სოციალურ ქსელში ავსტრალიაში მიღებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც Covid-19-ის ოფიცრებს უფლებამოსილებას ანიჭებს, ძალის გამოყენებით „გამოათრიონ ადამიანები სახლებიდან“ და ისინი მათი ნების საწინააღმდეგოდ აცრან.

პოსტში მითითებულ წყაროში საუბარი საკანონმდებლო ცვლილებაზეა, რომელიც დასავლეთ ავსტრალიის (ყველაზე დიდი რეგიონი ავსტრალიაში) საკანონმდებლო ორგანომ განიხილა და 2022 წლის ოქტომბერში მიიღო.

დასავლეთ ავსტრალიის პარლამენტის ქვედა პალატამ (საკანონმდებლო ასამბლეა) 2022 წლის 11 სექტემბერს დაარეგისტრირა და 3 მოსმენით განიხილა გადაუდებელი მართვის (დროებითი Covid-19-ის დებულებები) ცვლილებების კანონი 2022 (Emergency Management Amendment (Temporary COVID-19 Provisions) Bill 2022), რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად ზედა პალატას (საკანონმდებლო საბჭო) იმ დღესვე გადაეცა. ზედა პალატამ 11-დან 19 ოქტომბრამდე პერიოდში გამართა სამი მოსმენა და საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 2022 წლის 21 ოქტომბერს შევიდა.

კანონპროექტით, 2005 წელს მიღებულ გადაუდებელი მართვის აქტსა (Emergency Management Act 2005) და 2016 წელს მიღებულ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტში (Public Health Act 2016) და ასევე სხვა ყველა შესაბამის კანონმდებლობაში შედის ცვლილებები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში და იქ მითითებულ წყაროში საუბარია მიღებული კანონის მე-3 სექციის - უფლებამოსილი Covid-19-ის ოფიცრების (Authorised COVID-19 officers), 77მ (77M) და 77ნ (77N) ჩანაწერებზე, სადაც Covid-19-ის ოფიცრების მიერ საკუთრების კონტროლისა და გამოყენების (77მ) და SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირებული პირების მიმართ ოფიცრების უფლებამოსილების (77ნ) შესახებ არის საუბარი.

აღნიშნული კანონი Covid-19-ის ოფიცრებს აძლევს უფლებამოსილებას, SARS-CoV-2-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაინფიცირებულ ან შესაძლო დაინფიცირებული პირების მიმართ მათთვის მინიჭებული ძალაუფლება გამოიყენონ, რაც გულისხმობს, რომ ოფიცრებს აქვთ უფლება დაინფიცირებულ ან სავარაუდოდ დაინფიცირებულ პირს: (ა) მოსთხოვოს მითითებულ ადგილას დარჩენა მითითებული დროით, (ბ) მოსთხოვოს დაიცვას კარანტინის პირობები იმ დროით და იმ პირობებით რასაც მიუთითებს ოფიცერი, (გ) მოსთხოვოს დაემორჩილოს ინფექციის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის პროცედურებს, იმ გონივრული ვადებისა და პირობების გათვალისწინებით, როგორც მოითხოვს ოფიცერი. (ავსტრალიაში ინფექციის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე).

ამას გარდა, ოფიცერს აქვს უფლება თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, ნებისმიერ შენობასა და სატრანსპორტო საშუალებაში შევიდეს - მათ შორის, ძალის გამოყენებით - თუ ამის საჭიროება იარსებებს.

ოფიცრების უფლებამოსილების ნაწილში, ცვლილებების კანონში ვაქცინაციაზე ან ოფიცრების მხრიდან მოქალაქეების იძულებით იმუნიზაციის უფლებამოსილებაზე საერთოდ არ არის საუბარი.

წყარო, რომელსაც პოსტის ავტორი ეყრდნობა - კანადური გამოცემა Countersignal-ი, თავად აკეთებს ინტერპრეტაციას და განმარტავს, რომ Covid-19-ის ოფიცრების უფლება „მოსთხოვოს დაემორჩილოს ინფექციის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის პროცედურებს“, თავის თავში მოქალაქეების იძულებით აცრის უფლებას მოიცავს. თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ინფექციების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის სტანდარტები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ჰიგიენა და სანიტარია, უსაფრთხო აღჭურვილობა, ვირუსის ნაწილაკებით პოტენციურად დაბინძურებული ნივთები და ნარჩენების მენეჯმენტი და ა.შ. იძულებითი ვაქცინაცია ავსტრალიაში ინფექციის გავრცელების პრევენციისა და კონტროლის მექანიზმს არ წარმოადგენს.

ავსტრალიის მთავრობის ჯანდაცვისა და ხანდაზმულთა ზრუნვის დეპარტამენტის ვებგვერდზე გაკეთებულია ოფიციალური განმარტება, რომ ავსტრალიაში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის ვაქცინაცია და ადამიანებს თავად აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილება, აიცრან, თუ - არა (თუმცა ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში, არის გამონაკლისები, მაგალითად, ავსტრალიაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულოა, მოხუცთა თავშესაფრების და საკარანტინო სასტუმროების თანამშრომლებისთვის, პარაოლიმპიური სპორტსმენებისთვის, რომლებმაც ტოკიოს ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა და ა.შ.).

ცვლილებების კანონი, Covid-19-ის ოფიცრებს აძლევს მთელ რიგ უფლებამოსილებებს, თუმცა მათში არ შედის მოქალაქეების „იძულებით გარეთ გამოთრევის“ და ვაქცინაციის უფლება. შესაბამისად, ქართულად გავრცელებული პოსტი, ისევე როგორც მითითებული წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ mediabiasfactcheck-ის (მედიების და გამოცემების სანდოობის და გამჭვირვალობის გადამმოწმებელი გამოცემა) თანახმად, კანადური გამოცემა Countersignal-ი საეჭვო წყაროს წარმოადგენს, რადგან ის ხშირად შეთქმულების თეორიებსა და ყალბ ამბებს ავრცელებს და მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.