა, სადაც წამყვანი მოწვეულ სტუმართან, ტრისტან წითელაშვილთან ერთად უკრაინაში მიმდინარე საომარ მდგომარეობას განიხილავდა. აღსანიშნავია, რომ პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი 2008 წლის ომის დროს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის იყო დაპატიმრებული და მოგვიანებით, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა.

ბახმუტში არსებულ საბრძოლო ვითარებაზე საუბრისას, ტრისტან წითელაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები კვებისა და მომარაგების კუთხით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა, რომ (00:58:50-დან) „უამრავი დახმარებები მიდის უკრაინისკენ, როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან და ეს დახმარებები უკვე მიდის სხვადასხვა მიმართულებით და იყიდება შავ ბაზრებზე. ეს არ შეეხება მხოლოდ კვების პროდუქტებს, ეს არის შეიარაღება. შეიარაღება რომელიც მოდის უკრაინაში და უკრაინელმა ჯარისკაცმა უნდა მიიღოს ეს შეიარაღება, პირველი, ჯერ ეს ერთი ეს არის ძველი, ძველი საბჭოთა კავშირის მიერ ჩატოვებული ტექნიკა, რომელიც საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან, ეს არის უვარგისი და ამას ვერ გამოიყენებ ვერც ერთ შემთხვევაში, ამას აღარ იყენებენ. მეორე საბრძოლო იარაღი და საბრძოლო ვაზნები და თუნდაც ის ყუმბარმტყორცნები და სტინგერები და ჯაველინები, რომელიც მოდის უკრაინაში, სადღაც 30% აღწევს, და ამდენიც უკვე აღარ აღწევს წინა ხაზზე, მიმოფანტულია სხვადასხვა ქვეყნებში და არსებობს ინფორმაცია და იმის მინიშნებები, რომ ეს საბრძოლო მასალები არის სხვადასხვა დაჯგუფების ხელში, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე აზიის ქვეყნებში, ტერორისტების ხელში აღმოჩნდა ეს ყველაფერი და გადაყიდვა მიდის ამ შეიარაღების. ამაში ჩართულია როგორც ზელენსკი და მისი გარემოცვა, ასევე არის ჰანტერ ბაიდენი, ბაიდენის შვილი და ასევე ჩართულია ევროპის ქვეყნების იარაღის მაგნატები... ასე, რომ კიდევ ვიმეორებ რა დახმარებებიც მოდის უკრაინაში, მხოლოდ 30% აღწევს უკრაინაში და დანარჩენი იფანტება და ამიტომაც არიან უკრაინელი ჯარისკაცები უკმაყოფილოები“.

ტრისტან წითელაშვილის აღნიშნული განცხადება რუსული არხების მიერ თვეების განმავლობაში დამუშავებული ანტიუკრაინული და ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების მორიგი მცდელობაა და დეზინფორმაციულ გზავნილს ის ორი მიმართულებით შეიცავს.

მტკიცება #1: მოკავშირეები უკრაინას გამოუსადეგარ ძველ საბჭოთა შეიარაღებას გადასცემენ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ თვეებში, უკრაინისთვის მართლაც მოხდა დიდი რაოდენობით საბჭოთა შეიარაღების გადაცემა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისგან, თუმცა იმის მტკიცება, რომ ეს შეიარაღება გამოუსადეგარია და ევროპულმა სახელმწიფოებმა ისინი უბრალოდ მოიშორეს, ცალსახად მცდარი მტკიცებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ საბჭოთა შეიარაღების ნაწილს, რომელიც უკრაინას გადაეცემა, მოდერნიზაცია უტარდება. მაგალითად ჩეხეთი უკრაინისთვის გადასაცემ T72-ტიპის ტანკებს ახალ დამიზნების სისტემას, ჯავშანს და სხვა განახლებებს უმატებს.

საბჭოთა შეიარაღების გადაცემა ომის საწყის კვირებში, უკრაინის თავდაცვითი ძალისხმევის მხარდასაჭერად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ ამოცანას ომის საწყის ეტაპზე რუსეთის მსხვილმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შეკავება და სტრატეგიული წერტილების, მათ შორის - დიდი ქალაქებისა და დედაქალაქის დაცვა, წარმოადგენდა. შესაბამისად, სანამ თანამედროვე დასავლური შეიარაღება და სარაკეტო თუ საჰაერო თავდაცვის სისტემები შევიდოდა უკრაინაში, რომელთა ეფექტიანად გამოსაყენებლადაც სამხედრო პერსონალის გადამზადება იქნებოდა საჭირო, აუცილებელ ამოცანას წარმოადგენდა, უკრაინისთვის მათთვის უკვე კარგად ნაცნობი საბჭოთა წარმოების სამხედრო ტექნიკა სწრაფად მიეწოდებინათ.

გარდა იმისა, რომ საბჭოთა შეიარაღების გადაცემა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი იყო და ეს არ იყო უბრალოდ „გამოუსადეგარი შეიარაღების მოშორება“ ევროპული სახელმწიფოების მიერ, აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების უდიდესი ნაწილი აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შევიდა და ამ დახმარების უმეტესობა საბჭოთა შეიარაღებას საერთოდ არ წარმოადგენდა.

ქვემოთ გრაფიკულ გამოსახულებაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ (2022 წლის თებერვალი - ნოემბრის თვის ჩათვლით) შესული სამხედრო დახმარებაა წარმოდგენილი:

წყარო: BBC

როგორც გრაფიკულ გამოსახულებაზე ჩანს, დახმარების ყველაზე დიდი ნაწილი უკრაინაში აშშ-დან, გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან შევიდა.

რაც შეეხება დასავლეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემულ თანამედროვე და მოწინავე შეიარაღებას:

უკრაინის სამხედრო წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი შეიარაღების კუთხით იყო და არის აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული HIMARS-ები, (მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა). HIMARS-ი ამერიკის უმსხვილესი შეიარაღების მწარმოებელი გიგანტის - Lockheed Martin Corp.-ის მიერ შექმნილი საარტილერიო სარაკეტო სისტემაა, რომელიც აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაში 2001 წელს მიიღო და ის დღემდე აშშ-ის საარტილერიო შეიარაღების ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და თანამედროვე ზუსტი დამიზნების სარაკეტო სისტემად ითვლება.

HIMARS-ის სისტემებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების როგორც თავდაცვით, ისე შეტევით ოპერაციებში გადამწყვეტი როლი ითამაშეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ, საკუთარ Facebook- გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის HIMARS-ების და სხვა ზუსტი დამიზნების სისტემების როლზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მსგავსი შეიარაღება „ომის მიმდინარეობას ჩვენს სასარგებლოდ ცვლის“. ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-მა უკრაინას HIMARS-ის 20 სისტემა და ათი ათასობით საშუალო მანძილზე მოქმედი ჭურვი გადასცა. აღსანიშნავია, რომ რუსებმა, მათი გამალებული მცდელობის მიუხედავად, დღემდე დადასტურებულად ვერ მოახერხეს HIMARS-ის ვერც ერთი გამშვები სისტემის განადგურება, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად თანამედროვე და ეფექტიანია ეს სისტემები.

HIMARS-ების გარდა, უკრაინამ მიიღო ბრიტანეთის საარტილერიო შეიარაღებაში არსებული ყველაზე თანამედროვე და ღირებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა - M270.

უკრაინამ ასევე საფრანგეთისგან მიიღო „ცეზარის“ 18 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა, რომელიც ამ კლასის უახლესი შეიარაღებაა საფრანგეთის სამხედრო არსენალში. „ცეზარის“ ჰაუბიცა საფრანგეთმა შეიარაღებაში 2019 წელს მიიღო და სულ აქტიურ საბრძოლო მზადყოფნაში 70 ერთეული ჰქონდა, საიდანაც მეოთხედზე მეტი უკრაინას გადასცა.

უკრაინაში გერმანიიდან შევიდა „გეპარდის“ ათეულობით ანტი-საჰაერო საზენიტო თვითმავალი სისტემა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოგდებაში. ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინას 30 გეპარდის სისტემა გადაეცა. უკრაინამ ასევე მიიღო, NASAMS ტიპის უახლესი ანტი-საჰაერო თავდაცვის სისტემა აშშ-ის, ნორვეგიის და ესპანეთის დახმარებით.

ზემოთჩამოთვლილი შეიარაღების გარდა უკრაინამ ასევე მიიღო სხვა თანამედროვე და მოწინავე დასავლური შეიარაღება აშშ-დან, იტალიიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოსგან, საფრანგეთისგან, პოლონეთისგან, თურქეთისგან და ა.შ.

მტკიცება #2: უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების მხოლოდ 30% აღწევს ფრონტის ხაზზე, ხოლო მისი დიდი ნაწილი შავ ბაზარზე იყიდება

უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების შავ ბაზარზე გაყიდვის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია აქტიურად ავრცელებს და ამ ტიპის დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ არაერთხელ გამოააშკარავა. აღსანიშნავია, რომ რუსული პროპაგანდისტული მედიის გარდა, საკითხთან დაკავშირებით დეზინფორმაციას რუსი მაღალჩინოსნებიც ავრცელებენ. მათ შორისაა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერიც, მარია ზახაროვა, რომელიც დაუსაბუთებლად ამტკიცებდა, რომ „უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მოხვდა ან მალე მოხვდება შავ ბაზარზე“.

ამ საკითხთან დაკავშირებით, BBC-მ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. რუსულმა სახელმწიფო არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია ე.წ. შავ ინტერნეტში (Dark Web) უკრაინელების მიერ დასავლური შეიარაღების გაყიდვის შესახებ. BBC-ის ჟურნალისტები შენიღბული იდენტობით დაუკავშირდნენ რამდენიმე მსგავს ჯგუფს, რომლებიც ინტერნეტში დასავლურ შეიარაღებას ყიდდნენ. როგორც BBC-იმ გაარკვია უმეტესობა მათგანი ყალბი აღმოჩნდა. გასაყიდად გამოტანილი იარაღის სურათების ნაწილი რედაქტირებული იყო „ფოტოშოპის“ გამოყენებით, ზოგიერთი სურათი კი წლების წინანდელი იყო და 2022 წლის თებერვალში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ უკრაინისთვის გადაცემული დასავლური შეიარაღების შავ ბაზარზე მოხვედრის ფაქტს ვერ ადასტურებდა.

მართალია, დასავლური ინსტიტუტები და სახელმწიფოს წარმომადგენლები უკრაინაში გაგზავნილი შეიარაღების ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების ხელში მოხვედრისა და შავ ბაზარზე გაყიდვის შესახებ არსებულ რისკებზე საუბრობენ, თუმცა მტკიცება, რომ გაგზავნილი შეიარაღების მხოლოდ 30% აღწევს უკრაინაში, სიმართლეს არ შეესაბამება.

ევროპოლმა (ევროკავშირის პოლიციის სამსახური) გაავრცელა სპეციალური განცხადება უკრაინიდან იარაღის ტრეფიკინგის საფრთხეების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპოლს აქვს შესანიშნავი ურთიერთობა უკრაინის შესაბამის სამსახურებთან და მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს იარაღის ტრეფიკინგის შეკავების მიმართულებით.

ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, ამუნიცია, ასაფეთქებელი საშუალებები და წვრილ კალიბრიანი შეიარაღება, შესაძლოა იარაღის ტრეფიკინგის სამიზნე გახდეს, თუმცა როდესაც საუბარია თანამედროვე დასავლურ შეიარაღებაზე, საზენიტო და სარაკეტო სისტემებზე, ჯავშანტრანსპორტიორებზე, რადარსაწინააღმდეგო აღჭურვილობასა და თანამედროვე სადაზვერვო სისტემებზე, არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულებები მსგავსი შეიარაღების უკრაინის მიერ გაყიდვისა და „აზიისა და აფრიკის ტერორისტული დაჯგუფებების“ ხელში მოხვედრის შესახებ, როგორც ამას რუსული წყაროები და ტრისტან წითელაშვილი ამტკიცებენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის სამხედრო წარმატებას დიდწილად სწორედ დასავლეთისგან გადაცემული თანამედროვე შეიარაღება განაპირობებს. მაის-ივნისის პერიოდიდან, მას შემდეგ რაც უკრაინამ მიიღო თანამედროვე დასავლური საარტილერიო საზენიტო სისტემები, მკვეთრად შეიცვალა ომის მიმდინარეობა და უკრაინამ თავდაცვითი ბრძოლიდან მთელ რიგ მიმართულებებზე კონტრშეტევებზე გადასვა შეძლო. საშუალო მანძილზე მოქმედმა მულტიკალიბრულმა სარაკეტო სისტემებმა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შესაძლებლობა მისცა გაენადგურებინა რუსული არმიის მომარაგებისა და ლოჯისტიკის ხაზები, სამეთაურო პუნქტები და შეიარაღების საწყობები ფრონტის ხაზიდან ათეულობით კილომეტრის მოშორებით, რამაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა რუსულ არმიას და აიძულა, რამდენიმე მიმართულებაზე უკან დაეხიათ.

-----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5366 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი