იტვირთება

გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „MMnews: „შესრულებულია“ – ტრასს ბრალი დასდეს „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ თავდასხმაში მისი პირადი მიმოწერის გაჟონვის შემდეგ“. სტატიაში აღნიშნულია, რომ „ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ეჭვმიტანილია „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარ აფეთქებაში“. გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“ MMnews-ზე დაყრდნობით წერს, რომ „ბრალდებების მიზეზი გახდა ჰაკერების ხელში ჩავარდნილი შეტყობინება, რომელიც პოლიტიკოსმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს რუსულ გაზსადენებზე თავდასხმის შემდეგ მალევე გაუგზავნა“. სტატიის თანახმად, „ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაუდასტურა „ჩრდილოეთ ნაკადებზე“ თავდასხმის წარმატება. ეს ვარაუდი პოპულარულმა ონლაინ კომენტატორმა გააკეთა“.

ამასთან, „საქართველო და მსოფლიო“ MMnews-ის მიხედვით დასძენს, რომ „ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი დაადანაშაულა გაზსადენებზე მომხდარ აფეთქებებში. ლონდონმა ამ განცხადებას „ყალბი“ და „ყურადღების გადატანა“ უწოდა. ამავდროულად, ბრიტანულ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ტრასის პირადი მიმოწერა უცხოელ ოფიციალურ პირებთან, მათ შორის - უკრაინის კონფლიქტის შესახებ, უცხოური დაზვერვის ხელში ჩავარდა. გატეხის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში, პრემიერის პოსტისთვის გამართული საარჩევნო კამპანიის დროს გახდა ცნობილი, მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლებამ სკანდალის მიჩუმათება ამჯობინა“.

რეალურად, „საქართველო და მსოფლიო“-ს მიერ MMnews-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მოცემული საკითხს ვრცელი სტატია მიუძღვნა Daily Mail-მა, რომელმაც ჰაკერების მიერ ტრასის ტელეფონის გატეხის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციაც პირველმა გაავრცელა.

აღნიშნული ბრალდება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმაც გააჟღერა. კონკრეტულად, პესკოვის თანახმად, კრემლის დაზვერვა ფლობს ინფორმაციას, რომელიც მიუთითებს, რომ ბრიტანეთის სამხედრო სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ და კოორდინაციას უწევდნენ თავდასხმებს, რომლებმაც რუსეთის გერმანიასთან დამაკავშირებელი გაზსადენები - „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ააფეთქა. თუმცა პესკოვს აღნიშნულის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, კერძოდ, მისმა პრესსპიკერმა - ნედ პრაისმა, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ მიმართულ ოფიციალური მოსკოვის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, აღნიშნულ განცხადებებს არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნიათ და ასევე მიუთითა, რომ რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელების დიდი გამოცდილება აქვს, რასაც მოცემულ შემთხვევაშიც ახორციელებს.

რუსული მხარის მტკიცება მომდინარეობს კიმ დოტკომისგან (Kim Dotcom), რომელიც წარსულში ვებგვერდ Megaupload-ს მართავდა, სანამ თაღლითობის გამო გაასამართლებდნენ. მან დაიწყო აღნიშნული შეთქმულების თეორიის გავრცელება, თითქოს გაზსადენებზე თავდასხმის შემდეგ ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის ყოფილმა საგარეო მდივანმა და შემდგომში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ბლინკენს - აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მიწერა, რომ „შესრულებულია“ (it’s done). კიმ დოტკომის ინფორმაციით, ინფორმაცია ტრასის „აიქლაუდიდან“ (iCloud) მომდინარეობდა, მას შემდეგ რაც რუსეთმა ტრასის ტელეფონი ჰაკერული თავდასხმით გატეხა.

ბოლო პერიოდში ლიზ ტრასის ტელეფონის გატეხვის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად გავრცელდა, თუმცა რუსული მხარის მტკიცება გავრცელებულ ინფორმაციასთან შესაბამისობაში არაა და აცდენილია. ლიზ ტრასის ტელეფონის გატეხვის შესახებ ცნობილი ზაფხულში გახდა, როდესაც ლიზ ტრასი ჯერ კიდევ საგარეო მდივანი იყო და იღებდა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერობის არჩევნებში მონაწილეობას, რათა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ბორის ჯონსონი ჩაენაცვლებინა. ხოლო გაზსადენების პირველი აფეთქება 2022 წლის 26 სექტემბერს განხორციელდა - 2 კვირაზე მეტით გვიან, ვიდრე ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მართალია, ლიზ ტრასის ტელეფონის გატეხვის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გახდა ცნობილი, თუმცა უსაფრთხოების დარღვევა ბრიტანეთის მთავრობამ ჯერ კიდევ ზაფხულში აღმოაჩინა. იმ დროს პრემიერ-მინისტრი ჯერ კვლავ ბორის ჯონსონი იყო და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონმა და მისმა კაბინეტის მდივანმა სიმონ ქეისმა (Simon Case) უზრუნველყვეს, რომ ტრასის ტელეფონის „დაჰაკვის“ შესახებ ცნობა მედიაში არ გავრცელებულიყო.

შესაბამისად, მართალია, ლიზ ტრასის ტელეფონი მართლაც გატეხეს და სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიჟონა, თუმცა ეს „ჩრდილოეთის ნაკადი 1-სა და 2-ის“ აფეთქებამდე მოხდა. ბუნებრივია, ლიზ ტრასს უსაფრთხოების სამსახურები იმავე ტელეფონის გამოყენების ნებას აღარ დართავდნენ, მას შემდეგ რაც მისი „დაჰაკვის“ შესახებ შეიტყვეს. აქედან გამომდინარე, ტრასის ტელეფონის გატეხის რეალურ ინფორმაციას 26 სექტემბრის მიმოწერასთან კავშირი ვერ ექნებოდა და მათი ერთმანეთთან დაკავშირება მცდარია.

მიუხედავად ამისა, რუსულმა პროპაგანდამ საეჭვო წყაროს მიერ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გავრცელებული ცნობა მაინც აიტაცა და პესკოვის გარდა, მაგალითად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა, იმ მტკიცებაზე დაყრდნობით, რომლის ფაქტებიც დროში ერთმანეთს აცდენილია, ოფიციალური ლონდონისგან პასუხს ითხოვდა. გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ს მიერ, რომელიც საქართველოში რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი გამავრცელებელია და ყალბი ამბების გავრცელებაში არაერთხელაა შემჩნეული, აღნიშნული ინფორმაციის ზემოთ ნაჩვენები ფორმით გამოქვეყნება რუსული პროპაგანდის ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიის გავრცელების ნაწილია.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4664 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი