სალომე ზურაბიშვილი: შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.
რეზიუმე: მართალია, სალომე ზურაბიშვილს შესაძლებლობა აქვს იმ 2 საქმეზე შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომლებზეც მის წინააღმდეგ სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა ამის მიუხედავად, პრეზიდენტი მოკლებულია შესაძლებლობას, შეცვალოს ფაქტობრივი მოცემულობა და სააკაშვილი გაათავისუფლოს.
მიხეილ სააკაშვილის 3 საქმეზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები. შესაბამისად, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პირობებშიც კი ამ საქმეებს შორის ნებისმიერზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება კვლავ შეუძლებელი იქნება.
ანალიზი:
2022 წლის 21 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის გადაცემის Hard Talk-ის ეთერში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის შესახებ ისაუბრა. ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ადეკვატური მკურნალობის საჭიროებას და აღნიშნულ კონტექსტში ზურაბიშვილს ჰკითხა - ,,თქვენ, როგორც პრეზიდენტს უფლება გაქვთ შეიწყალოთ იგი, რატომ არ იყენებთ ამ უფლებამოსილებას? ‘’(You have the power as president to pardon him, why don't you?)
„არ მაქვს ამის შესაძლებლობა, არ მაქვს იმიტომ, რომ სასამართლო პროცესი დასრულებული არ არის. მას [სააკაშვილს] ჯერ კიდევ ასამართლებენ. საქართველოში კი კანონი ასეთია – შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ღრმა პოლარიზაციის ინსტრუმენტი, შესაბამისად ის შეწყალების უფლებამოსილებას არ გამოიყენებს.
,,ფაქტ-მეტრმა’’ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გადაამოწმა.
შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური კომპეტენციაა, რომლის მიზანიც დემოკრატიულ სახელმწიფოში თეორიულად შეიძლება იყოს სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით, პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილება, მართლმსაჯულების შეცდომის გამოსწორება და სხვ.
საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეიწყალოს მსჯავრდებულები. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდეს, შემცირდეს ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეიცვალოს მისთვის დანიშნული სასჯელი.
ბოლო პერიოდში საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი აქტუალობას არ კარგავს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, რომ სააკაშვილთან მიმართებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს და აღნიშნულს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის ერთ-ერთ აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯად აფასებენ. პარალელურად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ მოთხოვნას და თვლიან, რომ პრეზიდენტის მიერ ასეთი დისკრეციული უფლების გამოყენება მართლმსაჯულებაში ჩარევად შეიძლება შეფასდეს.
თავად სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ უსაუბრია მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე. მისი პოზიციიდან ნათლად იკვეთება, რომ ,,მას არ სურს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამოუსწორებელი შედეგები დადგეს’’. გარდა ამისა, ის თვლის, რომ ,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების ერთადერთი ბერკეტი სასამართლოს ხელშია’’. რაც შეეხება თავის დისკრეციულ უფლებამოსილებას, როგორც აღვნიშნეთ, ზურაბიშვილის აზრით მას არ აქვს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება, რადგან საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდება.
საქართველოს კონსტიტუციიდან ნათლად იკვეთება, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება მსჯავრდებულ პირებს მიემართება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მსჯავრდებული არის პირი, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ არის ცნობილი (ე.ი. მსჯავრდებულია) სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. თუმცა, ამ საქმეების გარდა მას ბრალი აქვს წარდგენილი (ე.ი. ბრალდებულია) სამ საქმეში. ,,ერთი საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მეორე საქმე უკავშირდება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს, ე.წ. „პიჯაკების საქმეს’’ , ხოლო მესამე საქმე - მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთას.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში, მხოლოდ ორ საქმეზეა განაჩენი ცნობილი და ამ საქმეებზე პრეზიდენტს შეუძლია შეწყალების უფლებამოსილების გამოყენება, თუმცა ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი 3 საქმეზე ჯერ კიდევ ბრალდებულია ამ საქმეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს უფლება თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს. სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის 2 საქმეში შეწყალების პირობებში კი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გარანტია არ იარსებებს, რადგან ნებისმიერი მიმდინარე საქმეებზე შესაძლოა დაინიშნოს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის იმ საქმეებზე, რომლებზეც ჯერ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები, ყოფილ პრეზიდენტს ამ ეტაპზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არცერთ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით არ აქვს შეფარდებული. თუმცა, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების შემდეგ ნებისმიერ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შერჩევის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება კვლავ შეუძლებელი იქნება. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტის შეკითხვაზე გაცემული პასუხის ის პათოსი, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა, შეამციროს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან მომდინარე რისკები, სავსებით საფუძვლიანია. აღსანიშნავია, რომ სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული ჰქონდა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, თუმცა მას შემდეგ რაც იგი დააკავეს და სხვა სამართლებრივი საფუძვლებით მოხვდა ციხეში, აღმკვეთი ღონისძიების არსებობამ აზრი დაკარგა და სასამართლომ იგი გააუქმა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით განმარტებას. კერძოდ, სასამართლო პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე პრეზიდენტი მოკლებულია შესაძლებლობას შეცვალოს ფაქტობრივი მოცემულობა და სააკაშვილი გაათავისუფლოს. ამის მიუხედავად აღნიშნული გარემოება არ ართმევს პრეზიდენტს შესაძლებლობას იმ ორ საქმეზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულად იქნა ცნობილი, შეწყალების უფლებამოსილება გამოიყენოს. თუმცა სალომე ზურაბიშვილი მკაფიოდ ხსნის იმასაც, რომ ის არ შეიწყალებს სააკაშვილს. ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შეწყალება იქნება ღრმა პოლარიზაციის ინსტრუმენტი. შესაბამისად, ის შეწყალების უფლებამოსილებას არ გამოიყენებს.
ამგვარად, სალომე ზურაბიშვილის განცხადების მთავარი შინაარსი, რომ ის მოკლებულია შესაძლებლობას, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტოს, სიმართლეა. სალომე ზურაბიშვილი ხსნის იმასაც, რომ ამგვარი უფლებამოსილება რომც ჰქონდეს, რატომ არ შეიწყალებდა ყოფილ პრეზიდენტს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ განცხადების ძირითადი შინაარსი ზუსტია, თუმცა საჭიროებს დამატებით განმარტებას, ფაქტ-მეტრი მოცემულ განცხადებას აფასებს ვერდიქტით „მეტწილად სიმართლე“.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მკითხველთან ინტერაქციის შედეგად, „ფაქტ-მეტრმა“ სალომე ზურაბიშვილის განცხადების ვერდიქტი შეცვალა. კერძოდ, თავდაპირველ რედაქციაში განცხადება სიმართლედ შეფასდა, რადგან ვერდიქტის გამოტანისას გათვალისწინებულ არ იქნა ის გარემოება, რომ მიუხედავად ვითარების შეცვლის რეალური ბერკეტების არ არსებობისა, სამართლებრივად სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე შეწყალება 2 საქმეზე შეუძლია.
კერძოდ, მართალია სასამართლო პროცესის საბოლოოდ დასრულებამდე პრეზიდენტი მოკლებულია შესაძლებლობას შეცვალოს ფაქტობრივი მოცემულობა და სააკაშვილი გაათავისუფლოს, თუმცა, ამის მიუხედავად, ეს გარემოება მას არ ართმევს შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობას იმ საქმეებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულად იქნა ცნობილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიის განახლებულ ვერსიაში სალომე ზურაბიშვილის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.
სტატიაში შესული ყველა ცვლილება წარმოდგენილია მუქი ფონტით.