ანა ნაცვლიშვილი: ევროკავშირს ერთი ოლიგარქი [ბიძინა ივანიშვილი] ჰყავს შეყვანილი „რეესტრში“ და სანქცირების კონტექსტშიც აქვს პოლიტიკური რეზოლუცია მიღებული
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.
რეზიუმე: მიმდინარე წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია მიიღო. მასში შეშფოთებაა გამოხატული ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. დოკუმენტში არაერთ საკითხსა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ რეზონანსულ მოვლენაზეა ყურადღება გამახვილებული.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ასრულებს ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი - ბიძინა ივანიშვილი, მიუთითებს მის კონტროლზე მთავრობაზე, მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში.
რეზოლუცია მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილის დამაზიანებელი როლის გათვალისწინებით, მას პერსონალური სანქციები დაუწესონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ანა ნაცვლიშვილის განცხადება, რომ ევროკავშირს ერთი ოლიგარქი [ბიძინა ივანიშვილი] ჰყავს შეყვანილი „რეესტრში“ და სანქცირების კონტექსტშიც აქვს პოლიტიკური რეზოლუცია მიღებული. არის სიმართლე.
ანალიზი
31 ოქტომბერს იურიდიულ საკითხთან კომიტეტზე „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე მსჯელობა გაიმართა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, „ოცნების“ წევრების განცხადება, რომ „კანონპროექტი არ შეეხება ივანიშვილს“, პირდაპირი განაცხადია იმის თაობაზე, რომ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ 12 რეკომენდაციის შესრულებას არ ემსახურება.
„უწყება, რომლის რეკომენდაციების შესასრულებლადაც არის ახლა პროცესი წამოწყებული, ერთადერთ ადამიანს მიიჩნევს ოლიგარქად, სხვას არავის. არ უთქვამთ მათ, რომ თქვენ აქ რეესტრი უნდა შეადგინოთ, კუდიანებზე ნადირობა გამოაცხადოთ, რაღაც პროცესები წარმართოთ პარლამენტში, ძალიან გასაგებად ჩაიწერა ერთი კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი. შეიძლება არ გინდოდეთ, მაგრამ ეს უკვე შემდგარი ამბავია. მეტიც, ამ რეზოლუციაში ჩაიწერა ევროპარლამენტის მხრიდან, რომ უნდა მოხდეს ამ ადამიანის სანქცირების თემის შესწავლა და დღის წესრიგში დაყენება“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა კომიტეტზე.
ნაცვლიშვილის თქმით, ევროკავშირს ერთი ოლიგარქი [ბიძინა ივანიშვილი] ჰყავს შეყვანილი რეესტრში და სანქცირების კონტექსტშიც აქვს პოლიტიკური რეზოლუცია მიღებული.
„ფაქტ-მეტრმა“ დეპუტატის განცხადება გადაამოწმა.
რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო. მასში ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო შეშფოთებაა გამოხატული.
რეზოლუციაში ყურადღება არაერთ საკითხსა და ქვეყანაში ბოლო პერიოდში მომხდარ რეზონანსულ მოვლენაზეა გამახვილებული. მათ შორისაა:
• 2021 წლის 5 ივლისს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე თავდასხმა;
• „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალება, რომელიც 5 ივლისის ერთ-ერთი თავდასხმის შემდეგ მალევე გარდაიცვალა;
• „5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღირსების მარშის დროს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოვლენილ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ არასათანადო გამოძიება ან სისხლის სამართლებრივი დევნა;
• მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მე-60 ადგილიდან 89-ე ადგილზე გადანაცვლება;
• უსაფრთხოების სამსახურების მიერ ჟურნალისტებზე სავარაუდო თვალთვალი;
• ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელისთვის, ნიკა გვარამიასთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება „რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართული მართლმსაჯულების სისტემისადმი უნდობლობას“.
• „მედიის მფლობელებისა და წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები;
• „ლგბტ+ პირთა უწყვეტი დისკრიმინაცია“;
• „ხელისუფლების მუდმივი თავდასხმები“ სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ და ა.შ.
ამავე რეზოლუციაში ანა ფოტიგას („ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“, ECR), მირიამ ლექსმანისა და („ევროპის სახალხო პარტია“, EPP), პეტრას აუსტრევიჩიუსის (Renew Europe) ინიციატივით შევიდა შესწორება, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის მიზანმიმართული სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას მოიცავს. კერძოდ, რეზოლუცია „მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილის დამაზიანებელი როლის გათვალისწინებით, მას პერსონალური სანქციები დაუწესონ“.
რეზოლუციის თანახმად, „ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს, მიუთითებს მის კონტროლზე მთავრობაზე, მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პერსონალური და ბიზნესკავშირებით კრემლთან, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას განსაზღვრავს.
რეზოლუციაში ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვისკენ მოწოდებას 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი.
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის მიღებიდან მალევე, 17 ივნისს, ევროკომისიამ 12 მოთხოვნა გამოაქვეყნა, რომელთა შესრულების პირობითაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების რეკომენდაცია გასცა. ერთ-ერთი მოთხოვნა „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულების შესრულებას ეხება. კერძოდ, ევროკომისიის თანახმად, საქართველომ უნდა აღმოფხვრას პირადი ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე.
აღნიშნული რეკომენდაცია მმართველი გუნდის მხრიდან მანიპულაციების საგანი გახდა (თუ უშუალოდ ვის მიემართებოდა დეოლიგარქიზაციის მოთხოვნა), რასაც მალევე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე და განმარტა, რომ EU კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს “დებიძინიზაცია” ან “დეივანიშვილიზაცია” სჭირდება: „როდესაც ძირითადი ფიგურები „ქართულ ოცნებაში“ თავს იკატუნებენ და აჩვენებენ, რომ თითქოს არ ესმით, თუ რა ხდება, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ელიტის დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი, მე ვცდილობდი ამეხსნა, რას ნიშნავს ეს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ერთი ქვეყანა ხდება მძევალი და პოლიტიკური სისტემა ხდება ერთი პიროვნების მძევალი, რომელიც ცდილობს ყველაფერი ხელში ჩაიგდოს, მისი საკუთარი პირადი მცველები მინისტრებიც კი ხდებიან და ცდილობს ხელში ჩაიგდოს სამართალი, მედია, ყველამ იცის რა არის ქვეყნის ოლიგარქიზაცია“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ანა ნაცვლიშვილის განცხადება, რომ ევროკავშირს ერთი ოლიგარქი [ბიძინა ივანიშვილი] ყავს შეყვანილი „რეესტრში“ და სანქცირების კონტექსტშიც აქვს პოლიტიკური რეზოლუცია მიღებული, სიმართლეს შეესაბამება.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიაში „ფაქტ-მეტრი“ არ აფასებს, შეესაბამება, თუ - არა, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის სტატუსი. სტატიაში გადამოწმებულია, ნამდვილად მიიჩნევს, თუ -არა, ევროკავშირი (ამ შემთხვევაში, მისი ერთ-ერთი ინსტიტუტი - ევროპარლამენტი) ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად და იყო, თუ - არა, ამ ინსტიტუტის მხრიდან ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდება.