სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ორსული კენის თოჯინა ჩანს. პოსტს თან აღწერა ახლავს, რომელიც ამბობს, რომ „Barbie doll-ის კომპანიამ გამოაცხადა ახალი ორსული კენის თოჯინის გაყიდვების დაწყება“. რეალურად, ვიდეო სატირული გამოცემა The Babylon Bee-ის შექმნილია და თოჯინების მწარმოებელი კომპანია Mattel ორსული კენის თოჯინების წარმოებას არ გეგმავს.

ცნობისათვის, კენის არის მამრობითი სქესის თოჯინა, რომელსაც თოჯინების მწარმოებელი კომპანია Mattel მომხმარებელს ბაზარზე 1961 წლიდან სთავაზობს. Reuters-თან საუბარში, კენის თოჯინას მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა განაცხადა, რომ ორსული კენის თოჯინა მის პროდუქტს არ წარმოადგენდა.

სინამდვილეში, ორსული კენის თოჯინას შექმნის ისტორია სატირულმა გამოცემა[1] The Babylon Bee-მ შეთხზა. 2022 წლის 10 მაისს, გამოცემამ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა სტატია სათაურით - „Mattel-მა ახალი ორსული კენ თოჯინა წარადგინა“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კონკრეტული ნაბიჯი ტრანსინკლუზიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა. იქვე მოყვანილია Mattel-ის აღმასრულებელი დირექტორის სიტყვებიც: „ყველამ უნდა დაინახოს საკუთარი თავი სათამაშოებში. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ორსული ბიჭები გარიყულები იყვნენ. დღეს, ეს საბოლოოდ შეიცვლება. ჩვენ მოხარულები ვართ წარვადგინოთ ორსული კენის საზაფხულო გამოშვება!“. The Babylon Bee-მ სტატიის შესაბამისი ვიდეო YouTube გვერდზეც განათავსა.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Mattel-ი ორსული კენის თოჯინების წარმოებას იწყებს, სატირული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ გამოგონილ ამბავს წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] აღსანიშნავია, რომ თავად Babylon Bee-ის ვებგვერდზე, „ჩვენ შესახებ“ სექციაში ხაზგასმით აქვს მითითებული, რომ გვერდი სატირული შინაარსის ინფორმაციას აქვეყნებს.