იტვირთება

Facebook-მომხმარებელმა Дженни Бурджанадзе-მ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც G20 სამიტის შემდგომ გაკეთებულ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეფასებას აჟღერებს. პოსტის თანახმად, შოლცმა ღიად განაცხადა, რომ „"დიდი ოცეულის" სამიტზე, უმცირესობამ ვერ შეძლო რუსეთის იზოლაცია, რადგან სამიტის წარმომადგენლების უმრავლესობამ მხარი პუტინს დაუჭირა და სამართლიანად სცნო უკრაინაში მიმდინარე დენაციფიკაცია." რეალურად, მსგავსი შეფასება გერმანიის კანცლერს არ გაუკეთებია.

15-16 ნოემბერს, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი ჩატარდა. G20 წამყვანი ეკონომიკური და სწრაფად განვითარებადი ქვეყნების გაერთიანებას წარმოადგენს, რომლის შემადგენლობაშიც არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, კანადა, ჩინეთი, მექსიკა, რუსეთი, თურქეთი, საფრანგეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი და ევროკავშირი. აღსანიშნავია, რომ სამიტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დაესწრო და სამიტზე რუსული დელეგაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ხელმძღვანელობით წარსდგა.

ორდღიანი სამიტის დასასრულს, G20-ის წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია წარმოადგინეს, სადაც სხვადასხვა საკითხთან ერთად, დაფიქსირებული იყო პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებითაც. დეკლარაციის ტექსტის თანახმად, G20-ის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ უკრაინაში მიმდინარე ომი დაგმო და მას გლობალური ეკონომიკის შესუსტების ხელშემწყობ ფაქტორად დაასახელა. კონკრეტულად, დეკლარაციის ტექსტში ვკითხულობთ: “წევრი ქვეყნების უმრავლესობა მკაცრად გმობს ომს უკრაინაში და ხაზს უსვამს, რომ ის იწვევს ადამიანთა დიდ ტანჯვას და ამძაფრებს არსებულ პრობლემებს გლობალურ ეკონომიკაში, ზრდის ინფლაციას, არღვევს მიწოდების ჯაჭვებს, ზრდის ენერგეტიკულ და სასურსათო დაუცველობას და ზრდის ფინანსური სტაბილურობის რისკებს“. ამასთან, გაერთიანების ლიდერები აღიარებენ, რომ G20 არ არის ფორუმი უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად, თუმცა, ამ საკითხებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გლობალურ ეკონომიკაზე. ასევე, შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ დაუშვებელია ბირთვული იარაღის გამოყენება ან მუქარა მისი გამოყენების შესახებ.

რაც შეეხება გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მიერ რუსეთთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციას, მან ჯერ კიდევ სამიტამდე უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შეხვედრას არ დაესწრებოდა. შოლცის თქმით, პუტინს ამ შემთხვევაში სხვა სახელმწიფოებისაგან ყველა კითხვისა და, მათ შორის, კრიტიკის მოსმენა მოუწევდა.

კანცლერის თქმით, სამიტმა შექმნა ურთიერთგაგება, „რომელიც გასცდა მოლოდინებს და ეს დარჩება ამ სამიტის მიღწევად“. შოლცი ასევე მიესალმა „მკაფიო სიტყვებს“, რომლითაც „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინაში“ შეფასდა. მანვე აღნიშნა, რომ შეხვედრამ ცხადი გახადა, მხარეებისათვის ბირთვული იარაღის გამოყენების მიუღებლობა და რომ ეს ყველასთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს.

შოლცმა სამიტის ბოლოს twitter-ზე პოსტიც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ „რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თითქმის მარტო დარჩა მსოფლიოში. მას არ ჰყავს ძლიერი მოკავშირეები. ეს არის G20-ის წარმატებული სამიტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. სრულიად მიუღებელია, რომ ის უკრაინაში ომს უცვლელად და საჰაერო დარტყმებით აგრძელებს“.

აღსანიშნავია, რომ 19 ნოემბერს, შოლცმა ვლადიმერ პუტინს გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ საჯაროდ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს, ომის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელი გახდეს. უფრო მეტიც, კონფერენციაზე ის G20-ის სამიტსაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთი თავის დამპყრობლური პოლიტიკის გამო G20-ის სამიტზე იზოლირებული აღმოჩნდა.

ამდენად, პოსტში გაჟღერებული მტკიცება, რომ თითქოს G20-ის სამიტზე სახელმწიფოთა ლიდერებმა, მათ შორის გერმანიამ, რუსეთის უპირატესობა და უკრაინაში წარმოებული ომი გაამართლეს და მხარი დაუჭირეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4676 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი