სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომელზეც თითქოს ასახულია „მომწამლავი გამონაბოლქვი“, რომელიც „ნელი სიკვდილით კლავს“ რუსთავის მოსახლეობას. გავრცელებულ სურათზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსების თავზე საწარმოო გამონაბოლქვი ღამის განათების ფონზე მოჩანს. სოციალური ქსელის მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ სურათზე რუსთავში არსებული მეტალურგიული საწარმოსგან გამოსული გამონაბოლქვია ასახული.

გავრცელებულ სურათებზე გამოსახული საცხოვრებელი სივრცე ნამდვილად ქალაქი რუსთავია, თუმცა კორპუსების ფონზე ასახული გამონაბოლქვი რუსთავში არსებული მეტალურგიული თუ სხვა სახის საწარმოების გამონაბოლქვს არ წარმოადგენს.

სურათზე მკაფიოდ ჩანს, რომ გამონაბოლქვის მსგავსი აიროვანი მასა ოთხი სხვადასხვა წყაროდან (საწარმოო ობიექტის მილები) მომდინარეობს, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს იმას, რომ სურათზე გამოსახული ობიექტი რუსთავის მეტალურგიული ან ცემენტის გადამამუშავებელი ქარხნები იყოს. მაგალითისთვის „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას“, ისევე როგორც, „რუსთავის ჰაიდელბერგცემენტის ქარხანას“ ორი გამონაბოლქვის მილი აქვთ (იხილეთ სურათები).

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა - წყარო: რადიო თავისუფლება

რუსთავის ჰაიდელბერგცემენტის ქარხანა, წყარო: ბიემჯი საქართველო

რეალურად, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ სურათზე გარდაბნის თბოელექტროსადგურის საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი აიროვანი მასა მოჩანს, რომელიც კომპანია „პლანტა“-ს სათბურებიდან მომავალი განათების ფონზე შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ეს ყველაფერი ქალაქ რუსთავში ხდება. აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“, რომელიც საკუთარ Facebook- გვერდზე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ სურათებს და მომხმარებლებს განუმარტა, რომ სურათზე არსებული გამონაბოლქვი/ორთქლი სწორედ გარდაბნის თბოსადგურიდან მოდის და არა რუსთავში არსებული საწარმოებიდან.

წყარო: Google Maps

წყარო: პლანტას სათბური, 2016 წელი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის Facebook გვერდი

მოგვიანებით, იგივე ინფორმაცია რუსთავის საკრებულომაც დაადასტურა, რომელმაც 9 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, ამ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურათზე გამოსახული გამონაბოლქვი/ორთქლი ნამდვილად გარდაბნის თბოსადგურიდან მომდინარეობდა და არა ქალაქ რუსთავში არსებული საწარმოებიდან.

„გარდაბნის თბოსადგური 2“ - გარდაბნის მუნიციპალიტეტში არსებული კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურია, რომლის მშენებლობის დაფინანსება მთლიანად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შიდა რესურსებით მოხდა (სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის საქმიანობა საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია, მათი რეაბილიტაცია და ახლით შეცვლაა).

„გარდაბნის თბოსადგური 2“ ქალაქ რუსთავიდან 8 კმ-ით არის დაშორებული და შესაბამისად, მისგან გამომავალი ორთქლისა და გამონაბოლქვის ვიზუალური დეტექცია ქალაქის ტერიტორიიდან საკმაოდ ადვილად არის შესაძლებელი.

წყარო: Google Maps measurements

„გარდაბნის თბოსადგური 2“-ის სამშენებლო სამუშაოების აქტიური ფაზა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა დასრულდა 2019 წლის დეკემბერში. 2020 წლის მარტში სემეკ-მა გასცა შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია და შესაბამისად, თბოსადგური ექსპლუატაციაში 2020 წელს შევიდა. თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ-ს შეადგენს.

გარდაბნის თბოელექტროსადგურში დამონტაჟებულია „ჯენერალ ელექტრიკის“ ორთქლისა და გაზის თანამედროვე ტურბინები, სურათზე ნაჩვენები 4 აიროვანი გამონაბოლქვის წყაროებიდან, 3 სწორედ ორთქლის მასაა და მხოლოდ ერთი წარმოადგენს გაზის ტურბინიდან გამოსულ ნამწვი აირების გამონაბოლქვს. აღსანიშნავია, რომ გარდაბნის თბოელექტროსადგურში უწყვეტი თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემებია დამონტაჟებული, რომელსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აკონტროლებს და მუდმივად მოწმდება საწარმოო პროცესის შედეგად წარმოქმნილი გამონაბოლქვი (თუ სხვა სახის აირები) შეესაბამება, თუ - არა დასაშვებ ზღვრულ ნორმებს. „გარდაბნის თბოსადგური 2“-ის დაჯარიმება ნორმების დარღვევის გამო აქამდე არ მომხდარა.

რაც შეეხება რუსთავის მეტალურგიულ თუ ცემენტის გადამამუშავებელ საწარმოებს, რომლებიც ხშირად ხვდება ხოლმე გარემოს დამცველი ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ, აღსანიშნავია, რომ უმსხვილესმა ცემენტის საწარმო - ჰაიდელბერგცემენტმა“, ასევე მოახდინა თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის დანერგვა, „რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“ კი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის მიყენებული ზიანის კუთხით კვლავ ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონში ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ ცვლილებები შევიდა, რომელიც ყველა რეგულირების ობიექტს მონიტორინგის სისტემების დამონტაჟებას ავალდებულებს. 2022 წლის წლის ბოლოს ან 2023 წლის დასაწყისში მონიტორინგის სისტემა კანონით განსაზღვრულ ყველა ობიექტს უნდა ჰქონდეს.

შესაბამისად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ Facebook-ზე გავრცელებულ სურათებზე არა რუსთავის მეტალურგიული თუ სხვა სახის საწარმოებიდან გამოსული „მომწამლავი გამონაბოლქვი“, არამედ გარდაბნის თბოელექტროსადგურებიდან გამომავალი ორთქლი და ნამწვი აირების გამონაბოლქვი მოჩანს.

---------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5330 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
10%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი