იტვირთება

ინტერნეტსივრცეში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთი უკრაინელ ლტოლვილებს უფასოდ აღარ აცხოვრებს და დახმარებებსაც გაუყინავს. „თბილისი 24“-ზე გამოქვეყნებული სტატიაში ინფორმაციას შერჩევითად არის მოყვანილი და მომხდარს არასრულად ასახავს. „თბილისი 24“-ზე გამოქვეყნებული სტატია ეყრდნობა რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემა Lenta.ru-ზე გამოქვეყნებულ სტატიას.

სტატიაში ვკითხულობთ, რომ პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივნისა და პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის უკრაინელ ლტოლვილთა საკითხებში, პაველ შეფერნეაკერის განცხადებით „უკრაინელი ლტოლვილები უფასო საცხოვრებელს პოლონეთში 2023 წლიდან დაკარგავენ, ვარშავა სამშობლოში დაბრუნებულ უკრაინელ ლტოლვილებს მატერიალური დახმარების გადახდას გაუყინავს და, რომ პოლონეთის ხელისუფლება ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების ყოფნის შესახებ კანონის გამკაცრებას გეგმავს“.

პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივნისა და პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლის უკრაინელ ლტოლვილთა საკითხებში, პაველ შეფერნეაკერმა აღნიშნულ საკითხზე რადიო RMF FM-ის ეთერში მართლაც ისაუბრა. თუმცა, როგორც ქართულენოვან, ისე რუსულენოვან წყაროებში აღნიშნული ინფორმაცია მანიპულაციურად გავრცელდა.

პაველ შეფერნაკერიმ რადიო RMF-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინელ ლტოლვილებთან დაკავშირებულ რამდენიმე სამთავრობო ინიციატივაზე ისაუბრა. პოლონური კანონმდებლობის მიხედვით, ლტოლვილები, რომლებიც 9 თვეზე მეტ ხანს რჩებიან ქვეყანაში, ვალდებულები არიან, ბინადრობის უფლების გაგრძელების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართონ. თუმცა პოლონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინელ ლტოლვილებს ეს ვადები ავტომატურად გაუხანგრძლივდეთ და ამ პროცედურების გავლა არ მოუწიოთ.

შეფერნაკერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილები ინტეგრირებულები არიან პოლონეთის შრომის ბაზარზე და ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთო დოვლათის შექმნაში. მისი განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ 450,000-ზე მეტი უკრაინელი დასაქმდა პოლონეთში. შესაბამისად, მათთვის ამ პროცედურის გამარტივება ლოგიკური და აუცილებელი ნაბიჯი იქნება.

რაც შეეხება უფასო საცხოვრებლის პროგრამის გაუქმებას, მინისტრის მოადგილის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლონეთის ეკონომიკას საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვა ჰუმანიტარული ხარჯები და იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინელი ლტოლვილების დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია პოლონეთში, ლტოლვილების ნაწილს შეუძლია საკუთარი საცხოვრებელი ხარჯები თავად უზრუნველყოს. ცვლილება, რომელიც პოლონეთის სეიმს დასამტკიცებლად 20 ნოემბერს წარედგინება, ითვალისწინებს, რომ 2023 წლის იანვრიდან, ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრებლებს მოუწევთ პირველი 3 თვის განმავლობაში საცხოვრებელი ხარჯების 50% საკუთარი შემოსავლიდან დაფარონ, ხოლო თუ ისინი 3 თვის შემდეგ ისევ ლტოლვილთა სპეციალურ საცხოვრებლებში იქნებიან, მათ საცხოვრებლის მთლიანი ხარჯების თავად დაფარვა მოუწევთ.

თუმცა, ინიციატივაში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება არ შეეხებათ პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს და მთავრობა დამატებით ასევე იმსჯელებს სხვა მოწყვლადი ჯგუფების იდენტიფიცირებისთვის.

ამდენად, ქართულენოვან სტატიაში ინიციატივის შესახებ ინფორმაცია არასრულადაა წარმოდგენილი და უგულებელყოფილია ის ფაქტი, რომ ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს საცხოვრებლის დაფინანსება უნარჩუნდებათ და ასევე, მინისტრის განცხადების ის ნაწილი, სადაც აღნიშნულია, რომ პოლონელი ლტოლვილების გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმებულია და ამდენად, მათ საკუთარი შემოსავალი გააჩნიათ.

მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს ის ჰუმანიტარული დახმარება, რასაც პოლონეთის მთავრობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის გასცემდა და რაზეც ისაუბრა თავად მინისტრმაც.

უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 5.5 მილიონი უკრაინელი გადავიდა პოლონეთში, რომელთა დიდი ნაწილიც უკვე დაბრუნდა სამშობლოში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის და უსაფრთხოების რისკების მიუხედავად. კონფლიქტის დაწყების დღიდან პოლონეთი აქტიურად უჭერდა და უჭერს მხარს უკრაინას, როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ ჭრილში. პოლონეთმა მიიღო უკრაინელი ლტოლვილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკადი და მათთვის ღირსეული პირობების შექმნისთვის დიდი რესურსები დახარჯა. ომის დაწყების დღიდან, პოლონეთმა მისი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტი (7 მილიარდ დოლარამდე) დახარჯა უკრაინელების დახმარებაზე (აქ არ შედის სამხედრო დახმარების ხარჯები). 2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, პოლონეთში 1.4 მილიონზე მეტი რეგისტრირებული უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს, როგორც სპეციალურად შექმნილ ლტოლვილთა დასახლებებში, ისე სხვადასხვა კერძო სახლებსა და დაწესებულებებში.

პოლონეთის დასაქმების სააგენტოს „გრემი პერსონალი“-ს მიერ ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვებიდან დგინდება, რომ პოლონეთში მყოფი უკრაინელი დევნილების უმრავლესობა (51%) მიიჩნევს, რომ პოლონეთმა მათი ცხოვრების სტანდარტი გააუმჯობესა, 36.7% თვლის რომ მათი სტანდარტები უცვლელია და მხოლოდ 12.2%-მა უპასუხა, რომ მათი ცხოვრების სტანდარტი პოლონეთში ჩასვლის შემდეგ გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 160,000 უკრაინელი მოზარდი უფასოდ სწავლობს პოლონეთის სკოლებსა და ბაღებში, ხოლო 40,000 მეტი სტუდენტი - უკრაინის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4677 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი