რომან გოცირიძე: ბიუჯეტი 2019 წელს იყო 13,47 მილიარდი ლარი, 2023 წელს იქნება 21,15 მილიარდი ლარი. რეალური მსყიდველობითუნარიანობით ანუ ფასების ზრდის გათვალისწინებით გამოდის მხოლოდ 14,95 მილიარდი [იზრდება 11%-ით] თანაც ამ ზრდაში ბევრია ვალები
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, რომან გოცირიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.
რეზიუმე:2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 60%-ით - 21.3 მლრდ ლარამდე, იზრდება. ამავდროულად, 60%-ითვე იზრდება შემოსავლების საპროგნოზო ნაწილიც. მთლიან შემოსულობებში ვალის წილი მცირდება, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი კი პრეპანდემიურ დონეს უბრუნდება და 2019 წლის მაჩვენებელს უახლოვდება.
სამართლიანია რომან გოცირიძის განცხადების ძირითადი ხაზი, სადაც ის ბიუჯეტის ზრდის ნაწილს ინფლაციით ხსნის, რადგან ზრდის ნაწილი, ბუნებრივია, ნომინალურია. სამომხმარებლო ფასების ინდექსით ანალიზს შესაძლოა მხოლოდ საორიენტაციო სახე ჰქონდეს, რადგან ბიუჯეტი არასამომხმარებლო ხარჯებისგანაც შედგება. მეორე მხრივ, რადგან ფასების ზრდა მაღალი იყო სხვადასხვა ფასების ზრდის ინდექსების მიხედვითაც, რომან გოცირიძის კომენტარი რელევანტურია. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, ბიუჯეტის გადასახდელები 57%-ით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალოწლიური მაჩვენებლის ზრდის პროგნოზი, 2019 წელთან შედარებით - 34.6% გამოდის. შესაბამისად, საორიენტაციოდ, ბიუჯეტის გადასახდელების სამომხმარებლო ფასებით გარეალურების შემთხვევაში, 2019 წელთან შედარებით, რეალური ზრდა 16%-მდე გამოდის.
ანალიზი:
საქართველოს პარლამენტში 2023 წლის პარლამენტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ბიუჯეტის გეგმასთან დაკავშირებით ფეისბუქ პოსტი გამოაქვეყნა: „ბიუჯეტი 2019 წელს იყო 13,47 მილიარდი ლარი, 2023 წელს იქნება 21,15 მილიარდი ლარი. რეალური მსყიდველობითუნარიანობით ანუ ფასების ზრდის გათვალისწინებით გამოდის მხოლოდ 14,95 მილიარდი [იზრდება 11%-ით] თანაც ამ ზრდაში ბევრია ვალები“.
რომან გოცირიძე, ბიუჯეტის გადასახდელების გეგმის სტატისტიკაზე საუბრობს. ბიუჯეტის გადასახდელები წარმოადგენს ბიუჯეტის ანგარიშებიდან გასაცემი ყველა სახის ფულადი სახსრების ერთობლიობას, რაც მოიცავს ხარჯებს, არაფინანსური აქტივების ზრდას, ფინანსური აქტივების ზრდას და პრივატიზაციას. მეორე მხრივ, ბიუჯეტის შემოსულობები საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობას წარმოადგენს. შემოსულობები შემოსავლებისგან, არაფინანსური აქტივების კლებისგან (პრივატიზაცია), ფინანსური აქტივების კლებისა და ვალდებულებების ზრდისგან შდგება.
მიმდინარე მონაცემებით, 2023 წლის ბიუჯეტის გადასახდელების გეგმა 21.15 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 2019 წელთან შედარებით 57%-ით ზრდა გამოდის. მეორე მხრივ, შემოსულობების გეგმა 21.3 მლრდ ლარია, რაც 2019 წელთან შედარებით, 60.7% ზრდაა. ზოგადად, ბიუჯეტის შემოსულობების თუ გადასახდელების ზრდაში ვალის ზრდის გავლენის მითითება მართებული შენიშვნა შეიძლება იყოს. თუმცა, აქ უნდა აღინიშნოს რომ პანდემიურ პერიოდებთან შედარებით, ბიუჯეტის შემოსულობებში ვალდებულებების ზრდის წილი მკვეთრად არის შემცირებული. 2020 წელს, ვალდებულებების ზრდის წილი შემოსულობებში 40.4% იყო, 2021 წელს - 28.65, 2022 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი 22.5%-ს შეადგენს, ხოლო 2023 წლის - 17%-ს. აღსანიშნავია რომ ვალდებულებების ზრდის წილის საპროგნოზო მაჩვენებელი მთლიან შემოსულობებთან 2019 წელთან შედარებითაც მცირდება, როდესაც მაჩვენებელი 17.6% იყო.
უშუალოდ შემოსავლების მუხლი, რომელიც ვალდებულებებს არ მოიცავს, ძირითადად საგადასახადო შემოსავლებისგან შედგება და შესაბამისად, ეკონომიკის ნომინალურ (რაც ნაწილობრივ რეალურ ზრდასაც მოიცავს) ზრდასთან არის დაკავშირებული. 2019 წელთან შედარებით, 2023 წლის გეგმით, შემოსავლები შემოსულობების მსგავსი პროცენტულობით, დაახლოებით 61%-ით იზრდება. შესაბამისად, რომან გოცირიძის განცხადების ნაწილი, სადაც 2019 წელთან შედარებით, ბიუჯეტის ზრდაში ვალდებულებების ზრდაზე მიუთითებს და შესაბამისად, გარკვეულ სტრუქტურულ სისუსტეზე მიუთითებს, საფუძველს მოკლებულია. ასევე, აღსანიშნავია რომ გეგმური მონაცემების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი პრეპანდემიურ დონეს უბრუნდება და მშპ-ს 2.8%-ს შეადგენს, როდესაც 2019 წელს დეფიციტი მშპ-ს 2.9%-ს შეადგენდა. 2020-2021 წლებში ეს მაჩვენებელი 6-9% იყო.
ცხრილი 1: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების დინამიკა 2019-2023 წლებში, მლნ ლარი
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სამართლიანია რომან გოცირიძის განცხადების ძირითადი ხაზი, სადაც ის ბიუჯეტის ზრდის ნაწილში ინფლაციაზე აპეირებს. მიმდინარე მონაცემებით, ინფლაცია კრიტიკულ პრობლემას წარმოადგენს და არსებული პროგნოზებით 2023 წლისთვისაც პრობლემა იქნება (საშუალოწლიური ინფლაცია 4.7%-ს შეადგენს). როგორც მშპ-ს, ასევე ბიუჯეტის შემთხვევაშიც, ზრდის ნაწილი ნომინალურია და ინფლაციის გათვალისწინებით, პირობითად, 2023 წელს, ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარით ნაკლები საქონლის თუ მომსახურების შეძენა იყო შესაძლებელი, ვიდრე 2019 წელს იმავე თანხით. შესაბამისად, „რეალური ბიუჯეტი“ კიდევ უფრო ნაკლებად იზრდება. ამ თვალსაზრისით, ფასების ზრდას საბიუჯეტო შემოსავლებზე ორმაგი ეფექტი აქვს, ერთი მხრივ, ბიუჯეტის ნომინალური საგადასახადო შემოსავალი იზრდება და მეორე მხრივ, ბიუჯეტის რეალური მსყიდველუნარიანობა მცირდება. თუმცა სამომხმარებლო ფასებით ხელმძღვანელობა მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება იყოს გამართლებული, როდესაც საქმე ეხება შრომის ანაზღაურებას, საქონლის და მომსახურების შეძენას, რომელიც სამომხმარებლო ფასების ინდექსში ექცევა და ა.შ. საბიუჯეტო სახსრები ბუნებრივია სხვა სახის ხარჯებსაც ხმარდება, როგორიცაა ეკონომიკური საქმიანობა, ვალების მომსახურება, სხვადასხვა სახის არასამომხმარებლო საქონლის შეძენა და ა.შ. სამომხმარებლო ფასების ინდექსით ანალიზს შესაძლოა მხოლოდ საორიენტაციო სახე ჰქონდეს, რადგან ფასების ზრდა მაღალი იყო სხვადასხვა ფასების ზრდის ინდექსების მიხედვითაც. კერძოდ, სამრეწველო ფასების ინდექსით, მშენებლობის ფასების ინდექსები და ა.შ. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, ბიუჯეტის გადასახდელები 57%-ით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსის საშუალოწლიური მაჩვენებლის ზრდის პროგნოზი, 2019 წელთან შედარებით - 34.6% გამოდის. შესაბამისად, ბიუჯეტის გადასახდელების სამომხმარებლო ფასებით გარეალურების შემთხვევაში, 2019 წელთან შედარებით, რეალური ზრდა 16%-მდე გამოდის.