მანიპულირება: საბერძნეთის მთავრობა არავაქცინირებულ პირებს ფულად ჯარიმებს უკან უბრუნებს

ვერდიქტი: მანიპულირება

Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, Facebook-მომხმარებელი ამტკიცებს, რომ საბერძნეთის მთავრობა არავაქცინირებულ პირებს, რომლებიც დაჯარიმდნენ, გადახდილ თანხას უკან უბრუნებს: „🛑😡ძალადობის, დამცირების, დაპანიკების, იძულების მერე გლობალისტები გადავიდნენ ჩვენს დაცინვაზე და ღადავზე! ალბათ ბევრს გაეხარდა საბერძნეთში ვინც არ აიცრა და ჯარიმები გადაახდევინეს. უკან უბრუნებებო!! ხვდებით რას ღადაობენ და გვეკაიფებიან კაცობრიობას? გასახარელი კი არადა სატირალია!!!“, - წერს მომხმარებელი Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

სინამდვილეში, გავრცელებული პოსტი მანიპულაციურია და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს. რეალურად, საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, თანოს პლავერისის განცხადების თანახმად, გადახდილი ფულადი ჯარიმები დაუბრუნდებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯარიმის გადახდის შემდეგ გაიკეთეს.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ 60 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო 2021 წლის იანვარში გახადა, როდესაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ პიკს მიაღწია. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადების თანახმად, იანვრიდან აცრის მოწინააღმდეგეები ყოველთვიურად 100 ევროს ოდენობით დაჯარიმდებოდნენ: „60 წელს გადაცილებული ბერძნები პირველ დოზაზე 16 იანვრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. მათი ვაქცინაცია სავალდებულო გახდება“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის გადაწყვეტილება 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარეობდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ათი გარდაცვლილიდან ცხრა 60 წელს გადაცილებული იყო, ხოლო ათიდან რვა - არავაქცინირებული.

სავალდებულო ვაქცინაციისგან თავის არიდებისთვის 60 წელს გადაცილებული ასაკობრივი ჯგუფისთვის დაწესებული ჯარიმები საბერძნეთის მთავრობამ 2022 წლის 16 აპრილიდან გააუქმა. 7 ოქტომბერს ტელეკომპანია ANT1-თან სატელევიზიო ინტერვიუში თანოს პლავერისმა აღნიშნა, რომ ჯარიმები გაუქმდება 60 წელს გადაცილებული პირებისთვის, რომლებიც უკვე აიცრნენ. ბერძენი ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ვაქცინაციამდე გადახდილი ფულადი ჯარიმები აღნიშნულ პირებს უკან დაუბრუნდებათ - „იმ 300 000 მოქალაქისთვის, ვინც ახლა აცრილია, თუმცა, ადრე ჯარიმა გადაიხადა, ეს ჯარიმები წაიშლება და მათ თანხა უკან დაუბრუნდებათ. დეტალები ამის შესახებ შემდგომი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი“,- აღნიშნა მან. პლავერისმა დასძინა, რომ საბერძნეთში 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის 80% უკვე აცრილია.

ამდენად, მტკიცება, რომ საბერძნეთის მთავრობა არავაქცინირებულ პირებს გადახდილ ჯარიმებს უბრუნებს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, მთავრობის გადაწყვეტილება, გადახდილი ფულადი ჯარიმების უკან დაბრუნების შესახებ, 60 წელს გადაცილებულ მხოლოდ იმ პირებს ეხებათ, რომლებიც ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ აიცრნენ.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5661 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია