საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.5%-ით (226.5 ლარით) გაიზარდა და 1 595 ლარი შეადგინა. 2022 წლის II კვარტალთან შედარებით, ზრდა მხოლოდ 54 ლარს შეადგენს, თუმცა, სეზონურობიდან გამომდინარე, მსგავს შედარებას შესაძლოა, მხოლოდ საორიენტაციო სახე ჰქონდეს და წინა წლის კვარტალთან შედარება რელევანტურია.
საინტერესოა, რომ საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგში – 3 330 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 51.8 %-ით), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების დარგში – 2 474.7 ლარი (გაიზარდა 10.7%-ით, მშენებლობის დარგში - 2 304.9 ლარი (გაიზარდა 15.1 %-ით) დაფიქსირდა.
ასევე, მნიშვნელოვანია, ნომინალური და რეალური ხელფასი განვასხვაოთ. თუ ნომინალური ხელფასი იზრდება, მოქალაქე უფრო მეტ ანაზღაურებას იღებს, თუმცა ეს ცალკე არაფერს გვეუბნება იმაზე, მისი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუ - არა, რადგან აღნიშნული ფასების დონის ცვლილების ეფექტს არ ითვალისწინებს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, უფრო მნიშვნელოვანი ინდიკატორია, გაზრდილი ხელფასის პირობებში, მოქალაქე უფრო მეტი პროდუქციის შეძენას შეძლებს, თუ - არა.
ინფლაციის მიხედვით დაანგარიშებული ხელფასი ცხადყოფს, რომ ზრდა მხოლოდ პანდემიურ წლებთან შედარებით ფიქსირდება. 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, რეალური ხელფასი 72 ლარით გაიზარდა, რეალური ხელფასი 2019 წლიდან დღემდე კი პრაქტიკულად არ შეცვლილა.
გრაფიკი 1: ნომინალური და რეალური ხელფასის დინამიკა 2018-2022 წლებში, კვარტალური
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ავტორის გამოთვლები
აქვე, უნდა დავამატოთ რომ წარმოდგენილი სტატისტიკა ხელზე ასაღებ თანხას არ ასახავს, არამედ ეს არის დასაბეგრი ხელფასი, რომელსაც საშემოსავლო გადასახადი - 20%-ის ოდენობით, აკლდება. შესაბამისად, 1595 ლარი, გადასახადების გადახდის შემდეგ 1275 ლარამდე მცირდება. ზოგიერთი დასაქმებულის შემთხვევაში, ამ თანხას საპენსიო შენატანიც აკლდება. ასევე, აქ გასათვალისწინებელია რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რეალურად, საშუალოზე ბევრად მცირე ხელფასს იღებს და საშუალო მაჩვენებელზე დიდ გავლენას მოსახლეობის უფრო ცოტა, მაღალშემოსავლიანი ნაწილი ახდენს.
ცხადია, რომ ახლო წარსულში დაფიქსირებული მაღალი ინფლაცია მოსახლეობის ისედაც დაბალ შემოსავლებს კიდევ უფრო „ჭამდა“. მსგავსი ვითარება, მოსახლეობისთვის პრობლემატურია და გაზრდილი მიგრაციის ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება.