იტვირთება

Facebook-გვერდმა „სინამდვილეში“, რომელიც გვერდის აღწერის თანახმად, „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ შექმნილი პლატფორმაა, 14 ნოემბერს გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც „ნეტგაზეთის“ სტატია ირაკლი ზარქუას განცხადებასთან დაკავშირებით (პლატფორმამ სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა აღნიშნული სტატიის გამზიარებელი, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტი თამაზ კუპრეიშვილიც) სიცრუედ შეაფასა. კერძოდ, საქმე ეხება „ნეტგაზეთის“ სტატიას, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადება, რომ აშშ-ში შუალედურ არჩევნებში გარდაცვლილი ადამიანი აირჩიეს, მანიპულაციადაა შეფასებული.

„ჟურნალისტი თამაზ კუპრეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს "ნეტგაზეთის" სტატიას მანიპულაციური აღწერით. სტატია გვამცნობს, თითქოს პარლამენტის წევრმა ირაკლი ზარქუამ შეერთებული შტატების ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით მანიპულაციური განცხადება გააკეთა და დეზინფორმაცია გაავრცელა". დეზინფორმაციის გავრცელებაში „ნეტგაზეთმა“ მიიჩნია ზარქუას მიერ ნათქვამი ფაქტი, რომ ერთ-ერთ ოლქში გარდაცვლილი ადამიანი აირჩიეს.

სინამდვილეში, „ნეტგაზეთი“ და შესაბამისად, სტატიის გამზიარებელი თამაზ კუპრეიშვილი ცრუობენ და ეს ტყუილი ამავე სტატიის ერთ-ერთ ქვეთავში ხდება თვალსაჩინო. კერძოდ სტატიის ავტორი წერს - „8 ნოემბრის არჩევნების შედეგად, პენსილვანიის წარმომადგენლად ხმების 85%-ით მართლაც აირჩიეს დემოკრატების კანდიდატი ტონი დელუკა, რომელიც 9 ოქტომბერს გარდაიცვალა”

ზუსტად ანალოგიური განცხადება გააკეთა ირაკლი ზარქუამ - მან ფაქტის კონსტატირება მოახდინა და გარდაცვლილი პირის არჩევა არანაირად არ დაუკავშირებია რაიმე სახის მანიპულაციას!“, - წერს პლატფორმა „სინამდვილეში“ ფეისბუქზე.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა.

13 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა. მან შეშფოთება გამოთქვა და, მეტიც, დაგმო არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები. იმის საილუსტრაციოდ, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ზარქუამ ერთ-ერთი კანდიდატის გარდაცვალების ფაქტი მოიხმო : „რამდენიმე დღის წინ ჩატარდა არჩევნები აშშ-ში. ჩვენ გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან და იქ რაც ეუთო ოდირის დასკვნა მოვისმინეთ და ჩანაწერი - სადაც არის პოლარიზაცია, სადაც არის მოსყიდვა, სადაც არის დაშინება, სადაც, რაღა შორს წავიდეთ, გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ, ნუ, არ ვიცი, ეს თუ სიმართლეა, ჩვენთან, ქე მაინც, გარდაცვლილები ხმას აძლევენო და იქ საერთოდ გარდაცვლილი აურჩევიათ. შემაშფოთებელია და მე, რა ვიცი, თუ არის საშუალება, ალბათ დავგმობდი ასეთ...“, - განაცხადა დეპუტატმა.

ირაკლი ზარქუამ ასევე განაცხადა: „გულისტკივილით ვამბობ ამას, რადგან ჩვენ აშშ-ს, ისევე როგორც ევროპის ცალკეულ სახელმწიფოებს, ვუყურებთ როგორც მაგალითის მომცემს, და როცა ეუთოს ასეთი დასკვნა დაიდება, როგორ უნდა ველაპარაკოთ ოპოზიციას, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია? რანაირად უნდა ავუხსნათ მას, რომ კონკურენცია არის მნიშვნელოვანი? რანაირად უნდა ავუხსნათ, რომ დაშინება, მოსყიდვა გამორიცხულია? გაგვიჭირდება… მაგრამ მიუხედავად ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესებისა, საქართველო გაცილებით წინ ყოფილა, ვიდრე მეგონა. ვისურვებდი და ვუსურვებ აშშ-ს, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, – რაც არცერთი აქვთ შესრულებული, – დროულად შეასრულონ. ეს არ არის ირონიულად ნათქვამი. ჩვენ გვინდა ჩვენი მთავარი პარტნიორი იყოს მაგალითის მომცემი“,

ამერიკის შეერთებული შტატებში, პენსილვანიის შტატში, 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, დემოკრატების კანდიდატმა ენტონი დელუკამ ხმების 85%-ზე მეტი, მართლაც, მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ ის არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.

საქმე ისაა, რომ პენსილვანიის კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი ჩანაცვლება შეიძლება მანამ, სანამ საარჩევნო ბიულეტენები დაიბეჭდება. გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო ბიულეტენები დელუკას გარდაცვალებამდე, 28 სექტემბერს დაიბეჭდა, კანდიდატის ჩანაცვლება ვეღარ მოხერხდებოდა. აღსანიშნავია, რომ კანდიდატის გარდაცვალების გამო, პენსილვანიაში მოგვიანებით სპეციალური არჩევნები გაიმართება.

ამდენად, ირაკლი ზარქუა უგულებელყოფს მომხდარის რეალურ მიზეზს, საკანონმდებლო შეზღუდვას, რის გამოც ვერ მოხერხდა გარდაცვლილის ჩანაცვლება და გარდაცვლილი კანდიდატის არჩევას აშშ-ში შუალედური არჩევნების დარღვევების კონტექსტში წარმოაჩენს. ამით დეპუტატი ფაქტს, რომელიც დარღვევას არ წარმოადგენს, ამერიკაში გამართული არჩევნების პრობლემების საილუსტრაციოდ იყენებს და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ არჩევნები აშშ-ში უფრო უარესად, მძიმე დარღვევებით ტარდება, ვიდრე საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ დელუკას არჩევას თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დეზინფორმაციული კამპანია მოჰყვა. მაგალითად, სოციალური ქსელის მომხმარებლები დელუკას არჩევას არჩევნებში დარღვევისა და გაყალბების მტკიცებულად წარმოაჩენდნენ. აღნიშნული ინფორმაცია ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, Politifact-მაც გადაამოწმა. Politifact-ი აღნიშნავს, რომ 2022 წლის შუალედურ არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის ბოლო ვადა 15 აგვისტოს იყო. პენსილვანიის შტატის დეპარტამენტის წარმომადგენელმა Politifact-თან აღნიშნა, რომ, „მას შემდეგ რაც საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება, საარჩევნო კოდექსში არ არსებობს კანდიდატის სახელის ამოშლის და ჩამნაცვლებლის სახელის შეტანის მექანიზმი“. ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ, ინფორმაცია, რომ დელუკას არჩევა არჩევნების გაყალბების მტკიცებულებაა, მცდარად შეაფასა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პლატფორმა „სინამდვილეშის“ პოსტი, რომლის თანახმადაც, ირაკლი ზარქუამ „ფაქტის კონსტატირება მოახდინა და გარდაცვლილი პირის არჩევა არანაირად არ დაუკავშირებია რაიმე სახის მანიპულაციისთვის“, არის მცდარი. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ამავე პლატფორმის მტკიცება, რომ „ნეტგაზეთი“ და მისი ჟურნალისტი, თამაზ კუპრეიშვილი, ცრუობენ.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი