ირაკლი ღარიბაშვილი: [ინვესტიციების] საერთო მოცულობა იყო 1.67 მლრდ აშშ დოლარი, რაც არის თითქმის გაორმაგება, წინა წელთან და კოვიდამდე პერიოდთან შედარებით, 70%-ით არის გაზრდილი
ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე:
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ სამ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) მოცულობამ 1.67 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პუი ორჯერ გაიზარდა, 2019 (პრეპანდემიურ) წელთან შედარებით - 1.7-ჯერ, ხოლო 2017 წელთან შედარებით, როდესაც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე მაღალი პუი დაფიქსირდა - 1.2-ჯერ. შესაბამისად, ინვესტიციების დადებითი დინამიკა იკვეთება და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება სიმართლეს შეესაბამება.
აღსანიშნავია, რომ პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების სტრუქტურაში მკვეთრად არის გაზრდილი რეინვესტირების წილი. სააქციო კაპიტალის მოცულობა (576 მლნ დოლარი) კი 2019 წლის მონაცემს 40 მლნ დოლარით აღემატება, ხოლო 2017-2018 წლებთან შედარებით შემცირებულია.
ანალიზი:
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ განაცხადა: „განხორციელდა პუი, რომლის საერთო მოცულობა იყო 1.67 მლრდ აშშ დოლარი, რაც არის თითქმის გაორმაგება წინა წელთან და კოვიდამდე პერიოდთან შედარებით, 70%-ით არის გაზრდილი პუი.“
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის რეზიდენტის მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში წილის ფლობასა და საწარმოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციის წარმოებას გულისხმობს. პირდაპირია ინვესტორი, რომელიც საწარმოს აქციების არანაკლებ 10 პროცენტს ან ასეთი მონაწილეობის ეკვივალენტს ფლობს.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის პირველ სამ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1.67 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელთან შედარებით, პუი ორჯერ გაიზარდა, 2019 (პრეპანდემიურ) წელთან შედარებით - 1.7-ჯერ, ხოლო 2017 წელთან შედარებით, როდესაც, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე მაღალი პუი დაფიქსირდა, 1.2-ჯერ.
ცხრილი 1: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2013-2022 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება. ესენია: ინვესტორების სააქციო კაპიტალი, განხორციელებული რეინვესტიციები და სავალო ვალდებულებები. 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 576 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან მიმართებით, 438%-ით, ხოლო პრეპანდემიურ, 2019 წელთან შედარებით, 7%-ით ზრდაა. სააქციო კაპიტალის მოცულობა მთლიანი ინვესტიციების 34.4%-ს შეადგენდა. 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, პუი-ს ზრდის ძირითადი ნაწილი რეინვესტირებაზე მოდიოდა. რეინვესტირების მაჩვენებელმა 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ინვესტიციების 60% იყო. პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით, რეინვესტირების წილი მთლიან ინვესტიციებში მკვეთრად არის გაზრდილი, ხოლო სააქციო კაპიტალის წილი შემცირებული. რეინვესტირება, ცალკე აღებული, უარყოფითი მოვლენა არ არის. თუმცა, როცა რეინვესტირება სააქციო კაპიტალზე მეტად იზრდება, ეს ახალი ინვესტიციების შემოსვლის შედარებით დაბალ მაჩვენებელზე მიანიშნებს, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის უარყოფითი მოვლენაა. აბსოლუტური მოცულობით, სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო 2017-2018 წლებში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში მთლიანი ინვესტიციების მაჩვენებელი უფრო ნაკლები იყო, ინვესტიციების ახალი ნაკადების მიღების თვალსაზრისით, ეს პერიოდი უფრო წარმატებული გამოდის. თუმცა, ბუნებრივია, პანდემიური პერიოდის შემდგომი ეკონომიკური ვითარებისა და როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური პრობლემების ფონზე, საერთო ჯამში, სტატისტიკა ცალსახად პოზიტიურია.
ცხრილი 2: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა 2017-2022 წლების პირველი სამი კვარტლის მიხედვით, მლნ აშშ დოლარი
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2022 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა ესპანეთია (363 მლნ დოლარის), რაც ესპანური კომპანიის FCC Aqualia-ს მიერ ქართული წყალმომარაგების კომპანია Georgia Global Utilities-ის აქციების 80%-ის შესყიდვამ განაპირობა. შემდგომ მოდის გაერთიანებული სამეფო (274 მლნ დოლარი), ნიდერლანდები (125 მლნ დოლარი) და ირლანდია (120 მლნ დოლარი).
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დამდგარი ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, რასაც რუსეთიდან მიგრაციის, ტურიზმისა და გადმორიცხვების ზრდა მოჰყვა, საინტერესოა, რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკის ანალიზი. 2022 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, რუსეთიდან 32.8 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც მას ინვესტორ ქვეყნებში მეათე ადგილზე ათავსებდა. პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, რუსეთის შემთხვევაში, უარყოფითი პუი დაფიქსირდა, ჯამში 11.8 მლნ დოლარის ოდენობით. სავარაუდოდ, აღნიშნულს ტექნიკური ხასიათი ჰქონდა და ისეთ ოპერაციებს უკავშირდებოდა, როგორებიცაა ვალის გადახდა, დივიდენდის მიღება, რუსეთის რეზიდენტი მფლობელების ქონების გასხვისება საქართველოს რეზიდენტებზე, როგორც მაგალითად ბორჯომის შემთხვევაში. ბოლო წლებში რუსეთის წილი მთლიან პუი-ში 5-7% ფარგლებში მერყეობდა.
2022 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მეტი პუი უძრავი ქონების სექტორში დაფიქსირდა (418 მლნ დოლარი), მეორე ადგილზეა საფინანსო სექტორი (324 მლნ დოლარი), მესამეზე კი ენერგეტკიკა (322 მლნ დოლარი).