არჩილ თალაკვაძე: ძირითადი ბერკეტი ახალი ომბუდსმენის არჩევაზე აქვს ოპოზიციას
ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, არჩილ თალაკვაძის განცხადება არის ტყუილი.
რეზიუმე:საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის ასარჩევად საჭირო კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ს გულისხმობს. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებები მას არ შეხებია. რეალურად, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ძირითად ბერკეტს სწორედ ხმის მიცემა და მისთვის გათვალისწინებული კვორუმი წარმოადგენს, ამიტომ მტკიცება, რომ ოპოზიცია განსაკუთრებული პრივილეგიებით აღიჭურვა, საფუძველს მოკლებულია.
რაც შეეხება ცვლილებებს, რაზეც არჩილ თალაკვაძე აპელირებს, ცვლილებები სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ახალი რგოლის - სახალხო დამცველის კანდიდატის შემფასებელი საბჭოს დამატებას, ითვალისწინებს. შემფასებელი საბჭოს დაკომპლექტებაში კანონის თანახმად, მმართველი პარტია და ოპოზიცია თანაბრად არის ჩართული. შესაბამისად, რაიმე სახის პრივილეგიით ოპოზიცია არც ამ მხრივ არის აღჭურვილი. მეტიც, აღნიშნული საბჭოს დაკომპლექტების პროცედურა კანონით არ არის მოწესრიგებული, რაც საბჭოს პარტიული ინტერესებით დაკომპლექტების რისკს აჩენს.
აქედან გამომდინარე, არჩილ თალაკვაძის მტკიცება, რომ ცვლილებებით მმართველ გუნდს მხოლოდ მისთვის სასურველი სახალხო დამცველის ასარჩევად მინიმალური ბერკეტი რჩება და ახალი ომბუდსმენის არჩევის ძირითადი ბერკეტი ოპოზიციის ხელშია, ტყუილს წარმოადგენს.
ანალიზი:
2022 წლის 7 სექტემბერს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების დამტკიცების შემდეგ პარლამენტის რეგლამენტს გარდამავალი დებულება (2283 მუხლი) დაემატა, რომელშიც სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის ახალი წესია წარმოდგენილი.
მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში მაქსიმალურად კომპრომისულები და კონსენსუსზე ორიენტირებულები იქნებიან. ცნობისთვის, მათ კანდიდატის წარდგენაზე უარი განაცხადეს და არაერთხელ აღნიშნეს, რომ ამ პროცესში ოპოზიცია პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.
მმართველი გუნდის პათოსს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძეც იმეორებს. ის მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით, რომელიც მათ ომბუდსმენის შესარჩევად შემოიღეს, მმართველ გუნდს მინიმალური ბერკეტი რჩება, რომ მხოლოდ მისთვის სასურველი სახალხო დამცველი აირჩიოს და ძირითადი ბერკეტი ოპოზიციის ხელშია.
,,ფაქტ-მეტრმა’’ არჩილ თალაკვაძის განცხადება გადაამოწმა.
დამოუკიდებელი სახალხო დამცველის დანიშვნა და ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მოპოვების 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია. „უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ“, - წერია 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ როგორც მათ მიერ კანდიდატის არ წარდგენა, ისე სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილება ოპოზიციას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს. აღნიშნულს კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოქმედი სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი ერთი მხრივ, მიიჩნევენ, რომ ომბუდსმენის ასარჩევად მოქმედი წესის შეცვლის საჭიროება არ იდგა, ხოლო, მეორე მხრივ, შემოთავაზებულ ცვლილებებში საკანონმდებლო ტექნიკის გაუმართაობასა და პროცესის გაუმჭვირვალობის რისკებს ხედავენ.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები სახალხო დამცველის არჩევისთვის საჭირო კვორუმის შეცვლას არ ითვალისწინებს, რაც ბუნებრივია, რადგან აღნიშნული საკითხი საქართველოს კონსტიტუციით არის მოწესრიგებული. კანონის თანახმად, პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს სრული შემადგენლობის 3/5 - ის უმრავლესობით ირჩევს. რადგან დღეს პარლამენტში 90 დეპუტატი არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს და - მათ შორის, არც „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად როგორც მმართველი პარტიის ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა ხმებია საჭირო“
განვითარებულ მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ოპოზიცია ინიციირებულ ცვლილებამდე ისედაც იყო სახალხო დამცველის არჩევის სათანადო გარანტიებით აღჭურვილი. სწორედ ანალოგიური მოწესრიგების ფარგლებში აირჩია პარლამენტმა 2017 წელს ნინო ლომჯარია 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მითითებით, ,,კარგი გამოცდილება იყო, პარტნიორები იწონებდნენ და „ოცნებას“ უბრალოდ შეეძლო არსებული წესი გამოეყენებინა.’’ იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველის არჩევის გადამწყვეტი პროცედურა იგივეა, აზრს მოკლებულია მტკიცება, რომ თითქოს, ცვლილებები ძირითადი ბერკეტებით ოპოზიციას აღჭურავს. თუმცა, ამის მიუხედავად, ,,ფაქტ-მეტრი’’ შეეცდება დაადგინოს, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ის პრივილეგია, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელთა აზრით, შემოთავაზებულ ცვლილებებშია გათვალისწინებული. ამაზე პასუხი პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალ დებულებაში, 2283 მუხლში, უნდა ვეძებოთ.
ამ მუხლის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის შეფასების სამუშაო ჯგუფს, რომელიც შედგება 9 წევრისგან − სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების) წარმომადგენლებისგან. ამ ჯგუფის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასება და ჯგუფი მსურველ პირებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა.
როგორც ვხედავთ, შემფასებელი საბჭოს დაკომპლექტების პრივილეგია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს აქვს, რომელიც დასახელებულ თანამდებობასთან ერთად ,,ქართული ოცნების’’ წარმომადგენელიცაა. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატურების წარდგენის წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს კონსულტაციებს პარლამენტის უფლებამოსილ სუბიექტებთან“. მოქმედი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკითხების დარეგულირება გათვალისწინებულია ერთპიროვნულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ბრძანების ფორმით, ეს გამორიცხავს გამჭვირვალობისა და ჩართულობის მაღალ ხარისხს.
აღსანიშნავია, რომ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან კონსულტაციები მართლაც გამართა (პარტია „საქართველოსთვის’“ წევრი ანა ბუჩუკურს შალვა პაპუაშვილის მიერ სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებზე უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანიც აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული წინააღმდეგობა, ან პრეტენზია, (ჯგუფის დაკომპლექტების შესახებ) არავის მხრიდან არ ყოფილა და თვლის, რომ „თვითონ სია, ნორმალურია“.
რა თქმა უნდა, საბჭოს დაკომპლექტების უფლებამოსილების პარლამენტის თავმჯდომარისთვის მინიჭება იმთავითვე იმას არ გულისხმობს, რომ ეს მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება, რადგან ერთი მხრივ, კანონის აღნიშნული კონსტრუქცია გამართლებულია პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივი როლის გადმოსახედიდან, ხოლო, მეორე მხრივ, იგი კანონით არის დავალდებულებული სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებამდე გაიაროს კონსულტაციები პარლამენტარებთან. ამის მიუხედავად, ბუნდოვანია, კონკრეტულად როგორ დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი. მიხეილ სარჯველაძემ პროექტის წარდგენისას ახსნა, რომ ,“სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვინ გამოთქვამს მასში მონაწილეობის სურვილსა და თანხმობას“. პარალელურად კი, ჩვენთვის ცნობილია, რომ მმართველმა პარტიამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის უფლება არ მისცა „სამართლიან არჩევნებს“ და „საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს“ - მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისინი საჯაროდ დაბლოკა „რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის“ საბაბით. ეს გარემოება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მმართველი პარტია, შემფასებელი საბჭოს სასურველი კანდიდატების დაკომპლექტებით პროცესზე არაპირდაპირი გავლენის მოპოვებას მაინც ახერხებს.
საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ ოპოზიციისთვის სახალხო დამცველის არჩევის პროცესში რაიმე სახის პრივილეგია არც ცვლილებებს არ მიუნიჭებია. პირიქით, საბჭოს დაკომპლექტების პროცესზე პარტიული გავლენების არსებობა გამოიკვეთა. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ძირითად ბერკეტს ხმის მიცემა წარმოადგენს. კანონის თანახმად კი ახალი ომბუდსმენის ასარჩევად როგორც მმართველი პარტიის, ისე საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა ხმებია საჭირო. ანუ, სახალხო დამცველის არჩევის ძირითადი პროცედურა 2017 წლის პროცედურის ანალოგიურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილებებამდე არსებული მოწესრიგების ფარგლებში კონსენსუსის მიღწევა და კომპრომისული გარემოს ჩამოყალიბება ისედაც იქნებოდა არსებითი. შესაბამისად, ამ პროცესში ახალი რგოლის შემოღებას არანაირი შინაარსობრივი ცვლილება, რაც ოპოზიციას უპირატეს მდგოარეობაში ჩააყენებდა, არ გამოუწვევია.