2022 წლის 2 და 3 დეკემბერს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას კიდევ 6 ქართველი მოხალისე მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ 6 დეკემბრის გლოვის დღედ გამოცხადების შესახებ განცხადება გაავრცელა. „სირცხვილიას“ განცხადებას გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში “Twitter” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ავღანეთში დაღუპულ სამხედროებს საქართველოში არ გლოვობდნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა, ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, მძიმე დანაკლისი განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს თავდაცვის ძალების 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ასეული დაიჭრა და დაშავდა. ქართულმა კონტინგენტმა ყველაზე დიდი დანაკარგი 2013 წლის 6 ივნისს განიცადა, როდესაც ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განკარგულება გამოსცა და 7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

ასევე, გოგა ხაინდრავას მტკიცების საწინააღმდეგოდ მოწმობს მუხრან მუშკვანის შემთხვევა. მუხრან მუშკვანი მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაური იყო. დაიღუპა სნაიპერის ტყვიით, 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.

ამდენად, გოგა ხაინდრავას მტკიცება არის ტყუილი.

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.