ლაშა ხუციშვილი: საგარეო ვალი, რომელმაც გადააჭარბა 60% ნიშნულს [2020 წელს], მნიშვნელოვნად შემცირდა და მიმდინარე წელს 39.5% ფარგლებში იქნება

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

რეზიუმე:

ზოგადად, მთავრობის მთლიანი ვალის მაჩვენებელი, რომელიც საშინაო და საგარეო ვალისგან შედგება, მუდმივი ყურადღების ქვეშ ექცევა. ფინანსთა მინისტრი, მთლიანი ვალის სტატისტიკაზე საუბრობს, თუმცა მას საგარეო ვალად მოიხსენიებს, რაც სავარაუდოდ, ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს. 2022 წლის გეგმური მონაცემებით, მთლიანი ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-თან მართლაც 39.5%-ს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით (პ.პ) ნაკლებია, რაც მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა 2020 წლის შემდეგ, როდესაც მთავრობის ვალი კანონით დადგენილ 60%-ს აჭარბებდა.

მეორე მხრივ, ლაშა ხუციშვილი ვალის შემცირების მიმართულებით მთავრობის კონსოლიდაციაზე საუბრობს, მაგრამ აქვე უნდა განიმარტოს რომ მთავრობის ვალის მსგავსი შემცირება, 2019 წელთან შედარებით ნაწილობრივ მშპ-ს ნომინალური მაჩვენებლის ზრდასთან არის დაკავშირებული, რაშიც ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებთან ერთად, დიდი წვლილი ასევე კრიტიკულად მაღალმა ინფლაციამ შეიტანა. ამავდროულად, საგარეო ვალის ლარში გამოსახული მაჩვენებლის შემცირება, 2022 წლისთვის ლარის გამყარებამ განაპირობა.

შესაბამისად, „ფაქტ-მეტრი“ მინისტრის განცხადებას აფასებს ვერდიქტით „მეტწილად სიმართლე“, რადგან მისი განცხადება სიმართლეს შეესაბამება, თუმცა სრული სურათის დასანახად დამატებითი ინფორმაციის დამატებაა საჭირო და ასევე, განცხადება ტექნიკურ ხარვეზს შეიცავს.

ანალიზი:

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, პრესკონფერენციაზე ვალის სტატისტიკის შესახებ განაცხადა: „საგარეო ვალმა, რომელმაც გადააჭარბა 60% ნიშნულს, მნიშვნელოვნად მოხდა შემცირება, მიმდინარე წელს ჩამოსცდება 40% ნიშნულს და 39% ფარგლებში იქნება, რაც არის დაახლოებით 20 პ პ შემცირება, მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია [მთავრობის მიერ]“.

ლაშა ხუციშვილის განცხადებაში დასახელებული მონაცემები შეესაბამება მთლიან, მთავრობის ვალს, რომელიც საგარეო და შიდა ვალის ჯამურ მაჩვენებელს წარმოადგენს და ამ მაჩვენებლის საგარეო ვალად მოხსენიება, სავარაუდოდ, ტექნიკურ ხარვეზთან არის დაკავშირებული. ზოგადად, ვალის ტვირთის სრულფასოვანი შეჯამებისას, რელევანტურია ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა. მთავრობის ვალის საპროგნოზო ფარდობითი მაჩვენებელი 2022 წლისთვის 39.5%-ს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით (პ.პ) ნაკლებია. შესაბამისად, ხდება პრეპანდემიურ ნიშნულთან დაბრუნება, რაც დადებით ფაქტს წარმოადგენს. მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი, პანდემიური 2020-2021 წლების მაჩვენებლებს მკვეთრად ჩამოუვარდება. 2020 წელს, ვალის მაჩვენებელმა მშპ-ს 60% ნიშნულს გადააჭარბა, 2021 წლისთვის კი 45.5 პროცენტამდე შემცირდა.

ცხრილი 1:

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2022 წლის პროგნოზით გათვალისწინებულია მთლიანი ვალის მაჩვენებლის 2021 წელთან შედარებითაც, დაახლოებით 2.6 მლრდ ლარით შემცირება. თუმცა, მეორე მხრივ, 2019 წელთან შედარებით, მთავრობის ვალის აბსოლუტური მაჩვენებლის ზრდა 5.6 მლრდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, პრპანდემიურ პერიოდთან შედარებით, ვალის ფარდობითი მაჩვენებლის კლება არა უშუალოდ ვალის შემცირებას, არამედ ნომინალური მშპ-ს ზრდას უკავშირდება. შესაბამისად, უნდა დავამატოთ რომ ფარდობითი მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება, 2022 წელს მიმდინარე მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მაღალ ინფლაციასაც უკავშირდება, რის შედეგადაც ნომინალური მშპ-ს მაჩვენებლები მკვეთრად იზრდება. 2022 წლის ნომინალური მშპ-ს პროგნოზი 72.6 მლრდ ლარია, 2021 წელს ნომინალური მშპ 60.2 მლრდ ლარს უტოლდებოდა, ხოლო 2019 წელს 49.4 მლრდ ლარს. აღსანიშნავია რომ 2020 წელს, რეალური ეკონომიკის 6.8%-ით შემცირების შედეგად, ნომინალური მშპ მხოლოდ 14 მლნ ლარამდე გაიზარდა, რამაც ვალის მშპ-თან ფარდობითი მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტად ზრდა გამოიწვია.

ვალის ზრდაზე მითითებისას, გასათვალისწინებელი ასპექტია, ლარის გაცვლითი კურსის დოლართან მიმართებით მერყეობა. კერძოდ, კურსის ცვლილებისას, პერიოდის ბოლოს ახალი კურსით გადაიანგარიშება არა მხოლოდ ვალის ნაზრდ პერიოდში (აღებული ვალი წელიწადში), არამედ მოცემული მონაკვეთისათვის დაგროვილი ვალის ნაშთიც (წარსულში აღებული ვალის გადაუხდელი ნაწილი). წარსულში, როდესაც კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსები საუბრობდნენ ვალის ზრდაზე, „ფაქტ-მეტრი“ მუდმივად აღნიშნავდა, რომ ვალის ზრდა ნაწილობრივ ლარის დოლართან გაუფასურებასთან იყო დაკავშირებული. მეორე მხრივ, 2022 წლისთვის, ვალის ფარდობითი მაჩვენებლის 20 პ.პ-ით შემცირება ნაწილობრივ ლარის კურსის დოლართან გამყარებასთან არის დაკავშირებული. 2022 წლის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით წარმოშობილი მაღალი ეკონომიკური განუსაზღვრელობის პერიოდს, ლარი, დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციით ხასიათდებოდა.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5669 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია