ირაკლი კობახიძე: აშშ-ის დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის „ენჯეოებზე“, ამიტომ [დაფინანსების შესაძლო შემცირებაზე] იდარდონ „ენჯეოებმა“
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე: 30-წლიანი ქართულ-ამერიკული პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარებები საქართველოში არაერთი სფეროს დაფინანსებასა და განვითარებას მოხმარდა. კერძოდ - დემოკრატია და ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, მშვიდობა, თავდაცვა და უსაფრთხოება და სხვა. სინამდვილეში, 1992-2020 წლების პერიოდში, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯამურად $4 348 400 000 ფინანსური დახმარება მიიღო. აშშ-სგან საქართველო ყოველწლიურად უდიდეს ფინანსურ დახმარებას იღებს და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ყოველწლიურად გამოყოფილი დახმარებები წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოსთვის გამოყოფილი ფულადი სახსრები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან, ყველა სფეროს მიემართება - განათლება, კანონის უზენაესობა, ინსტიტუტების გაძლიერება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ა.შ.
სტატიაში განხილული მონაცემები მოწმობს, რომ აშშ-სგან საქართველო ფინანსურ დახმარებას ყველა მიმართულებით, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისთვის, იღებს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადების პათოსი, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება, არის ტყუილი.
ანალიზი:
2022 წლის 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ „საქართველოში არის დიდი უკუსვლა. ჩვენ მნიშვნელოვნად ვუჭერთ მხარს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხრივ. შესაძლოა, ამ დახმარების ნაწილი დავუკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქმედებებს, თუმცა, მე ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლოს დამარწმუნეს, რომ, შეიძლება, ამის გაკეთება არ არის კარგი, თუმცა, ვფიქრობ, უნდა ვიფიქროთ, არის, თუ - არა საქართველოსთან მიმართებაში ჩვენი სტრატეგიის გადახედვის დრო“.
17 ნოემბერს სენატორის განცხადებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, შაჰინის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით უსამართლო იყო და მმართველი გუნდისთვის მსგავს განცხადებებს „ფასი არ აქვს“. რაც შეეხება ფინანსური დახმარების წესის ცვლილების საკითხს, ირაკლი კობახიძეს თქმით, ამაზე არასამთავრობო სექტორმა უნდა იდარდოს - „ენჯეოები დაფინანსდებიან, თუ - არა, ამაზე იდარდონ ენჯეოებმა. ძირითადი ნაწილი ეს არის ენჯეოების დაფინანსება, უდიდესი ნაწილი“,- განაცხადა კობახიძემ.
„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი კობახიძის განცხადების ის შინაარსი, რომლის მიხედვითაც, აშშ საქართველოში ძირითადად მხოლოდ არასამთავრობო სექტორს აფინანსებს, გადაამოწმა.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ 30-წლიანი ქართულ-ამერიკული პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარებები საქართველოში არაერთი სფეროს დაფინანსებასა და განვითარებას მოხმარდა. კერძოდ - დემოკრატია და ადამიანის უფლებები, განათლება, ეკონომიკა, მშვიდობა, თავდაცვა და უსაფრთხოება და სხვა. სინამდვილეში, 1992-2020 წლების პერიოდში, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯამურად $4 348 400 000 ფინანსური დახმარება მიიღო. „კონგრესის კვლევითი სამსახურის“ (CRS) ანგარიშის მიხედვით, ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს შორის, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო და სამხედრო დახმარების მიმღები წამყვანი ქვეყანაა (ვრცლად იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
სტატიის მიზნებისთვის, ქვემოთ ბოლო წლებში აშშ-სგან მიღებული ფინანსური დახმარების მოკლე ჩამონათვალს გთავაზობთ.
საქართველოში ათწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) კომპაქტის პროგრამის ფარგლებში, აშშ-მა საქართველოს რამდენიმე მილიონის დახმარება გაუწია. 2014-2019 წლებში საქართველომ $140 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რომელიც ძირითადად საგანმანათლებლო მიზნებს (საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნა და ტრენინგები, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სწავლების გაუმჯობესება) მოხმარდა.
2010-2017 წლებში აშშ-მა საქართველოს არასამხედრო მიზნებისთვის საშუალოდ $60 მილიონი, 2018 წელს - $70.8 მილიონი, ხოლო 2019 წელს ამერიკის კონგრესმა, ასევე არასამხედრო მიზნებისთვის, $89.8 მილიონი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ 2020 ფისკალური წლისთვის წარმომადგენელთა პალატის და სენატის საფინანსო კომიტეტმა საქართველოსთვის 89,8 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის რეკომენდაცია გასცა. 2021 წლისთვის კი აშშ-ს მიერ საქართველოს დასახმარებლად გამოყოფილი 132 მლნ დოლარი კი 35-მილიონიან სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ბიუჯეტში 2022 წლის ფისკალური წლისთვის, ჯამურად სხვადასხვა ფონდიდან 120 მილიონზე მეტი ამერიკული დოლარის გამოყოფა ითხოვა. მათ შორის - 88 მილიონი დოლარი ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის დახმარების (AEECA) ფონდის ფარგლებში საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციისა და კრემლის მავნე გავლენების წინააღმდეგ მედეგობის განვითარებას უნდა მოხმარდეს. ამასთან, საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროგრამიდან (IMET) საქართველოსთვის გათვალისწინებულია 2 200 000 აშშ დოლარი, რაც რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებასა და ამერიკის, ნატოს, ევროპის შეიარაღებული ძალებთან თავსებადობასა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას უნდა მოხმარდეს. საგარეო სამხედრო დაფინანსებიდან (FMF) საქართველოსთვის 25 მილიონი დოლარია გამოყოფილი, რაც უსაფრთხოების გაძლიერებასა და ამისათვის საჭირო აღჭურვილობისა და წვრთნების ჩატარებას მოხმარდება. ნარკოტიკების საერთაშორისო კონტროლისა და სამართალდამცავი ინსტიტუტების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში (INCLE) კი საქართველო 4 400 000 აშშ დოლარს მიიღებს, ასევე 1 მილიონ აშშ დოლარს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლისა და განაღმვის პროგრამიდან (NADR).
ასევე, აშშ-მა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდიდან საქართველოში 19 პროექტი დააფინანსა (2019 წლის მდგომარეობით), ჯამში 1.5 მილიონი აშშ დოლარით. მათ შორის, აღსანიშნავია ისეთი კულტურული ძეგლის რეაბილიტაციის დაფინანსება, როგორიც ჯვრის მონასტერია (100 ათასი აშშ დოლარით).
ამასთან, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ხაზგასმით აღსანიშნავია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობა საქართველოს სწრაფი და უმტკივნეულო დემოკრატიული ტრანზიციის პროცესში. USAID-ის მეშვეობით, აშშ-მა საქართველოს წლის განმავლობაში 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია. დღეისათვის, USAID-ის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატები 35-ზე მეტ სხვადასხვა პროგრამას აფინანსებს, რომელთა მიზანიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება და ეკონომიკური განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ ფონდის საქმიანობა სხვადასხვა სფეროს პროგრამებს ფარავს, მათ შორისაა: სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა; ანგარიშვალდებულების, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში; ახალგაზრდების გაძლიერება მშვიდობისათვის; ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში; ბიზნეს განვითარების პროგრამა; განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის; დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა; ეკონომიკური მმართველობის პროგრამა; ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა; ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა; ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა; კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში; რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის; საბაზისო განათლების პროგრამა და სხვა. გარდა ამისა, აღსანიშნავია ამერიკის მიერ პერსონალის გაცვლისა და სასწავლო დაფინანსებების პროგრამები (ფულბრაიტის; მომავალი ლიდერების გაცვლის FLEX; სტუდენტური გაცვლის UGRAD; საკანონმდებლო განათლების და პრაქტიკის LEAP; საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების).
როგორც ზემოხსენებული მონაცემებიდან ჩანს, აშშ-სგან საქართველო ყოველწლიურად უდიდეს ფინანსურ დახმარებას იღებს და აშშ-ის მიერ საქართველოსთვის ყოველწლიურად გამოყოფილი დახმარებები წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოსთვის გამოყოფილი ფულადი სახსრები სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან, ყველა სფეროს მიემართება - განათლება, კანონის უზენაესობა, ინსტიტუტების გაძლიერება, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ა.შ.
სტატიაში განხილული მონაცემები მოწმობს, რომ აშშ-სგან საქართველო ფინანსურ დახმარებას ყველა მიმართულებით, მათ შორის, სამოქალაქო სექტორის და შესაბამისად, დემოკრატიული პროცესების გაძლიერებისთვის, იღებს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადების პათოსი, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების უდიდესი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხმარდება, არის ტყუილი.