იტვირთება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში არაერთ ნაკლოვანებაზეა საუბარი. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება, რომელზეც უწყება ყურადღებას ამახვილებს, აუთვისებელი თანხებია, რომელიც დეპარტამენტმა 2020-2021 წლის ბიუჯეტიდან ვერ აითვისა და ვერც სხვა პროექტებზე გადანაწილება უზრუნველყო. გარდა ამისა, სერიოზული დარღვევა გამოიკვეთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლისას. როგორც ანგარიშშია მითითებული, განხორციელებული ოპერაციები თაღლითობის რისკებს შეიცავს.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საანგარიშო პერიოდში, 12 231 675 ლარი ვერ აითვისა.

ცხრილი 1. ინფორმაცია 2020-2021 წლების გადასახდელების შესრულების შესახებ

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თუ დავაკვირდებით, 2020 წელს ყველა პროგრამის დაზუსტებული გეგმა, ჯამში, 49 757 762 ლარი იყო, საიდანაც უწყებამ მხოლოდ 95% ანუ 47 312 321 ლარი აითვისა, ხოლო 2021 წელს დაზუსტებული გეგმის ჯამურმა მოცულობამ 57 874 000 ლარი შეადგინა, აქედან უწყებამ მხოლოდ 83% გახარჯა, რაც 48 087 766 ლარ უდრის. თუ 2020 (პანდემიურ) წელს დეპარტამენტმა გეგმა 90%-ზე მეტი მაჩვენებლით შეასრულა, შარშან 90%-ით მხოლოდ საავტომობილო გზების მართვის პროგრამა შესრულდა. დანარჩენი პროგრამების შემთხვევაში, თანხის ათვისება 80-88%-ის ფარგლებში მერყეობს. 2020 წელს აუთვისებელი დარჩა 2 445 441 ლარი, ხოლო 2021 წელს - 9 786 234 ლარი.

ანგარიშში განმარტებულია, რომ 2020 წელს თანხების გახარჯვა, ძირითადად, კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა. სხვა შემთხვევებში კი მიმწოდებელი კომპანიების ნაწილმა სამუშაოები განსაზღვრულ დროში ვერ დაასრულა. რამდენიმე ტენდერის ფარგლებში შემსყიდველს დაგვიანებით წარედგინა სამუშაოების ექსპერტიზის დოკუმენტი, საბანკო გარანტია და ა. შ., რის გამოც ანაზღაურება ვერ განხორციელდა. კერძოდ, საუბარია გზის რეაბილიტაციის მიზნით შესყიდულ სამუშაოებზე: შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარევის გზის მონაკვეთი, ღირებულება -1 638 884 ლარი; ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ბზუბზუს გზის მონაკვეთი, ღირებულება - 1 291,761 ლარი; ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილი - მწვანე ტბა - დიდაჭარის იაილას გზის მონაკვეთი, ღირებულება - 3 182 052 ლარი. ამ პროექტებიდან 2 584 995 ლარი აუთვისებელი დარჩა. მიმწოდებელი კომპანიები კი დაჯარიმდნენ.

რამდენიმე შემთხვევაში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი ან უარყოფითი შედეგით დასრულდა, ან საერთოდ ვერ გამოცხადდა. მაგალითად: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ ახალი გზის მშენებლობისთვის, 2021 წლის ბიუჯეტში, 500 000 ლარი იყო გათვალისწინებული. დეპარტამენტს საპროექტო დოკუმენტაცია დაგვიანებით მიაწოდეს. ამასთანავე, არსებობდა სასამართლო დავა მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით. მესამე კვარტალში შემსყიდველმა უკვე იცოდა, რომ სამუშაოების შესყიდვის პროცედურებს იმ წელს ვერ დაიწყებდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ დეპარტამენტმა, აღნიშნული ვითარების მიუხედავად, არ უზრუნველყო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების დაზუსტება და სხვა პროექტებზე გადანაწილება. აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შესწავლილი გარემოებები ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოკვლეულ ფაქტებს, გამოვლინდა, რომ 2020 წელს, „საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის“ პროგრამის ფარგლებში, თანხა გადარიცხულია პირზე, რომელიც დეპარტამენტის თანამშრომელი არ იყო. შესაბამისად, გადარიცხვის საფუძვლები ავთენტური არ არის. საინტერესოა, რომ საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის უფროსი თანხას საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა. ზედმეტად გადახდილი თანხა, ჯამში, 4 800 ლარს შეადგენს. აქედან 960 ლარი საშემოსავლო გადასახადია. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი თაღლითობის რისკებს შეიცავს. ანგარიშში წერია, რომ იდენტური გარემოება 2019 წელსაც დაფიქსირდა, თუმცა მაშინ არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დასაქმებულ პირს ანაზღაურება ორჯერ ჩაერიცხა. სულ ცამეტი საეჭვო ტრანზაქცია განხორციელდა და 5 680 ლარი გადაირიცხა. გარდა ამისა, გამოვლენილია ოცდაოთხი ანგარიშის ნომერი, რომლებიც, აუდიტორული პროცედურების დროს, უკვე გაუქმებული იყო. ამასთანავე, დასაქმებულთა დიდი ნაწილი დეპარტამენტში აღარ მუშაობს, რის გამოც, აუდიტორებმა ანგარიშების მფლობელების შესახებ შესაფერისი რწმუნება ვერ მოიპოვეს. აღნიშნულ ანგარიშებზე, 2019-2020 წლებში, 140 699 ლარი ჩაირიცხა.

ანგარიშის თანახმად, დეპარტამენტში 2020 წელს 63 საჯარო მოსამსახურე მუშაობდა. მათი შრომის ანაზღაურებისთვის გადახდილია 987 257 ლარი. 2021 წელს საჯარო მოსამსახურეების რიცხვმა - 60 ადამიანი, ხოლო ანაზღაურებამ 953 693 ლარი შეადგინა. გარდა აპარატში დასაქმებულებისა, „საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, დასაქმებულთა რაოდენობა 442-დან 458-მდე მერყეობდა. მათი შრომის ანაზღაურება 2020 წელს 2 470 640 ლარი იყო, ხოლო 2021 წელს - 2 665 563 ლარი.

დოკუმენტში ასევე საუბარია ხარვეზებით შესრულებულ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე, რომელიც დეპარტამენტმა ჩაიბარა. აუდიტორთა ჯგუფი მიუთითებს, რომ დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე ინსპექტირება სათანადოდ არ განხორციელდა, დაუზუსტებელი საპროექტო დავალება და ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გარეშე საქმიანობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი შესყიდვის ფარგლებში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა მხარეებს შორის გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში ასახულ მოცულობაზე ნაკლებია. მაგალითად, ექვსი ხელშეკრულების ფარგლებში, რომლებიც, ძირითადად, გრუნტის გატანას ეხება, დაფიქსირებულ სამუშაოებსა და გადაზიდვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას შორის სხვაობა 90 936 ლარს შეადგენს. თანდართულ ხარჯთაღრიცხვებში მითითებულია გრუნტის გატანა ნაყარში, თუმცა დეპარტამენტმა და ტექნიკურმა ზედამხედველებმა ვერ უპასუხეს, სად გაჰქონდათ მიმწოდებლებს გრუნტი. მათი განმარტებით, პროექტში კონკრეტული ლოკაცია მითითებული არ იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური დეპარტამენტს რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს, მათ შორის, დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტების სწორ დაგეგმვასა და განხორციელებას. ასევე შესაძლებელს გახდის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ განკარგვას, უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსების დაცვას და თაღლითობის შემთხვევაში, მის სწრაფ გამოვლენასა და რეაგირებას.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი