სოციალურ ქსელში ვრცელდება ამონარიდი ამერიკელი პოლიტიკური ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ტაკერ კარლსონის გადაცემიდან Tucker Carlson Tonight, სადაც იგი ჯო ბაიდენისა და ტრანსგენდერი მსახიობის დილან მულვენის შეხვედრაზე საუბრობს. კარლსონის მონოლოგის მიხედვით, აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს „გენდერის დამადასტურებელი ჯანდაცვის სახელით ბავშვების დასახიჩრებას“. ვიდეოს ქართველი Facebook-მომხმარებლები ავრცელებენ შემდეგი აღწერით: „ჯო ბაიდენი ბავშვებში სქესის შეცვლას მხარს უჭერს!!!“. ჯო ბაიდენისა და დილან მულვენის შეხვედრის ორიგინალი ვიდეოს მიხედვით დასტურდება, რომ მოცემული აღწერა ყალბია.

24 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო Now This News-მა უმასპინძლა ჯო ბაიდენს და ახალგაზრდა აქტივისტებს ისეთ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, როგორებიცაა: იარაღის შესახებ კანონმდებლობა, აბორტის ხელმისაწვდომობა, ტრანს უფლებები, ეკონომიკური არასტაბილურობა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემები და სისხლის სამართლის რეფორმა. ტრანსგენდერმა მსახიობმა დილან მულვენიმ პრეზიდენტთან საუბრისას წამოჭრა აშშ-ის ზოგიერთ შტატში ანტი-LGBTQ+ კანონპროექტების შემოღებისა და ამოქმედების საკითხი, რომლებიც გენდერის დამადასტურებელ ჯანდაცვაზე (gender-affirmative healthcare) ხელმისაწვდომობას ზღუდავს. დილან მულვენიმ განაცხადა, რომ ის ძალიან პრივილეგირებულად გრძნობს თავს, რადგან ცხოვრობს ისეთ სახელმწიფოში, რომელიც საჭირო რესურსებზე წვდომის საშუალებას აძლევს. თუმცა მისი თქმით, „სხვადასხვა შტატის კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ მათ შეუძლიათ ჩაერიონ ამ ძალიან პირად პროცესში. როგორ ფიქრობთ, უნდა ჰქონდეთ, თუ - არა შტატებს უფლება, აკრძალონ გენდერის დამადასტურებელ ჯანდაცვაზე წვდომა?“ აღნიშნული ნაწილი ქართულად ნათარგმნ ვიდეოში არასწორად არის ფორმულირებული და ის შემდეგნაირად ჟღერს: „როგორ ფიქრობთ უნდა აკრძალოს, თუ - არა აშშ-მ სქესის არჩევის შესაძლებლობა?“

შესაბამისად, ჯო ბაიდენი და დილან მულვენი საუბრობენ გენდერის დამადასტურებელი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, რაზეც ბაიდენი პასუხობს, რომ „არავის აქვს ამის გაკეთების [გენდერის დამადასტურებელ პროცედურებზე წვდომის აკრძალვის] არც მორალური და არც სამართლებრივი უფლება. ეს არასწორად მიმაჩნია. ჩემი შვილი, ჩემი გარდაცვლილი ვაჟი, დელავერის შტატის გენერალური პროკურორი იყო. მან, როგორც გენერალურმა პროკურორმა, შეძლო დაერწმუნებინა საკანონმდებლო ორგანო, გუბერნატორი, რომ ხელი მოეწერათ კანონზე, რომელიც ეხებოდა გენდერის დამადასტურებელი ყველა შესაძლებლობით სარგებლობის უფლებას. ისინი [კანონმდებლები] ხანდახან ცდილობენ დაგიბლოკონ გარკვეულ მედიკამენტებსა და პროცედურებზე წვდომა. ჩემი აზრით, არცერთ შტატს არ უნდა ჰქონდეს ამის გაკეთების უფლება“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, გენდერის დამადასტურებელი ჯანდაცვა გულისხმობს სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო ინტერვენციებს, რომლებიც მიმართულია „ინდივიდის გენდერული იდენტობის მხარდასაჭერად და დასადასტურებლად“. აღნიშნული ინტერვენციები ტრანსგენდერ ადამიანებს თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების (ემოციური, ინტერპერსონალური და ბიოლოგიური) გენდერულ იდენტობასთან თანხვედრაში მოყვანაში ეხმარება.

ენდოკრინოლოგთა საზოგადოებისა და ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიული ასოციაციის მიერ შემუშავებული დირექტივების თანახმად, სქესის შეცვლის ოპერაციის ჩასატარებლად ინდივიდი სულ მცირე 18 წლის უნდა იყოს, ხოლო ჰორმონალური თერაპიის ჩატარება სხეულის ფემინიზაციის ან მასკულინიზაციის მიზნით, 16 წლიდან არის რეკომენდებული. ამასთან ერთად, აღნიშნულ შემთხვევაში 18 წლამდე პაციენტს პროცედურის ჩასატარებლად მეურვის თანხმობა ესაჭიროება.

ამრიგად, მტკიცება, რომ ჯო ბაიდენი ბავშვებში სქესის შეცვლას მხარს უჭერს, კონტექსტიდან ამოვარდნილია და ორიგინალ ვიდეო მასალასთან თანხვედრაში არ მოდის.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი