ბლოგერმა ირაკლი ჯანყარაშვილმა „ობიექტივის“ ეთერში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ, უკრაინისგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, რადგან მან რუსეთთან ომში ჩართვაზე უარი თქვა. კონკრეტულად, წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე რამდენად რეალურია კანდიდატის სტატუსი მიიღოს საქართველომ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს პუნქტები არც თუ ისე მარტივი შესასრულებელია, ჯანყარაშვილი პასუხობს:
„2022 წელი იყო უკანასკნელი წელი როცა საბოლოოდ გადაწყდებოდა ვიქნებოდით, თუ - არა ევროპის წევრი და რა მოვისმინეთ ევროპისგან? საფრანგეთის პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ თქვენ რუკაზე ჩვენ არ გვესაზღვრებით. ევროკომისრებისგან მოვისმინეთ, რომ თქვენ უნდა იომოთ და მას შემდეგ იქნებით კანდიდატებიც და წევრებიც და ა.შ. რას ვხედავთ და რას ნიშნავს ეს. ევროკავშირი არის ჩვეულებრივი სტრუქტურა, ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი პოლიტიკური მიზნები, თავისი ინტერესები. თუ საქართველოს წევრობა მის პოლიტიკურ ინტერესში არ შევა ან მის პოლიტიკურ ინტერესებთან ნაწილობრივ თანხვედრაში არ მოვა, არც არასდროს შეუშვებს ევროკავშირში. რაც შეეხება მათ განცხადებებს, რომ უნდა გეომათ და უკრაინამ თავი შესწირა და თქვენ რატომ არ შესწირეთ თავი, შეგეწირათ თავი და მიიღებდით კანდიდატის სტატუსს. ესეც ამ ინტერესის გამოვლინების ნაწილია.
ევროკავშირის ინტერესი იყო ის, რომ რუსეთის ირგვლივ ყოფილიყო ომი და ცხელი წერტილები. უკრაინის შემთხვევაში, უკრაინამ ითამაშა ევროპაში მყოფი ომის პარტიების ლიდერებისა და ამერიკაში მყოფი ომის პარტიების ლიდერების თამაში და ამის სანაცვლოდ საჩუქრად მიიღო კანდიდატის სტატუსი.
გზავნილი, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ომის სანაცვლოდ კანდიდატის სტატუსსა და წევრობას მისცემენ, ტყუილია.
სინამდვილეში, იმისათვის, რომ რომელიმე ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, საჭიროა, დაკმაყოფილდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმები, რაც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის კრიტერიუმებს. უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, 2022 წლის 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა, შემდგომ კი საპასუხოდ მას გაერთიანებისგან გაწევრიანების შესახებ კითხვარი ორ ნაწილად გადაეცა. კითხვარის პირველი ნაწილი 42-გვერდიანი დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი - პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებად და საერთო ჯამში, 369 კითხვისგან შედგება. კითხვარის მეორე სექტორული ნაწილი კი 33 თავსა და 2300-მდე კითხვას მოიცავს, რომლებიც დარგობრივ თემებსა და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება. საქართველომ კითხვარის პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებზე 2022 წლის 11 აპრილს, ხოლო ნაწილი ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) დაკავშირებით 19 აპრილს მიიღო და პასუხები 2 და 10 მაისს წარმოადგინა. ევროკომისიის მოსაზრება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადის თაობაზე სწორედ აღნიშნული კითხვარიდან მიღებული ინფორმაციასა და კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე დაყრდნობით იქნა მიღებული.
2022 წლის 23 ივნისს საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანის შემდეგ, ევროკომისიის 17 ივნისის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ეს კი ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს მას შემდეგ, რაც რიგი პრიორიტეტული საკითხები იქნება გადაწყვეტილი. ევროკომისიამ საქართველოს აღნიშნული პრიორიტეტები 12 პუნქტის სახით გადასცა, მათ შორის არის დასახელებული ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დაძლევა და პოლიტიკური დიალოგი, სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და სხვ.
კომისიის შეფასებაში საქართველოში არსებული მდგომარეობა კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით არის განხილული. შეფასებაში პოლიტიკურ კრიტერიუმებთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს საფუძველი იმ ინსტიტუტების სტაბილურობის მისაღწევად, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას, იმისდა მიუხედავად, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის წინსვლას ზიანი მიაყენა.
რაც შეეხება ეკონომიკურ კრიტერიუმებს, საქართველომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის კარგ დონეს მიაღწია და აქვს ეკონომიკური პოლიტიკის მყარი გამოცდილება და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. მისი საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად საჭიროა შემდგომი რეფორმები და ინვესტიციები გრძელვადიანი ინკლუზიური ზრდისა და გარე კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირში კონკურენტულ ზეწოლასთან გასამკლავებლად ქვეყნის შესაძლებლობების გასამყარებლად, საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი ადამიანური კაპიტალი (განსაკუთრებით განათლების რეფორმის გზით), რათა შრომის ბაზარზე უზრუნველყოს შესაბამისი უნარების არსებობა და ინოვაციურობა, გააძლიეროს ფიზიკური ინფრასტრუქტურა განახლებადი ენერგიის გამომუშავების ჩათვლით და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე გლობალური ღირებულების ჯაჭვებზე წვდომა.
ხოლო, რაც შეეხება წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობებს, შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველო 2016 წლიდან მუშაობს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (AA/DFCTA) ჩათვლით, რეალიზებაზე. ეს შეთანხმებები ევროკავშირის კანონთა კრებულის (EU acquis) უპრეცედენტო მოცულობას უკვე მოიცავს. საქართველო ევროკავშირის კანონთა კრებულის (EU acquis) მრავალი თავის მნიშვნელოვან ელემენტებს თანდათან მიუახლოვდა. მას აქვს განხორციელების ზოგადი პოზიტიური გამოცდილება, თუმცა ზოგიერთ სექტორში ქვეყანა არის უფრო წინ წასული, ვიდრე სხვებში. მთლიანობაში საქართველომ შემდგომი შესაბამისობისთვის მყარი საფუძველი შექმნა.
ამდენად, არც კოპენჰაგენის კრიტერიუმები, არც საქართველოსთვის წარდგენილი კითხვარი და შემდეგ კომისიის მიერ მომზადებული შეფასება და მასზე დაფუძნებით გაცემული რეკომენდაციების 12 პუნქტი არ მოიცავს პირობას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსისა თუ წევრობისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში უნდა ჩაერთოს.
ამას ადასტურებს თავად ევროკავშირის ოფიციალური პირების, მათ შორის ევროკომისრების, მიერ გაკეთებული განცხადებებიც. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 17 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს განაცხადი ისეთივე ძლიერია და იგივე პოტენციალი აქვს, რაც უკრაინასა და მოლდოვას, თუმცა წარმატების მისაღწევად თბილისს სტრუქტურული რეფორმების გატარება დასჭირდებოდა. მან მოგვიანებითაც არაერთგზის გააჟღერა, რომ ევროკავშირი საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მხარს უჭერს.
17 ივნისს განცხადება გააკეთა ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმაც. მისი თქმით, საქართველოს შემთხვევაში დაწესდა ყოვლისმომცველი პრიორიტეტების სია, რომელთა შესრულების საფუძველზე შესაძლებელი გახდება კანდიდატის სტატუსის მიღწევა. „ჩვენ გვსურს, ვიხილოთ პოლარიზაციის დასრულება, რაც დამახასიათებელია ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გარანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემო ჟურნალისტებისთვის,“- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
მას შემდეგ, ვარჰეიმ კიდევ მრავალი განცხადება გააკეთა, რომელშიც აჟღერებდა პოზიციას, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს სხვადასხვა რეფორმის განხორციელება. საქართველოში უკანასკნელი ვიზიტისას, ვარჰეიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს მომდევნო თვეებში მოუწევს დიდი შრომა იმის საჩვენებლად, რომ მზად არის გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ საქართველოს ყველა მოქალაქე, ქვეყნის შიგნით და გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისთვის. მანვე ხაზი გაუსვა, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების საქმეში ყველა პოლიტიკური ძალის ჩართვა აუცილებელია და რომ „რაც სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო მალე მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს“, რაც ევროკავშირს შეუძლია საქართველოს მისცეს.
საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსთან დაახლოების პროცესზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა, კომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმაც. მან ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს გაერთიანებისკენ მოუწოდა, რადგან მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი ევროპული ამბიციების მიღწევას, რომელსაც შესაბამისი პასუხისმგებლობებიც მოჰყვება. „პირველი - გააგრძელოთ მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარება, განსაკუთრებით იმ 12 პრიორიტეტის, რომელიც ევროპულმა კომისიამ გამოყო. და მეორე - სცადოთ პოლარიზაციის დაძლევა, ააგოთ ხიდები პოლიტიკურ ძალებს შორის, და გააერთიანოთ ქართველი ერის ძალისხმევა, რათა შეუერთდეთ ევროკავშირს. ეს უნდა გააკეთოს არამხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ მთლიანად პოლიტიკურმა სპექტრმა, მთლიანად საზოგადოებამ“- განაცხადა ბორელმა.
ამდენად, არც ერთ ევროკომისარს არ განუცხადებია, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ომში ჩართვის შემთხვევაში მიიღებს. ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს მხრიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების თაობაზე საუბრისას, ხაზს უსვამენ ქვეყანაში არსებული მართლმსაჯულების, პოლარიზაციის, მედია თავისუფლების, კორუფციის, სხვ. გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობაზე.
რაც შეეხება პოლონეთის მიერ უკრაინის ნახევარი ტერიტორიების მიერთების საკითხს, არც აღნიშნული შეესაბამება სიმართლეს. მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში აგრესიული ომი წამოიწყო, გააქტიურდა დეზინფორმაციული გზავნილები, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ანექსირებას აპირებს. აღნიშნული განცხადებები ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, სერგეი ნარიშკინმა, გააჟღერეს.
აღნიშნულ ცრუ ბრალდებებს, პოლონეთის ოფიციალური სამსახურებიც ინტენსიურად ეხმაურებოდნენ. პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინაციის მინისტრის პრესსპიკერის (Spokesperson of the Minister-Special Services Coordinator), სტანისლავ ზარინის თქმით, პოლონეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ანექსიის შესახებ ტყუილი წლებია ვრცელდება და კამპანია განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე გაძლიერდა.
ცრუ ინფორმაციებს პოლონეთის მთავრობაც გამოეხმაურა და ტყუილი უწოდა მტკიცებას, თითქოს პოლონეთს უკრაინისადმი მტრული დამოკიდებულებები აქვს და მისი დასავლეთ ტერიტორიების ოკუპაცია სურს.
რეალურად, პოლონეთს სახელმწიფოებრივ დონეზე და არც რომელიმე სახელმწიფო მოხელის მეშვეობით რაიმე სახის პრეტენზია უკრაინის დასავლური ტერიტორიების შესახებ არ განუცხადებია. მიუხედავად ამისა, კრემლის დღის წესრიგში აღნიშნული თემა პროპაგანდისთვის აქტიურად გამოიყენება.
-----------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.