არ მახსოვს აშშ-ს საელჩოს ასეთი ისტერიკები 2012 წლამდე

კახი კახიშვილი: არ მახსოვს აშშ-ს საელჩოს ასეთი ისტერიკები 2012 წლამდე

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახი კახიშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვადასხვა ფორმით როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგაც მიუთითებდნენ. როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე კრიტიკული შეფასებები ხშირად კეთდებოდა.

ანალიზი:

2022 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი „რუსთავი 2“-ისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებისა და ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე. ამ ნაწილში სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, თუმცა არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას, ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში (მითვისება ან გაფლანგვა). კერძოდ, მოსამართლემ აღნიშნული ბრალდებები, სსკ-ის 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლით გადააკვალიფიცირა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლითაც ღრმა შეშფოთება გამოხატა. საელჩოს შეფასებით, ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა. ასევე, მსგავსი განცხადება ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმაც გაავრცელა.

პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას 2022 წლის 4 ნოემბერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი კახი კახიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, აშშ საქართველოს წინა ხელისუფლებას სასამართლოს გამო არ აკრიტიკებდა. „ამის ნახევარი კრიტიკა გახსოვთ მაინც 2012 წლამდე? მე არ მახსოვს ასეთი ისტერიკები საელჩოსი, მართლა არ მახსოვს. ამას იმით ვხსნი, რომ 2013 წლიდან ზედმეტად რევერანსის მდგომარეობაში დავდექით და ის კი არ მიიღეს, რომ ეს რევერანსია, მიიღეს, რომ ეს არის ჩვენი პოზა, რომელიც უნდა დავიკავოთ. ვიღაცებმა ეს ჩათვალეს რევერანსად, წინამორბედებმა და ამ ადამიანმა {კელი დეგნანი} ან შეიძლება სხვა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ეს არის ვალდებულება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა

„ფაქტ-მეტრმა“ კახი კახიშვილის განცხადება გადაამოწმა.

საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგ, აშშ-შიც და ევროპაშიც საუბრობდნენ.

ადამიანის უფლებათა შესახებ ანგარიში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს და სხვადასხვა ქვეყანაში უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას გვთავაზობს. საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებში სასამართლო სისტემის უარყოფით შეფასებებს, როგორც დეპარტამენტის 2012 წლამდე, ისე 2012 წლის შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშებში ვხვდებით.

„ფაქტ-მეტრი“ 2012 წლამდე გამოქვეყნებული ორი ანგარიშის მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ, სადაც სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზეა ყურადღება გამახვილებული.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2010 წლის ანგარიში

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის დასაწყისშივე, სასამართლო ხელისუფლებაზე მთავრობის მხრიდან ზეწოლასა და პოლიტიკური მოტივებით დაპატიმრებულ პირებზე ვკითხულობთ.

დოკუმენტში საუბარია სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებდნენ: დამოუკიდებლობის ხარისხზე, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებაზე, არასათანადო გამოძიებებზე, გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობაზე და ა.შ. ასევე, საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების წუხილზე სასამართლოში დანიშნული პირების არასათანადო გამოცდილებასა და გავლილ სწავლებასთან დაკავშირებით. „წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები განაგრძობდნენ მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და სწავლების პროცესის კრიტიკას მისი გაუმჭვირვალობის გამო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სასამართლო ერთ-ერთ ყველაზე კორუფციულ სახელმწიფო ინსტიტუტად არის მიჩნეული.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ საქართველოს 2011 წლის ანგარიში

დეპარტამენტის 2011 წლის ანგარიშის თანახმად, წლის განმავლობაში გამოკვეთილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ხარვეზები კანონის უზენაესობაში, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნულია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის არარსებობა, სამართალდამცველების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებს რეაგირების გარეშე ტოვებდა. „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, გარე გავლენები სასამართლო სისტემაზე კვლავ პრობლემად რჩება“,- ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე ანგარიშში, კვლავ არის საუბარი, რომ სასამართლო, იმ საქმეებში, სადაც ხელისუფლების ინტერესი იკვეთებოდა, მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოქმედებდა. მსგავსად წინა წლისა, 2011 წლის ანგარიშშიცაა აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეფასებები მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის გაუმჭვირვალე პროცესზე. გარდა ამისა, ანგარიშში პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და სისხლისსამართლის საქმეებზეა ყურადღება გამახვილებული.

როგორც ზემოხსენებული ანგარიშებიდან ჩანს, ამერიკელი პარტნიორები საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სხვადასხვა ფორმით - როგორც 2012 წლამდე, ისე მას შემდეგაც მიუთითებდნენ. საჭიროების მიხედვით, კრიტიკული შეფასებები კეთდებოდა, როგორც ამჟამინდელი, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და ამას არაერთი, მათ შორის - სტატიაში მოყვანილი ანგარიშებიც მოწმობს.

რაც შეეხება კრიტიკას ევროპიდან, მაგალითად გთავაზობთ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის ტომას ჰამარბერგის 2011 ანგარიშის მოკლე მიმოხილვას. დოკუმენტში კომისარი მიესალმება მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რეფორმებს, თუმცა, ამასთან ერთად, მთელ რიგ გამოწვევებზეც საუბრობს.

ანგარიშში სასამართლოს საქმიანობაში არასათანადო ჩარევის გარანტიების შესაქმნელად, ხელისუფლების მხრიდან, შემდგომი ნაბიჯების განხორციელების საჭიროებაზეა ხაზი გასმული. დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული სასამართლოში არსებულ პოლიტიკურ გავლენებსა და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მიუთითებდნენ.

საუბარია პროკურორების მხრიდან დარღვევებზეც. „ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურორები აღძრავენ ან აგრძელებენ სისხლისსამართლებრივი დევნას მიუხედავად პოლიციის მიერ წინასწარი გამოძიების ეტაპზე დაშვებული პროცედურული დარღვევებისა, სერიოზულ განხილვას მოითხოვს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ანგარიშში საუბარია ადვოკატების დაშინების, მათზე ზეწოლისა და დევნის ფორმებზეც, რაც კომისრის შეფასებით, სერიოზულად აფერხებს დაცვის უფლების განხორციელებას და ხელს უშლის ადვოკატებს, ეფექტურად ემსახურონ მართლმსაჯულებას.

კომისარი შეშფოთებას გამოთქვამს პოლიტიკური ნიშნით დევნასთან დაკავშირებითაც. „კომისრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს სერიოზულ ხარვეზებზე, რომლებიც ჩრდილს აყენებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და სამართალწარმოებას ოპოზიციური აქტივისტების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება ამ პირთა მიმართ წაყენებული ბრალი და საბოლოო გადაწყვეტილება“,- ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით 2012 წლამდე არსებული კრიტიკისა, როგორც საერთაშორისო პარტნიორებისგან, ისე ქვეყნის შიგნით, დღეს სასამართლო სისტემაში კვლავ რჩებიან ის მოსამართლეები, რომელთა სახელიც 2012 წლამდე - უსამართლო სასამართლოსთან, დღეს კი ე.წ. კლანთან ასოცირდება. ამის ერთ-ერთი მაგალითი მოსამართლე ლევან მურუსიძეა, რომელთან მოხვედრილ სამ საქმეზეც, მათ შორის - სანდრო გირგვლიანის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. მეტიც, 2022 წლის 22 ოქტომბერს მოსამართლეთა 31-ე კონფერენცია გაიმართა, სადაც მოსამართლეებმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს.

ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში, დასავლელი პარტნიორები საქართველოს მიმართ მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხს ურთიერთობის გაღრმავების ერთგვარ წინაპირობად ასახელებენ. ამაზე მიუთითებს როგორც 19 აპრილის შეთანხმება, ასევე 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საჭირო 12-პუნქტიანი გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი, სწორედ, მართლმსაჯულების რეფორმას ეხება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა და მიმდინარე მოვლენები დასავლელი პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია და ის ნაბიჯები, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას არ ეხმარება, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკას იმსახურებს.

საბოლოო ჯამში, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კახი კახიშვილის განცხადების ის შინაარსი, რომ აშშ-ის წარმომადგენლები საქართველოს წინა ხელისუფლებას სასამართლოს გამო არ აკრიტიკებდნენ, არის ტყუილი. სტატიაში მოყვანილი ანგარიშები მოწმობს, რომ როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლება სასამართლო სისტემის გამო, დასავლელი პარტნიორების მხრიდან კრიტიკას ყოველთვის იმსახურებდა.

ამასთან, საყურადღებოა, რომ კახი კახიშვილის განცხადება, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ და მათგან ფორმალურად გამიჯნული დეპუტატების მიერ დაწყებული ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელებას წარმოადგენს. კერძოდ, კახი კახიშვილის განცხადება შთაბეჭდილებას ქმნის, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები წინა ხელისუფლებებს სასამართლოს გამო არ აკრიტიკებდნენ და ახლა გამოთქმული კრიტიკა ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება. მსგავსი განცხადებებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი სურათის შექმნას, რომ აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევაა. რეალურად, დეპუტატების მსგავსი ბრალდებები დასავლელი პარტნიორების მიმართ, სასამართლოში ობიექტურად არსებული პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას და საზოგადოებაში მათ მიმართ სანდოობის შესუსტებას ისახავს მიზნად.