ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს. 2014 წლის მონაცემებით, სოფელში 1604 მკვიდრია. უკვე წლებია, რაც დარბაზს წყლის, გზის და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემა აწუხებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, მოსახლეობა სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ითხოვს.

მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან 2019 წლის თებერვალში გამართულ შეხვედრაზეც სოფელ დარბაზის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველი რიგის პრობლემად სასმელი წყლის მილების რეაბილიტაცია დაასახელა. შეხვედრიდან რამდენიმე თვეში მუნიციპალიტეტის მერიამ მოძველებული ქსელის განახლების სამუშაოები დაიწყო. მუნიციპალიტეტმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია გამარტივებული წესით (CMR190073003) შეიძინა და 900 ლარი გადაიხადა. იმავე წლის ივლისში კი, ასევე გამარტივებული შესყიდვის (CMR190126774) ფარგლებში, 28 992-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. შპს „ხვამლი 2016-მა“ სოფელ დარბაზში სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წლის 2 სექტემბერს ჩააბარა.

აღნიშნული პროექტის განხორციელებამ მოსახლეობას პრობლემა ვერ მოუგვარა. ამიტომ 2020 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერსა და მის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ადგილობრივებმა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კვლავ სოფელ დარბაზში სასმელი წყლის ქსელი გაკეთება მოითხოვეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ, კვლავ გამარტივებული შესყიდვის (CMR200070124) გამოყენებით, მაისში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 1 164 ლარად შეიძინა. ელექტრონული ტენდერი არც სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოაცხადა. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა შპს „უნივერსალი-მ-სთან“, გამარტივებული შესყიდვით (CMR200089871), 37 890-ლარიანი კონტრაქტი დადო. სოფელ დარბაზში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები 2020 წლის სექტემბერში დასრულდა.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის, ჯამში, 69 000 ლარამდე გაიხარჯა. მოსახლეობის ნაწილს წყალი მაინც გრაფიკით მიეწოდება, ნაწილს კი - დიდი შეფერხებით. ბოლნისის მერიის 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასმელი წყლის ახალი ქსელი სოფელ დარბაზის მხოლოდ ერთ უბანზე მოეწყო.

სოფლის მოსახლეობას წყალზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდული აქვს, თუმცა მიმდინარე წლის მარტში გამართულ შეხვედრაზე უმრავლესობამ ხმა სანიაღვრე არხების მოწესრიგებას მისცა. ადგილობრივების თქმით, წვიმის დროს გზაზე წყალი გროვდება და ირგვლივ არსებული ტერიტორია იტბორება.

საინტერესოა, რომ 2019 წელს, შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დროს, მცირე მონაკვეთზე სანიაღვრე არხიც გაკეთდა, თუმცა ამან პრობლემა ვერ მოაგვარა. ამ პროექტისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტს 338 567 ლარი აქვს გადახდილი. ხელშეკრულება ტენდერში ერთადერთ მონაწილე კომპანია შპს „ჩაგელასთან“ გაფორმდა. მუნიციპალიტეტსა და შემსრულებელ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელს, სოფელ დარბაზში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პარალელურად, გზის გასწვრივ სანიაღვრეები უნდა გაეკეთებინა.

კომპანიამ სამუშაოები ვადაგადაცილებით დაასრულა. სანიაღვრე არხი მცირე მონაკვეთზე გაკეთდა, თუმცა დღეს მისი კვალიც კი არ ჩანს, რადგან მოუვლელია, ნაგვით გავსებული და წვიმის დროს წყალს ვერ ატარებს. ამიტომ გზის საფარი ირეცხება და ზიანდება.

სურათი 1. სანიაღვრე არხი, რომელიც აღარ ჩანს

პროექტს სამწლიანი გარანტია აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი 2019 წლის 25 ოქტომბერს გაფორმდა, ვადა რამდენიმე დღეში იწურება. საავტომობილო გზა რომელიც სანიაღვრე სისტემა არაა გაკეთებული, ახლა ასე გამოიყურება.

სურათი 2

მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აღნიშნულ ტენდერთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში ამოვიკითხეთ, მიუთითებს, რომ კომპანიას გაცილებით ნაკლები ღირებულების სამუშაო ჰქონდა შესრულებული, ვიდრე შემსყიდველისთვის წარდგენილ ანგარიშში დააფიქსირა. სხვაობა შპს „ოპტიმალ გრუპმა“ აღმოაჩინა, რომელმაც ობიექტის ინსპექტირება ჩაატარა. გაირკვა, რომ კომპანიას განხორციელებული ჰქონდა არა 346 200 ლარის, არამედ - 338 577 ლარის სამუშაოები. თუმცა ინსპექტირების ანგარიშში ისიც წერია, რომ ხარისხი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოთხოვნებს შეესაბამება.

როგორც ვხედავთ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულმა წყლის სისტემის რეაბილიტაციისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებმა მოსახლეობას სიკეთე ვერ მოუტანა, თუმცა ბიუჯეტის თანხა გაიხარჯა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში (პროგრამული კოდი 02 02 08) სანიაღვრე სისტემების მოსაწყობად 300 000 ლარია გათვალისწინებული.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი დაფინანსების ვალდებულებას იღებს.


მსგავსი სიახლეები

5402 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი