სოციალური ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „გაერომ უკრაინული ენა რუსულიდან წარმოებულად აღიარა“. ქართულ ენაზე გავრცელებულ პოსტში წყაროდ მოყვანილია რუსულენოვან წყაროებში გავრცელებული ფოტომასალა, რომელზეც უკრაინული ენა , ენების ხეზე, გამოსახულია როგორც რუსული ენის განშტოება „ინფოგრაფიკა 5 იანვარს ფეისბუქის რუსულენოვან გვერდზე გამოქვეყნდა. მსოფლიოს ენებს შორის კავშირები სურათზე ნაჩვენებია როგორც ხე, ხოლო უკრაინული ენა დახატულია, როგორც გვერდითი ტოტი რუსულ ენაზე“.
გავრცელებულ პოსტში საუბარია გაეროს რუსულენოვან ოფიციალურ გვერდზე 2018 წლის 5 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტზე, სადაც აღნიშნულია, რომ „იუნესკომ“ (გაეროს სპეციალიზებული საგანმანათლებლო, მეცნიერული და კულტურული სააგენტო) „გადაშენების პირას მყოფი ენების ატლასის“ (გამოიცა 2010 წელს) განახლებული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით, გაქრობის საფრთხის ქვეშ მყოფი ენები - არსებული სიტუაცია და გამოწვევები, არის მიმოხილული. მითითებულ პოსტში საერთოდ არ არის საუბარი უკრაინული ენის წარმოშობის შესახებ და აღნიშნულ პოსტს არც რუსულენოვანი ენების ხის გრაფიკა არ აქვს დართული.
ენების ხის გრაფიკული გამოსახულება, რომელიც Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში გვხვდება, „გაერო“-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არა 2018 წლის 5 იანვარს გამოქვეყნდა, არამედ 2017 წლის 21 ივნისს, რუსულენოვან „გაერო“-ს არაოფიციალურ საინფორმაციო სამსახურის Facebook გვერდზე.
პოსტში გამოქვეყნებული ტექსტი „გაერო“-ს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტის იდენტურია, თუმცა თანდართულ სურათზე გამოსახულია „ენების ხე“, სადაც უკრაინული ენა, რუსული ენის ტოტის განშტოებადაა წარმოჩენილი და სწორედ ამაზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს „გაერო“-მ უკრაინული ენა რუსულიდან წარმოებულად აღიარა.
„ენების ხის“ ეს რუსულენოვანი გრაფიკა ინტერნეტში მხოლოდ რუსულ წყაროებში იძებნება და ის რუსეთში ეკატერინა დერგილაზოვას (ჩელიაბინსკის ოლქის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) ავტორობით შექმნილ სასკოლო სახელმძღვანელოების დამხმარე ლიტერატურაში გვხვდება.
რაც შეეხება თავად, „იუნესკოს“ ატლასს, „გაერო“-ს სააგენტოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომია 2010 წლის ვერსია, განახლებული ვერსია კი ჯერ არ არის ატვირთული და მითითებულ ბმულზე საინფორმაციო ფანჯარა გვამცნობს, რომ ახალი ატლასი დამუშავების პროცესშია და მალე გამოქვეყნდება.
რაც შეეხება 2010 წელს გამოქვეყნებულ ატლასს, იქ უკრაინული ენა მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები და იქაც მითითებულია, რომ „მხოლოდ ორი აღმოსავლეთ სლავური ენა - რუსული და უკრაინული კლასიფიცირდება როგორც გადაშენების პირას არ მყოფი ენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბელორუსული, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ოფიციალური ენაა, განიხილება მოწყვლადად, მის ნაცვლად რუსული ენის ფართოდ გამოყენების გამო“. შესაბამისად, ატლასში ცალსახად მითითებულია, რომ უკრაინული, ისევე როგორც რუსული და ბელარუსული აღმოსავლეთ სლავური ენებია და „იუნესკოს“ შემუშავებულ დოკუმენტში არსად არ არის საუბარი ამ ენების ერთმანეთისგან წარმოებულობის შესახებ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი იმის შესახებ, რომ გაერომ უკრაინული ენა რუსულიდან წარმოებულად აღიარა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ რუსულ წყაროებში ვრცელდებოდა და „გაეროს“ და „იუნესკოს“ ოფიციალურ დოკუმენტებში მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდება. ქართულად გავრცელებულ პოსტში მითითებული 5 იანვრის განცხადება, რომელიც „გაერო“-ს ოფიციალურმა რუსულენოვანმა Facebook-გვერდმა გამოაქვეყნა, არ შეიცავს მსგავს ჩანაწერს და არც „ენების ხის“ ის ვერსია არ ერთვის, რომელიც მითითებულია პოსტში. მსგავსი გრაფიკის შემცველი პოსტი „გაერო“-ს არაოფიციალურმა რუსულენოვანმა საინფორმაციო გვერდმა გაავრცელა და იმდაგვარად წარმოაჩინა ეს ინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნული გრაფიკული გამოსახულება „იუნესკოს გადაშენების პირას მყოფი ენების ატლასიდან“ იყო აღებული, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.
------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.