ორი წელია გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ირაკლი ღარიბაშვილი: ორი წელია გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

რეზიუმე:ხელისუფლების წარმომადგენლები, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ხშირად საუბრობენ. 2021 წლისთვის, ეკონომიკის ზრდამ 10.5% შეადგინა, 2022 წლის უკანასკნელი პროგნოზით კი ეკონომიკა 10%-ით გაიზრდება. 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

2022 წლის ეკონომიკური ზრდა, თავდაპირველ პროგნოზებს მნიშვნელოვნად აღემატება და მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. ასევე, სტატისტიკა დადებითია მთელი რიგი დარგების შემთხვევაში როგორიცაა საგარეო ვაჭრობა, მოგზაურობა, ინვესტიციები. რაც შეეხება 2021 წლის ზრდას, ამ შემთხვევაში ცალსახად მნიშვნელოვანია საბაზო ეფექტი. 2020 წელს, რეალური ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რამაც 2021 წელს, შეზღუდვების შემსუბუქების და შენელებული ერთობლივი მოთხოვნის აღდგენის ფონზე, ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება გამოიწვია. საბოლოო ჯამში, 2021 წლისთვის, პრეპანდემიურ, 2019 წელთან შედარებით ეკონომიკა 2.9%-ით იყო გაზრდილი.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის ნახევრად სიმართლე რადგან განცხადება ნაწილობრივ ზუსტია, თუმცა გამოტოვებულია მნიშვნელოვანი კონტექსტი, რომელიც სრული სურათის დასანახად არის საჭირო.

ანალიზი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ, ნაცვლად 8,5% გვექნება 10% ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.“

ბოლო პერიოდში, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბოლო 2 წელიწადში დაფიქსირებულ მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე ხშირად საუბრობენ. საქსტატის ბოლო მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

2021 წელს, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 10.5%-ით გაიზარდა, მთავრობის უკანასკნელი პროგნოზით კი 2022 წლისთვის, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზრდება. საქართველოს ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2022 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის თავდაპირველი საბაზისო პროგნოზი 6% იყო. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პროგნოზები წლის დასაწყისში და მით უფრო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დამდგარ პესიმისტურ პროგნოზებთან შედარებით, მკვეთრად გაზრდილია. ამ თვალსაზრისით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდა, მართლაც დადებით ტენდენციას ასახავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდით, საქართველო მოწინავე ადგილზე იქნება. დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა ეკონომიკის მთელ რიგ დარგებშიც, მათ შორის, ტურიზმში, საგარეო ვაჭრობაში და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. თუმცა, აქვე უნდა დავამატოთ, რომ ორნიშნა ინფლაციაც კრიტიკულ პრობლემად რჩება.

მეორე მხრივ, 2021 წლისთვის, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება მეტწილად საბაზო ეფექტით იყო გამოწვეული. 2020 წელს, უმკაცრესი ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე, რეალური ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა, რამაც 2021 წელს, შეზღუდვების შემსუბუქების და შენელებული ერთობლივი მოთხოვნის აღდგენის ფონზე, ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება გამოიწვია. 2021 წელს დაფიქსირებულ მსგავს ეფექტს ქართულ პოლიტიკურ თუ საექსპერტო წრეებში ზამბარის ეფექტად მოიხსენიებენ. საბოლოო ჯამში, 2021 წლისთვის, პრეპანდემიურ - 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკა 2.9%-ით იყო გაზრდილი. რაც შეეხება 2022 წელს - მთავრობის პროგნოზის მიხედვით, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკა 13.2%-ით გაიზრდება.

გრაფიკი 1: ეკონომიკის რეალური ზრდა 2020-2022 წლებში, კვარტალური

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური