იტვირთება

Facebook-მომხმარებლები სოციალურ ქსელში ზბიგნევ ბჟეზინსკის ყალბ ციტატას ავრცელებენ. პოსტების თანახმად, ზბიგნევ ბჟეზისკიმ 2009 წელს განაცხადა, რომ „ახალი მსოფლიო წესრიგი აშენდება რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ნანგრევებზე და რუსეთის ხარჯზე". გავრცელებული ციტატა ყალბია და ის ბჟეზინსკის არ ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ Facebook-პოსტებში ციტატის წყარო არ არის მოყვანილი, აღნიშნული ციტატის სხვადასხვა ვარიაცია წლების განმავლობაში ქართულ სოციალურ სივრცეში, ასევე რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება. დეზინფორმატორები ამტკიცებენ, რომ ციტატა ბჟეზინსკის წიგნიდან „დიდი საჭადრაკო დაფა -აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები“ არის ამოღებული. რეალურად, ბჟეზინსკის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომების და მასთან დაახლოებულ პირებთან ინტერვიუების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ აღნიშნული ციტატა ყალბია და ბჟეზინსკის არ ეკუთვნის.

ამერიკელ დიპლომატი და ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის წიგნში - „დიდი საჭადრაკო დაფა -აშშ-ის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები“, რომელიც 1997 წელს გამოქვეყნდა, რუსეთის განადგურებაზე არსად საუბრობს და პირიქით, რუსეთს ახალი საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვან აქტორად მიიჩნევს. იგი წიგნში რუსეთისა და დასავლეთის პოტენციურ თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას. წიგნის მეოთხე თავში („შავი ხვრელი“) რუსეთისა და დასავლეთის დაახლოების შესახებ ბჟეზინსკი შემდეგნაირად წერს: „რა არის რუსეთის და სად არის რუსეთის“ რედეფინიციის პროცესი, მოხდებოდა, ალბათ, მხოლოდ თანდათანობით და, ამისთვის, დასავლეთმა უნდა დაიკავოს ბრძნული და მტკიცე პოზიცია. ამერიკასა და ევროპას მოუწევთ მას დაეხმარონ. მათ რუსეთს უნდა შესთავაზონ არა მარტო სპეციალური ხელშეკრულების დადება ანდა ნატოსთან ქარტია, არამედ რუსეთთან ერთად თანამშრომლობის ტრანსკონტინენტური იმ სისტემის მომავალი შესაძლებელი ფორმის შესწავლის პროცესის დაწყება, რომელიც მნიშვნელოვანწილად სცილდება ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ბუნდოვანი სისტემის ფარგლებს“.

ამასთან ერთად, გავრცელებულ ყალბ ციტატებთან დაკავშირებით ბჟეზინსკის კოლეგები Polygraph-თან კომენტარში აცხადებენ, რომ ყალბი ციტატის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია, ხოლო ბჟეზინსკი, სინამდვილეში, რუსეთის მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედოვნებდა, რომ რუსეთი დემოკრატიისკენ და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ შემობრუნდებოდა. 2012 წელს PBS NewsHour-თან ინტერვიუში ბჟეზინსკი აშშ-ისა და რუსეთის თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობდა.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4677 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი