ირაკლი პეტრიაშვილი: საქსტატმა, რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
რეზიუმე: ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს სტატისტიკის სამსახურის საშუალო ხელფასის სტატისტიკის მეთოდიკის შესახებ განმარტავს, რომ ეს მაჩვენებელი შემოსავლების უთანასწორობას არ ასახავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ ჩანს, საშუალო ხელფასის ანალოგიური თუ მასზე ნაკლები ხელფასი რამდენ ადამიანს აქვს. ვითარების სირთულის საილუსტრაციოდ, მას მოჰყავს მტკიცება რომ 130 ათას ადამიანს, „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები საშუალო ხელფასი აქვს. სავარაუდოდ, მისი განცხადება, შემოსავლების სამსახურის ხელფასის სახით მიღებული შემოსავლების სტატისტიკას ასახავს. თუმცა ამ სტატისტიკის მოყვანა საშუალო ხელფასის კონტექსტში - შესაბამისი განმარტების გარეშე, რეალობას არსებულზე უფრო დრამატულად წარმოაჩენს, რადგან აღნიშნულ სტატისტიკაში შედიან ის პირებიც, რომლებიც სრული განაკვეთით არ მუშაობდნენ, ან თუნდაც, დღიური სამუშაოები შეასრულეს. გარდა ამისა, ბუნებრივია, ეს სტატისტიკა არ მოიცავს ე.წ ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულ პირებსაც, რომლებსაც შესაძლოა რეალურად მეტი შემოსავალი აქვთ და ამავდროულად, იმ სამუშაოსაც ითავსებენ, რაც აღრიცხვად ეკონომიკაში შედის. თავის მხრივ, საქსტატის სტატისტიკაში არასრული სამუშაო დღით ან არასრული სამუშაო კვირით დასაქმებულები დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაში მათ მიერ ნამუშევარი დროის პროპორციულად ირთვება.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობაც გვხვდება. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 0-300 ლარის დიაპაზონში ხელფასს, 2022 წლის თებერვალ-სექტემბრის განმავლობაში, უხეშად 80 000 ადამიანამდე იღებდა. ამ დიაპაზონში, 120 000 ადამიანი მოექცა მხოლოდ იანვრის თვეში. სიმართლის ელემენტს შეიცავს განცხადების პათოსი იმის შესახებ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო ხელფასზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებს და ზოგადად, ქვეყანაში ანაზღაურება მაღალი არ არის. შესაბამისად, საბოლოო ჯამში „ფაქტ-მეტრი“ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად მცდარი, რადგან განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა და რიცხობრივი მტკიცება არაზუსტია.
ანალიზი:
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა ხელფასების სტატისტიკასთან დაკავშირებით განაცხადა: „საქსტატმა, რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, ჩვენ გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს. საარსებო მინიმუმი არის 201 თუ 203 ლარი.” აღნიშნული განცხადება მან საქსტატის საშუალო ხელფასის სტატისტიკის კრიტიკის მიზნით გააკეთა, მან ასევე დასძინა: „ეს საშუალო ხელფასის ციფრი - 1 304 ლარი, რაც „საქსტატმა“ გამოიანგარიშა, არის უბრალოდ ის, რომ ტოპმენეჯმენტში თუ ვიღაცას ხელფასი 60 000 ლარი აქვს, მის მუშებს შეიძლება, 400-450-500 ლარი ჰქონდეთ და საშუალო კარგი რიცხვი გამოდის“.
საშუალო ხელფასის სტატისტიკას, საქართველოს სტატისტიკის სამსახური 15000-18000-მდე საწარმოს გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. ეს კვლევა ყველა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ საწარმოს და ორგანიზაციას მოიცავს. კვლევის სუბიექტები არიან საწარმოში/ორგანიზაციაში სრული და არასრული სამუშაო დროით დასაქმებული პირები, რომელთა შრომითი ურთიერთობა რეგულირდება საწარმოსთან/ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით (კონტრაქტით). აქვე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ არასრული სამუშაო დღით ან არასრული სამუშაო კვირით დასაქმებულები, დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაში ირთვება მათ მიერ ნამუშევარი დროის პროპორციულად. მაგალითად, 10 არასრული განაკვეთით დასაქმებული ადამიანის შემოსავლები, სტატისტიკური მიზნებით, შესაძლოა აღირიცხოს 5 სრული განაკვეთით დასაქმებული ადამიანის ექვივალენტურ ანაზღაურებად.
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის და საარსებო მინიმუმის სტატისტიკა, 2015-2022 წლებისთვის, წარმოდგენილია ცხრილ 1-ში.
ცხრილი 1: საშუალო ხელფასის და საარსებო მინიმუმის დინამიკა 2015-2022 წლებში
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ბუნებრივია, იარსებებენ ადამიანები, ვისაც საშუალო ხელფასზე ნაკლები ანაზღაურება აქვთ. მით უფრო, მაჩვენებელი წარმოადგენს დაბეგვრამდე მიღებულ შემოსავალს, შესაბამისად, ხელზე ასაღებ თანხას აკლდება საშემოსავლო გადასახადი 20% და საპენსიო შენატანი 2%.
ირაკლი პეტრიაშვილი ხაზს უსვამს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დათვლილი საშუალო ხელფასის მაჩვენებლის ნაკლოვანებას, რამეთუ ის არ ასახავს რიცხვს თუ რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასის მოცულობის ანალოგიური, ან ნაკლები ხელფასი. ვითარების დრამატულობაზე ხაზის გასასმელად, მას მოჰყავს მტკიცება რომ 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს. აღნიშნული, დიდი ალბათობით, შეესაბამება საქართველოს შემოსავლების სამსახურის სტატისტიკას.
ცხრილი 2: ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის მიმღებთა ფიზიკური პირების განაწილება 2022 წელს, თვიურ ჭრილში, ათასი კაცი
წყარო: საქართველოს შემოსავლების სამსახური
0-300 ლარამდე ხელფასს, თვიურ ჭრილში, დაახლოებით 80 ათასი ადამიანი იღებდა. გამონაკლისი იყო იანვარი, როდესაც 0-300 ლარამდე ხელფასი 120 ათასმა ადამიანმა მიიღო. შესაბამისად, ირაკლი პეტრიაშვილის მიერ დასახელებული რიცხვი (130 000 ადამიანი), რეალურს აღემატება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ შემოსავლების სამსახურის სტატისტიკაში წარმოდგენილი არიან ასევე პირები, რომლებიც სრული განაკვეთით არ მუშაობდნენ, ან თუნდაც, დღიური სამუშაოები შეასრულეს. გარდა ამისა, ბუნებრივია, ეს სტატისტიკა არ მოიცავს ე.წ ჩრდილოვან ეკონომიკაში დასაქმებულ პირებსაც, რომლებიც საშემოსავლო გადასახადის გადამხდელებად არ გვევლინებიან. შესაბამისად, მთლიანი სტატისტიკა ქვეყანაში განსხვავებულია. შესაძლოა, ერთი პირი ასრულებდეს როგორც აღურიცხავ სამუშაოს, ასევე სამუშაოს რომელიც იბეგრება, მაგალითად კერძო ან საჯარო კომპანიებში და მათი ანაზღაურება რეალურზე ნაკლებად იყოს წარმოდგენილი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, განცხადება იმისა რომ 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს, გარდა იმისა რომ ფაქტობრივად არაზუსტია, შესაბამისი განმარტებების გარეშე, არსებულზე დრამატულ წარმოდგენას ქმნის, იმის მიუხედავად რომ შენიშვნა იმის შესახებ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო ხელფასზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებს და ზოგადად, ქვეყანაში ანაზღაურება მაღალი არ არის, სიმართლეს შეესაბამება.