ლაშა ხუციშვილი: ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება 9.3%-დან 2.8%-მდე, ეს არის 3-ჯერ [უპრეცედენტო]შემცირება
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მანიპულირება
რეზიუმე:
2023 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 3 პროცენტს ჩამოსცდება და 2.9% იქნება. ეს მაჩვენებელი, მართლაც, თითქმის 3-ჯერ ნაკლებია 2020 წელს არსებულ მონაცემთან შედარებით. რა თქმა უნდა, დეფიციტის ამგვარი შემცირება ინფლაციურ ზეწოლას შეამცირებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მიზნით კიდევ უფრო მეტი შემცირება იქნებოდა მართებული, რადგან მართალია, 2020 წელთან შედარებით დეფიციტი მცირდება, თუმცა 2018-2019 წლის, ანუ პანდემიამდელ მაჩვენებელს ჯერ კიდევ ვერ უბრუნდება.
ამასთან, თავის განცხადებაში, ტექნიკურად სიზუსტის გარდა, მინისტრი ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტს, რომ დეფიციტის „უპრეცედენტო შემცირება“ უპრეცედენტო ზრდამ გახადა შესაძლებელი. პანდემიის პირობებში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობამ განაპირობა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ 3%-ზე მეტით ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმვა და ახალი კანონით განსაზღვრულთან დაბრუნების ვალდებულებაც. სხვაგვარად დაირღვეოდა კანონი, რომელიც 3%-იან ზღვარს ქვემოთ ბიუჯეტის დეფიციტთან დაბრუნების ვალდებულებას აწესებს - საგანგებო მდგომარეობის შემოღებიდან 3 წლის განმავლობაში. ამგვარად, მინისტრის განცხადება ტექნიკურად ზუსტია და დეფიციტი მართლაც მცირდება თითქმის 3-ჯერ, ანუ უპრეცედენტოდ, თუმცა ყურადღების მიღმა ტოვებს იმას, რომ სხვაგვარად ვერც მოხდებოდა და ეს კანონის პირდაპირი მოთხოვნა იყო. საყურადღებოა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ზღვრულ სამ პროცენტს მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტით ჩამოსცდა, ანუ ხელისუფლებამ ამჯერად იმ მაქსიმუმზე დაგეგმა ბიუჯეტის დეფიციტი, რომელზე დაგეგმვაც მას კანონით შეეძლო. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, ლაშა ხუციშვილის განცხადება არის მანიპულირება.
ანალიზი:
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, მაღალი ინფლაციის პრობლემასთან დაკავშირებით განაცხადა: „საბიუჯეტო დეფიციტი 9,3% გვქონდა მშპ-სთან მიმართებაში და მიმდინარე წელს ეს იქნება ძალიან ახლოს 3%-თან და მომდევნო წელს, ეს იქნება 2,8%, ეს არის 3-ჯერ შემცირება, ფისკალური დეფიციტის ამხელა მასშტაბის შემცირებაა, რაც საქართველოში პრაქტიკულად არ მომხდარა არასდროს და ამ მიმართულებით მაქსიმალური კეთდება იმისთვის, რომ როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკა იმდაგვარად გატარდეს, რომ ამან ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინფლაციის შემცირებას“.
მიმდინარე მაღალი ინფლაცია მოსახლეობისთვის კრიტიკული პრობლემაა. 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ინფლაციის საერთო მაჩვენებელმა, ანუ ფასების ზრდის მაჩვენებელმა 28% შეადგინა. ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი უკვე ერთ წელზე მეტია, რაც ფიქსირდება და ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. 2022 წლის დასაწყისიდან ოქტომბრის ჩათვლით, წლიურმა ინფლაციამ 25% შეადგინა, ხოლო ოქტომბრის ინფლაცია 2021 წლის სექტემბერთან შედარებით 10.6%-ია. ინფლაციის ასეთი მაღალი მაჩვენებლები, 10 წელიწადზე მეტია არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, ეს რეალობა მოსახლეობას განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აყენებს.
ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირება, ნაწილობრივ, ცალსახად უკავშირდება 2020 წლიდან დღემდე, ბიუჯეტის დეფიციტის [1] მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებას. ბიუჯეტის დეფიციტი ნიშნავს, რომ ბიუჯეტს ნაკლები შემოსავალი აქვს, ვიდრე ხარჯები და სხვაობის დასაფინანსებლად სახელმწიფოს ვალის აღება უწევს. დეფიციტი, პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ბიუჯეტისთვის დამატებითი სახსრების კონსოლიდაციის ქვეტექსტში გაიზარდა. პანდემიასთან ბრძოლისთვის საჭირო ხარჯების გაღების გარდა, დეფიციტური ხარჯვის საშუალებით პანდემიის შედეგად შემცირებული მოხმარების სტიმულირება გახდა შესაძლებელი. ნაერთი და ერთიანი ბიუჯეტების დეფიციტის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.
ფინანსთა მინისტრის განცხადების შესაბამისად, 2020 წელთან შედარებით, დეფიციტი მართლაც დაახლოებით 3-ჯერ მცირდება, რაც მომავალში, ინფლაციის შემცირებაში დადებით წვლილს შეიტანს. თუმცა, გაუგებარია მინისტრის მიდგომა, როდესაც ის არსებულ დინამიკას ინფლაციასთან ბრძოლის ძალისხმევად წარმოაჩენს. პირველ რიგში, აღსანიშნავია რომ ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის ფარდობის ზედა ჭერს საქართველოს კანონი „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ აწესებს, რომლის მიხედვითაც, მაჩვენებელი 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამავდროულად, პანდემიით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის შემოღება მთავრობას უფლებას აძლევდა, 3 წლის განმავლობაში დეფიციტის მაჩვენებლები კანონით დადგენილ ზღვარზე მაღალი ყოფილიყო. შესაბამისად, 2023 წლისთვის, დეფიციტის პრეპანდემიურ დონემდე შემცირება კანონმდებლობით გათვალისწინებული, აუცილებელი ზომაა. ამავდროულად, დეფიციტის მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე ეს პანდემიურ, 2019 წელს იყო, რომ არაფერი ვთქვათ 2017-2018 წლებზე, როდესაც მაჩვენებელი 0.5-0.7%-ის ფარგლებში მერყეობდა.
ცხრილი 1: ნაერთი და ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის ფარდობა მშპ-თან, %
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
[1] ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა არის ბიუჯეტის საოპერაციო სალდო, ხოლო ბიუჯეტის საოპერაციო სალდოსა და არაფინანსური აქტივების ცვლილებას (პრივატიზაცია/ქონების გაყიდვა) შორის სხვაობა – ბიუჯეტის მთლიანი სალდო. დადებითი მთლიანი სალდო არის ბიუჯეტის პროფიციტი, ხოლო უარყოფითი მთლიანი სალდო – ბიუჯეტის დეფიციტი.