იტვირთება

ირაკლი ქადაგიშვილი: კონგრესმენები, ევროპარლამენტარები გვეუბნებოდნენ: გაისეირნეთ აფხაზეთში, ოსეთში, რატომ უნდა იხოცებოდნენ მარტო უკრაინაში

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება, თითქოს კონგრესმენები და ევროპარლამენტარები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გასეირნებისკენ მოგვიწოდებდნენ, არის ტყუილი. აღნიშნული არის ნაწილი იმ ანტიდასავლური კამპანიისა, რომელიც მმართველმა პარტიამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ განსაკუთრებით გაააქტიურა და საზოგადოებაში შიშის გასაღვივებლად იყენებს.

მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ, თუმცა არცერთ ევროპარლამენტარს ან ამერიკელ კონგრესმენს არ მოუწოდებია ქართველებისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართულიყვნენ, ან ოკუპირებულ რეგიონებში გაესეირნათ.

ანალიზი

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, [უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად] კონგრესმენები და ევროპარლამენტარები ქართველებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „გასეირნებისკენ“ მოუწოდებდნენ.

„ადამიანები საკუთარი ყურით ისმენდნენ, როგორ გვეუბნებოდნენ კონგრესმენები, ევროპარლამენტარები: გაისეირნეთ აფხაზეთში, ოსეთში, რატომ უნდა იხოცებოდნენ მარტო უკრაინაში, თქვენ რატომ არ ხართ საომარ მოქმედებებში“, - განაცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებთან ევროკავშირის ახალი ელჩის საპასუხოდ, რომლის თქმითაც მეორე ფრონტზე განცხადებები სრული სისულელე და აბსურდია.

„ფაქტ-მეტრმა“ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება გადაამოწმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მმართველი პარტია აქტიურად ცდილობს, ომის საფრთხით საზოგადოებაში შიში გააღვივოს. ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერები პოლიტიკურ ოპონენტებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ხშირად ადანაშაულებენ. კერძოდ, მათი გზავნილებია რომ საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო ისჯება და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით; რომ სტრატეგიული პარტნიორები „კრიმინალების მფარველები“ არიან და საქართველოში რევოლუციის მოწყობა სურთ და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნებიდან“ რამდენიმე დეპუტატის გასვლაც (რომლებმაც მოგვიანებით მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს) სწორედ დასავლეთის უფრო მწვავე, ღია კრიტიკასა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებას ემსახურებოდა.

საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნაზე გზავნილები აქტიურად ისმის მმართველ პარტიასთან აფილირებული და პროპაგანდისტულ ტელევიზიებიდანაც (უფრო ვრცლად ამ თემაზე იხილეთ GRASS-ის დეზინფორმაციის ბრიფში - „პუტინის ომი უკრაინაში“).

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება, თითქოს კონგრესმენები და ევროპარლამენტარები აფხაზეთსა და ოსეთში (ცხინვალის რეგიონში) „გასეირნებისკენ“ მოგვიწოდებდნენ, სწორედ ანტიდასავლური კონსპირაციის ნაწილია. სინამდვილეში, არცერთ კონგრესმენს ან ევროპარლამენტარს განუცხადებია, რომ ქართველებმა, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა „გაისეირნონ“.

მსგავსი შინაარსის განცხადება უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ გააკეთა მიმდინარე წლის თებერვალში. „მინდა ქართველებს ვუთხრა, ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა, იქ ნაკლებად იქნებიან ადამიანები, ვინც ამაში ხელს შეგიშლით“, - აღნიშნა მან სატელევიზიო ჩართვისას. იმავე ინტერვიუში დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის საქართველოს მიუბრუნდება, ამიტომ ქართველების ინტერესებში უკრაინელების დახმარება უნდა შედიოდეს.

გონჩარენკომ იმავე შინაარსის პოსტი 26 თებერვალს საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა:

„ძვირფასო, ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია - იქნებ გაისეირნოთ ცხინვალსა და სოხუმში? შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი. მიდით, გამოგადგებათ.

დამპყრობლის მთელი არმია მიიჩქარის უკრაინისკენ, რათა სწრაფად დაასრულოს თავისი მიწიერი მოგზაურობა აქ.

პუტინი სხვა ქვეყნებს კბენს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია. პატარა პრეზიდენტს ხელებიც მოკლე აქვს; ფინეთმა გამოხატა ნატოში გაწევრიანების სურვილი, კრემლი კი მხოლოდ განცხადებებით აშინებს.

ქართველებო, დაიბრუნეთ რაც გეკუთვნით. რუსეთმა წაგართვათ თქვენი მიწები, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით. ძალადობით მიტაცებული ნაქურდალი დიდხანს ვერ გაძლებს“.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაზე ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არაერთხელ გამოეხმაურნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ საქართველოს მეგობრები არიან, ქვეყნის ომში ჩათრევას არ აპირებენ და აღნიშნული მტკიცებები რუსული დეზინფორმაციაა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთის FSB-ს დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს.

ომში ჩართვაზე ბრალდებებს გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერიც და აღნიშნა, რომ აშშ-ს არანაირად არ სურს, საქართველო ომში ჩაერთოს.

„საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა ვიყოთ მკაფიო: აშშ-ს სურს, ისე დაასრულოს ბრძოლა უკრაინაში, რომ უკრაინამ ერთი ინჩიც არ დაკარგოს. ჩვენ არანაირად არ გვსურს, რომ საქართველო ომში ჩაერთოს. ეს [თითქოს აშშ-ს სურს საქართველოს ომში ჩართვა] აბსოლუტურად მცდარია", - დაწერა კინზინგერმა „ტვიტერზე“ 1 აგვისტოს.

ომში ჩათრევაზე ბრალდებებს გამოხმაურება მოჰყვა ევროპარლამენტიდანაც: „ევროკავშირის სახელით, ჩვენი სახელით მსურს გითხრათ, რომ ალბათ ნათელია, რომ ჩვენ თქვენი მხარდამჭერი ინსტიტუცია ვართ და არ გვსურს არავის ომში ჩართვა, პირიქით გვსურს საქართველო ევროკავშირის გზაზე წარმატებული ვიხილოთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა 20 ივლისს საქართველოში ვიზიტისას.

დასკვნისთვის კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ქადაგიშვილის განცხადება, თითქოს კონგრესმენები და ევროპარლამენტარები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გასეირნებისკენ მოგვიწოდებდნენ, არის ტყუილი. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ, თუმცა არცერთ ევროპარლამენტარს ან ამერიკელ კონგრესმენს მოუწოდებია ქართველებისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომში ჩართულიყვნენ, ან ოკუპირებულ რეგიონებში გაესეირნათ.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი